Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან, ამ დროს ბავშვის რეალური განცდები იგნორირდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია

ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების შესახებ საუბრობს:

“ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვობის ასაკიდან იწყება, თუმცა ცვლილებები არასდროს არის გვიან. ჩვენ მუდმივად ვიცვლებით. ემოციური ინტელექტის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოდის თვითგანვითარებაზე, თვითგანათლებაზე. სანამ პატარა თვითგანათლებას დაიწყებს, ის თვითგანვითარების პროცესში უკვე ჩართულია იმით, რომ მოძრაობს, მას აინტერესებს, ის სვამს ბევრ კითხვას, ტეხავს, აფუჭებს, ტირის, ბრაზობს. მშობლის მხრიდან უმთავრესია ბავშვის ემოციების შემჩნევა და დანახვა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე შენ შეგამჩნიე შენი ბრაზით, შენი სიხარულით.“

ნინო ახალაიას თქმით, მშობლებს ხშირად არ სურთ შვილების ნამდვილი ემოციების გაგება, რაც ბავშვისადმი მათი ეგოცენტრული დამოკიდებულებით აიხსნება:

„ძალიან ადვილია ბედნიერი ადამიანის მიღება. მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის და ბედნიერი ოჯახის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან. ასეთ დროს იგნორირდება რეალური განცდები. როდესაც პატარა ტირის, პირველი რა ხდება? მაშინვე იწყება ნუგეში, ან კანფეტით, ან შოკოლადით. ბავშვს ეუბნებიან, რომ სადმე წაიყვანენ, გაართობენ. შეიძლება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შვილი რომ ტირის, მაგრამ ეგოცენტრული გადაწყვეტილებაა ბავშვის გაჩუმება. ნუგეში თუ იმას გულისხმობს, რომ მე შენ გაგაჩუმებ, როდესაც ჩხუბობ, ტირი, ექსპრესიული ხარ, ეს ეგოიზმია. პირველი არის მხარდაჭერა იმით, რომ ვკითხოთ ბავშვს: როგორ გრძნობ თავს? როგორ ხარ? რას გრძნობ? რა ემოციები გაქვს?“

„მე, როგორც პრაქტიკოსი თერაპევტი, მოზრდილებთან მუშაობის დროს ხშირად ვაწყდები პრობლემას, როდესაც მათ ვეკითხები: რას გრძნობთ? მათ არ იციან რა მიპასუხონ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არის კონტაქტი საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან,“ - აღნიშნავს ნინო ახალაია. 

წაიკითხეთ სრულად