Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„2 წლის ასაკში ბავშვი აღმოაჩენს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს“

„2 წლის ასაკში ბავშვი აღმოაჩენს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს“

,,ჩვენი ცხოვრება ილუზიების დაკარგვის პროცესია - 2 წლის ასაკში ბავშვი აღმოაჩენს, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს, თუმცა საქართველოში 40 წლის ასაკშიც ასე გვგონია“ - აღნიშულ თემაზე ნეიროფსიქოლოგმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენი ცხოვრება არის ილუზიების დაკარგვის პერიოდი, ფსიქიკური ჯანმრთელობა კი არის ამის უმტკივნეულოდ დაკარგვა:

,,ბუნებრივია, მშობლებსაც აქვთ ილუზიები. ჩემი აზრით, ზოგადად, ჯერ მშობლებს უნდა დავუჭიროთ მხარი და მერე ბავშვებს. მე ბავშვების სპეციალისტად ვითვლები, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვმტკიცდები იმ მოსაზრებაში, რომ მშობლებს სჭირდებათ მხარდაჭერა, მათ სჭირდებათ თერაპია, გაგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. ეს კი სარკისებურად აისახება ბავშვებზე. პუბერტატის პერიოდი იმიტომაა საშიში, რომ ჩვენ საწინააღმეგოდ ვმოძრაობთ, ნერვები გვეშლება, რომ ეს ბავშვი აქამდე, რომ მორჩილი იყო, უცებ გახდა რევოლუციონერი, ყველაფერზე გვეწინააღმდეგება, ვერ გაიგებ როდის ტირის, როდის რა სწყინს, თვითონაც ვერ იგებს რა უნდა. თუ ამ დროს გვეცოდინება მისი საჭიროება, რომ უნდა გაიგოს, გაარკვიოს ვინ არის და ამაში უნდა დაეხმაროს მშობელი. როცა ამაზე ვსაუბრობთ, ჰგონიათ, რომ ბავშვებს ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ, ამბობენ, აბა, ბავშვს ხომ არ შევუზრუდავთ თავისუფლებას, დაითრგუნება. თავისუფლება პასუხისმგებლობაა, რომლის ტარებაც ძალიან მძიმეა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ, რომ ის ირჩევს, არჩევანი თავისუფალია, მაგრამ ამ არჩევანზე აგებს პასუხს,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ. 

წაიკითხეთ სრულად