Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვს ეს ნიშნები აწუხებს, მაშინ ამ ვიდეოს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს

თუ ბავშვს ეს ნიშნები აწუხებს, მაშინ ამ ვიდეოს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მშობლებს ბავშვებში გავრცელებული პრობლემის, ჭიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სასარგებლო რჩევები მისცა:

„ამ ვიდეოში უნდა გითხრა ის, რაც უნდა იცოდეს ყველა მშობელმა. წარმოიდგინე, რომ გყავს სკოლის ასაკის ბავშვი, რომელსაც მადა არ აქვს. ეუბნები, ჭამე საჭმელი, მაგრამ ვერ ჭამს საჭმელს. გყავს ბავშვი, რომელსაც სკოლაში აღარ აქვს კარგი ქულები, მისმა აკადემიურმა მოსწრებამ დაიწია, მეხსიერების პრობლემა აქვს, ძალიან ხშირად ეღვიძება ღამის საათებში, ვერ იძინებს, ძილის პრობლემა აქვს, წონაში იკლებს, აქვს ცისტიტი, არის მუდმივად გაღიზიანებული. თუ ეს აღენიშნება ბავშვს, ამ ვიდეოს უნდა უყურო.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ჭიები საქართველოში გავრცელებული პრობლემაა:

„საქართველოში ჭია ძალიან გავრცელებულია. მისი გამოცნობა საკმაოდ რთულია. ენტერობიოზი არის პარაზიტული ინფექცია, რომელსაც იწვევს ჭია. ბავშვების ლამის მესამედი ცხოვრების რაღაც პერიოდში ამ ჭიით ინფიცირდება. საუბარია სკოლის ასაკის ბავშვებზე. როდესაც ეს ჭია ბავშვს აინფიცირებს, ბავშვი წონაში იკლებს, მუცელი ტკივა, მადა არ აქვს, დილით ნერწყვდენა აქვს, ღამით ვერ იძინებს, ვეღარ სწავლობს. ყველაზე ტიპური ჩივილი არის ანუსის მიდამოში ქავილი, მაგრამ ის ყოველთვის არ გვხვდება. თუ ბავშვს ანუსი არ ექავება, ეს არ ნიშნავს, რომ მას ჭია არ აქვს.“

„როგორ გამოიცნო ეს დიაგნოზი? განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე არ გააკეთო. როგორც წესი, განავალში ეს ჭია კვერცხებს თითქმის არ დებს. მხოლოდ შემთხვევათა 15%-ში შეგვიძლია განავალში ეს კვერცხები ვიპოვოთ. პარაზიტოლოგიის ცენტრში არის სპეციალური ლენტი, გაძლევენ სპეციალურ ლენტს, რომელსაც ყოველ დილიტ გამოიყენებ. თუ ლენტზე ვერ იპოვეს ჭიის კვერცხები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჭია იქ არ არის. ამ ტესტის გაკეთებას რამოდენიმე დღე უნდა, რომ იპოვო ჭიის კვერცხები. ანტიპარაზიტული საშუალებები თვითნებურად არ მისცეთ ბავშვს. ასე შეიძლება ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოთ. ძალიან მარტივია ენტერობიოზით ხელახლა დაინფიცირება. ბავშვმა ყოველ დილით უნდა იბანაოს, საცვალი ყოველდღიურად უნდა იყოს გამოცვლილი, საწოლი ყოველდღიურად უნდა ახლდებოდეს, ფრჩხილები უნდა იყოს დაჭრილი ბოლომდე. ხელსახოციც ყოველთვის გამოცვლილი უნდა იყოს. თუ ასე არ გააკეთე, ბავშვს შეიძლება უმკურნალო, მაგრამ ხელახლა დაინფიცირდება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად