Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა ვაქცინაციისას ალერგიული რეაქციის პრევენცია? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

შესაძლებელია თუ არა ვაქცინაციისას ალერგიული რეაქციის პრევენცია? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო ლომიძემ ვაქცინაციის დროს ალერგიული რეაქციის განვითარების რისკებზე ისაუბრა. მან ის ჯგუფები გამოყო, ვისთვისაც ვაქცინაცია უსაფრთხოა:

„ჩამოვთვალოთ, თუ რომელი პაციენტი უნდა აიცრას და რომელი არ უნდა აიცრას. მწვანე შუქი ანთებული აქვთ იმ ალერგიულ პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალერგია საინჰალაციო ალერგენების მიმართ, როგორიც არის ოთახის მტვერი, მცენარეული ალერგენები, მწერის ნაკბენი, საკვები ალერგენები (თხილეული, კვერცხი, რძე, ზღვის პროდუქტები და ა.შ.). ​ასევე დასაშვებია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ასთმის მქონე პაციენტებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი ასთმა კარგად კონტროლირებულია და ვაქცინაციის მომენტისთვის გამწვავება არ აღენიშნებათ. ვაქცინაცია ასევე დასაშვებია მედიკამენტებზე მსუბუქი და საშუალო ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. ყველა ასეთი ალერგიული პაციენტი 30 წუთი იცდის და მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.“

ნინო ლომიძის თქმით, ყვითელ ზონაში ის ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც ვაქცინა ალერგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გაიკეთონ:

„ყვითელ ზონაში არიან ის ადამიანები, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ სიცოცხლისთვის საშიში, ძლიერი სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები რომელიმე ვაქცინაზე, ასევე საინექციო მედიკამენტზე. მოგეხსენებათ, რომ​ ვაქცინაში არის შესაბამისი დანამატები. „ფაიზერის“ შემთხვევაში ეს არის პოლიეთილენ გლიკოლი. აღნიშნულ დანამატზე წარსულში დაფიქსირებული ალერგიის შემთხვევაშიც პაციენტები აუცილებლად უნდა გადამისამართდნენ ალერგოლოგთან. ეს არ ნიშნავს, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ასეთი პაციენტებისთვის ვაქცინაციის ჩატარება.“

ნინო ლომიძემ ის ჯგუფიც დაასახელა, რომლისთვისაც ვაქცინაცია კატეგორიულად დაუშვებელია:

„კატეგორიულად არ უნდა გაკეთდეს ვაქცინაცია იმ პირებში, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დაუფიქსირდა ​ძლიერი ანაფილაქსიური რეაქცია. აქ შემდგომი დოზა არ შეიძლება გაკეთდეს. კვლევების მიხედვით, 70 %-ზე მეტი ალერგიული შემთხვევა განვითარდა გაკეთებიდან 15 წუთის ფარგლებში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნახევარი საათი კლინიკიდან არ უნდა გავიდეს პაციენტი. ანაფილაქსიურ შოკზე როდესაც ვსაუბრობთ, მისი დეფინიცია არის სწრაფი რეაქცია. არ უნდა შეეშინდეს იმ ადამიანს, ვინც ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია დაემართება მეორე დღეს.“

„საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, მაინცდამაინც ​რომ მივიღოთ ანტიალერგიული წამალი ვაქცინაციის წინ, ასეთი რეკომენდაცია არ არის. ცალსახად არის აღნიშნული, რომ თუ რომელიმე ადამიანი რომელიმე ალერგიული პრობლემის გამო, მაგ. ალერგიული რინიტის, სეზონური ალერგიის, სხვადასხვა ასთმური მოვლენების გამო თავის მედიკამენტს იღებს, მათ შორის, ანტიალერგიულ წამალს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის წინ მისი შეწყვეტა არ ხდება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ლომიძემ „Euronews Georgia”-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„Euronews Georgia”

წაიკითხეთ სრულად