Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად