Baby Bag

10 რამ, რაც დედებს აუცილებლად მოენატრებათ

10 რამ, რაც დედებს აუცილებლად მოენატრებათ

დედის ყოველდღიურობა ძალიან დამღლელი და შრომატევადია. დედები ხშირად ოცნებობენ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფაზე, დასვენებასა და განტვირთვაზე. ადამიანები ყოველდღიურობაში ვიკარგებით და ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, რა სწრაფად გადის დრო. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, საკუთარ ცხოვრებას თავად იწყობენ და დამოუკიდებლები ხდებიან. დედების უმრავლესობა გარკვეული დროის შემდეგ სიყვარულით იხსენებს ყველა წვრილმანს ბავშვების ცხოვრებიდან, რომელიც ერთ დროს მათთვის ძალიან დამღლელი და რთული იყო. 

ჩვენს სტატიაში განვიხილავთ 10 რამეს, რაც მომავალში ყველა დედას ენატრება:

1. დედებს ენატრებათ პატარა ადამიანი, რომელიც გამუდმებით შენ ირგვლივ ბრუნავს, უკან დაგყვება, კალთაში გიხტება და მოსვენებას ერთი წამითაც არ გაძლევს.

2. დედებს ენატრებათ საათობით კითხვა ძილის წინ, ვიდრე ბავშვი ტკბილად არ ჩაიძინებს და შუაღამით გაღვიძებული შვილისთვის ჭიქა წყლის მიტანა, როდესაც თავად ქანცგაწყვეტილი ხარ.

3. ყველა დედას ენატრება აბაზანაში, სამზარეულოში, მისაღებში, საძინებელსა და სახლის კიბეებზე გაფანტული სათამაშოები.

4. დედებს ენატრებათ რძის, შოკოლადისა და გემრიელი ორცხობილების სურნელით გაჟღენთილი მანქანით მგზავრობა.

5. დედებს ენატრებათ მოთხუპნული პირისა და ცხვირის, შოკოლადიანი პატარა თითების გასუფთავება.

6. ყველა დედას ენატრება საქმის კეთების დროს გამუდმებული ძახილი: „მიყურე, მიყურე, ნახე, რას ვაკეთებ,“ რაც ერთ დროს მოსვენებას უკარგავდა და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას ართმევდა.

7. დედებს ენატრებათ გვიან ღამით გაღვიძება თინეიჯერი შვილისა და სახლში სტუმრად მოსული მისი მეგობრების სიცილის ხმაზე.

8. ყველა დედას ენატრება ადაპტირებული რეცეპტებით კერძების მომზადება, ხახვის, პომიდვრისა და მწვანილების გარეშე მომზადებული საკვები წუნია შვილებისთვის.

9. დედებს ენატრებათ მაღაზიაში სიარული ტკბილეულზე უსაზღვროდ შეყვარებულ პატარებთან ერთად და გემრიელი შოკოლადებით ხელდამშვენებული ბავშვების ბედნიერი თვალების დანახვა.

10. დედებს ყველაზე მეტად ენატრებათ მოულოდნელი ჩახუტებები, სახლში დამზადებული, ფერადი ნახატებით მორთული მისალოცი ბარათები და ტკბილად ჩაძინებული შვილი მათსავე საძინებლებში ან სულ რაღაც ერთი ოთახის დაშორებით.

მართალია, დედობა მძიმე შრომას და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ის, რაც ყველა დედას უნდა გვახსოვდეს, შემდეგია: შვილებთან ერთად გატარებული დრო ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ დავტკბეთ ყველაფრით, რაც გვაქვს, ყველა იმ სიხარულითა და სირთულით, რაც დედობას ახლავს.

წყარო:​ imom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად