Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

წაიკითხეთ სრულად