Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასწორია კონტექსტი, რომ ენტეროვირუსი ასოცირებულია დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან,“ - ინფექციონისტი მეგი კობახიძე

„არასწორია კონტექსტი, რომ ენტეროვირუსი ასოცირებულია დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან,“ - ინფექციონისტი მეგი კობახიძე

ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ ენრეტოვირუსებისა და მოწამვლის განმასხვავებელი და საერთო ნიშნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არასწორია ენტეროვირუსის ასოცირება დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან:

„არასწორია კონტექსტი, რომ ენტეროვირუსი ასოცირებულია დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან. ენტეროვირუსები იწვევენ დაავადებას, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას. ზაფხულის პერიოდში არის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით ან ფაღარათით. მათი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ​ბაქტერიული, პარაზიტული, ასევე ვირ​უსული აგენტები. განსაკუთრებით საყურადღებო ტემპერატურული რეაქცია, შეუპოვარი ღებინება, დიარეა შეიძლება იყოს ბავშვებში, ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.“

მეგი კობახიძის თქმით, ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან გაუწყლოვნების მიმართ, რის გამოც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მათთვის დიდი რაოდენობით სითხის მიღება აუცილებელია:

​ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან გაუწყლოვნების მიმართ. შეუპოვარი ღებინება და დიარეა იწვევს დიდი რაოდენობით სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგს. ბავშვებში ეს განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. როგორც კი მშობელი შენიშნავს, რომ ბავშვს აქვს დიარეა, ღებინება, ტემპერატურული რეაქცია, აუცილებლად უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით სითხის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ სვამს წყალს, საჭიროა გადასხმები.“

„ბავშვი, შესაძლოა, იყოს მივარდნილი, ძილიანი, იყოს მაღალი ჰექტიური ცხელება. ენა იყოს გამომშრალი და ბავშვს უძნელდებოდეს კონტაქტში შემოსვლა. ეს უკვე არის ის საგანგაშო სიმპტომები, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საავადმყოფოში ბავშვის გადაყვანა. ბაქტერიული გამომწვევები უფრო საკვებით ვრცელდებიან. ესეც იწვევს მუცლის ტკივილს, დიარეას, პირღებინებას, ინტოქსიკაციას. დიფერენცირებისთვის, რათა გავიგოთ ​ეს არის ვირუსული, პარაზიტული თუ ბაქტერიული წარმოშობის, საჭიროა ბაქტერიული კვლევები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მეგი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:  ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად