Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან არის დაშვებული ბავშვისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება? - პედიატრი დავით ჩახუნაშვილი

რა ასაკიდან არის დაშვებული ბავშვისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება? - პედიატრი დავით ჩახუნაშვილი

პედიატრმა დავით ჩახუნაშვილმა ბავშვებში ტონზილების მოშორების საჭიროების განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა:

​რა შემთხვევაში შეიძლება სპეციალისტს გაუჩნდეს აზრი, რომ ტონზილები მოსაშორებელია? ამ დროს საჭირო არის კომპლექსური მიდგონა. პირველ რიგში უნდა ჩაერთოს ზოგადი პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი. გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა კარდიოლოგიც. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ზიანი სტრეპტოკოკმა შეიძლება გულსაც მიაყენოს.“

დავით ჩახუნაშვილის თქმით, მშობელი უნდა დააკვირდეს, რამდენჯერ აწუხებს ბავშვს წელიწადში ტონზილო-ფარინგიტი და როგორია დაავადების მიმდინარეობა:

„მშობელი უნდა დააკვირდეს, წელიწადში რამდენჯერ აქვს ბავშვს ტონზილო-ფარინგიტის შემთხვევა, როგორი მიმდინარეობა აქვს მას. ყოველი ტონზილო-ფარინგიტის დროს ხომ არ უწევს მედიკამენტების გამოყენება და დაავადება ხომ არ მიმდინარეობს ტოქსიურად, მაღალი სიცხით. ​როგორც წესი, წელიწადში 4-5-6 შემთხვევა უკვე საყურადღებოა. ასეთ ადამიანს პედიატრი გადაამისამართებს ოტორინოლარინგოლოგთან და დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, თუ რაიმე უკუჩვენება არ არის, შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება.“

„თუ ტონზილო-ფარინგიტის ტოქსიკური მიმდინარეობაა, ეს ზოგად მდგომარეობაზეც იმოქმედებს. შეიძლება იყოს სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძილის დარღვევები და ა.შ. ტონზილიტის მიმდინარეობისას 8-9 დღე ანტიბიოტიკის მიღებას თუ არ დავიწყებთ, დიდი ალბათობაა, რომ დაზიანდეს გული. არის შემთხვევები, როდესაც ტონზილიტიდან რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, ზიანდება თირკმელი. ვერ ვიტყვით, რომ ტონზილიტი მარტივი სამართავია,“- აღნიშნულ საკითხზე დავით ჩახუნაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად