Baby Bag

„კალაპოტიდან ამოვარდნა ძალიან საჭიროა... მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ბავშვებმა დაისვენონ,“ - ინა იმედაშვილი

„კალაპოტიდან ამოვარდნა ძალიან საჭიროა... მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ბავშვებმა დაისვენონ,“ - ინა იმედაშვილი

მასწავლებელმა და წიგნიერების ტრენერმა ინა იმედაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ზაფხულში ბავშვის დასვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ კალაპოტიდან ამოვარდნა ძალიან საჭირო რამ არის. როდესაც კალაპოტიდან ვვარდებით, გარდავისახებით, ვიზრდებით, ვვითარდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ბავშვებმა დაისვენონ და თავად დაგეგმონ თავიანთი თავისუფალი დრო. ეს ისეთი უნარ-ჩვევაა, რომელიც სამომავლოდაც გვჭირდება. თუ ბავშვს ყველაფერს მშობელი უგეგმავს სულ, ის ვერ ეჩვევა რა გააკეთოს. მან უნდა იცოდეს, როგორ ითამაშოს. ხშირად ბავშვმა არ იცის, რა ითამაშოს. 90-იან წლებში ბავშვები რას აღარ ვიგონებდით, სიმინდებით, ბალახებით ვთამაშობდით. ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. მე ზაფხული მიყვარდა იმიტომ, რომ ხშირად ჰერბარიუმებს ვაკეთებდი. ესეც კარგი იქნება ზაფხულში, რომ ბავშვებმა მცენარეები, ფოთლები შეაგროვონ.

თუ ბავშვმა კარგად ვერ დაისვენა, მას სულ ეძინება, მოთენთილია, არ არის აქტიური, სულ წოლა უნდა, გაკვეთილზე წამოწოლილია. შეიძლება ეს აგრესიაში გადაუვიდეს. ძალიან ბევრი პროტესტი აქვთ თანამედროვე ბავშვებს, რომლებიც იღლებიან, ყველაფერს აპროტესტებენ უკვე, დასვენება უნდათ. ბავშვის წიგნირების განვითარებისთვის არ არის აუცილებელი, რომ ვურჩიოთ წიგნი და წაიკითხოს. ეს შეიძლება თავგადასავლად ვაქციოთ. რაიონებსა და სოფლებში არის ძველი ბიბლიოთეკები და ძველი წიგნები. ესტუმრონ ბიბლიოთეკას, ქექონ ძველი წიგნები. ბავშვებს უყვართ ძველი წიგნების სურნელი და ისტორიები ამ წიგნებზე.

სასწავლო პროგრამა სკოლაში ისედაც ისეა აწყობილი, რომ ერთი თვე ძველი მასალის გამეორებას ეთმობა. ბავშვები  ისეთი ყოჩაღები და გონიერები არიან, რომ უცებ გაახსენდებათ, რაც ისწავლეს. ეს ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ზაფხულში კიდევ იგივე რომ ტკეპნონ. ეს უარეს შედეგს მოგვცემს,“- აღნიშნა ინა იმედაშვილმა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად