Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

რა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - შვილი სახლში გამოკეტოს თუ პირიქით, არ მოარიდოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს - ამის შესახებ ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

​,,დედები ყოველთვის ჩივიან, რომ მათი შვილები ხშირად ავადობენ. საჭიროა ახსნა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, დღესდღეობით, პირველ ადგილზე არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. ასე არ არის, რომ ახლა ჩაივლის და დამთავრდება. ის გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდეც და მის შემდეგაც ცირკულირებს. ასე რომ, ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და მისი უფროსი წევრები არ ავადდებიან, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. გარკვეულწილად, ეს არის სახადი ინფექცია. ამ შტამს ერთხელ გადაიტანს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს. ვირუსებს რა ახასიათებს - დროთა განმავლობაში მოდიფიცირება. ახლა რომ ყველამ გადაიტანა და იმუნიტეტი გამოიმუშავა, ისევ უნდა მოხდეს მისი ცირკულირება. მას ერთი მიზანი აქვს - გამრავლდეს  გარემოში და მუდმივად იარსებოს. მოდიფიცირებული ვირუსი უკვე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვს. ამიტომ, ის არ უნდა ჩავკეტოთ - ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც უნდა იაროს, რომ შეხვდეს ვირუსი და გადაიტანოს. სოციალიზაცია, პლუს, ნიშნავს იმ მიკრობების, ვირუსების ცოდნასა და შესაბამისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რაც გარემოში კონკრეტულ ეტაპზე არსებობს", - აღნიშნავს ინფექციონისტი.

წყარო: ,,​დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად