Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

კვირის განმავლობაში ოთხამდე კვერცხის მიღება სასარგებლო და აუცილებელია - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

კვირის განმავლობაში ოთხამდე კვერცხის მიღება სასარგებლო და აუცილებელია - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ კვერცხის დადებითი თვისებების შესახებ ისაუბრა და განმარტა რამდენი კვერცხის მიღებაა დაშვებული კვირის განმავლობაში:

„კვერცხში ვიტამინების რაოდენობა პიკს აღწევს. ვიტამინი B12-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო კვერცხია. საკმარისია დღეში 2 კვერცხი მიიღოთ და ვიტამინ B12-ის დღიური ნორმის შევსებას შეძლებთ. გარდა ამისა, ვიტამინი B2, იგივე რიბოფლავინი მნიშვნელოვანი ვიტამინია ნერვული ქსოვილისთვის. ორი ცალი კვერცხის მიღება საკმარისად შეავსებს თქვენს სხეულს აღნიშნული ვიტამინის დღიური მარაგით. შეიძლება ითქვას, რომ კვერცხი B ჯგუფის ვიტამინების სერიოზული წყაროა, რაც პირველ რიგში, ნერვული ქსოვილის გამართულ, ჯანსაღ ფუნქციონირებაზე აისახება. კვერცხში დიდი რაოდენობით გვხვდება ელემენტებიც. მასში ფოსფორის შემცველობა უზარმაზარია, ლამის 25%. მასში დიდი რაოდენობითაა კალციუმი, რკინა, თუთია.

რა რაოდენობით კვერცხის მიღება შეიძლება იყოს უკვე ზედმეტი? თუ თქვენ გულის არანაირი დაავადება არ გაწუხებთ, თუ თქვენს სხეულში ცუდი ქოლესტეროლის რაოდენობა მაღალი არ არის, ამ შემთხვევაში დღეში 1-2 კვერცხის მიღება საზიანო არ იქნებოდა, მაგრამ ეს რაოდენობა კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. როგორ მოვიქცეთ, თუ ვართ ჭარბწონიანი, გვაქვს გულის დაავადება ან გვაქვს ათეროსკლეროზი, ქოლესტეროლის მაღალი რაოდენობა? ამ შემთხვევაში კვერცხის დასაშვები რაოდენობა შეიძლება იყოს კვირაში ოთხი. შეიძლება ითქვას, რომ კვირის განმავლობაში ოთხამდე კვერცხის მიღება სასარგელოა. კვერცხი ჩვენს ორგანიზმში ზრდის კარგი ქოლესტეროლის რაოდენობას. კვირაში ოთხამდე კვერცხის მიღება სასარგებლოა და აუცილებელიცაა. ოთხ ცალზე მეტი შეიძლება გარკვეული რისკის შემცველი აღმოჩნდეს იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,“ - მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად