Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ემილიას ვიდეოებს იღებდნენ, აშარჟებდნენ, დაცინვის მომენტები იყო...“ - ემილიას მამა ტიკ-ტოკის გამოყენების ნეგატიურ გამოცდილებაზე

„ემილიას ვიდეოებს იღებდნენ, აშარჟებდნენ, დაცინვის მომენტები იყო...“ - ემილიას მამა ტიკ-ტოკის გამოყენების ნეგატიურ გამოცდილებაზე

პოპულარულმა ქართველმა იუთუბერმა ბავშვმა ემილიამ მამასთან ერთად თავისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ემილიას მამის თქმით, ემილიას ბავშვობიდან ბევრი ადამიანი იცნობს:

„რაც ემილიას თავისი თავი ახსოვს, უკვე ძალიან ბევრი ცნობდა. ძალიან კეთილია ემილია. სურათებიც რომ გადაუღიათ მასთან, ასეთი რამ უთქვამს: სურათებს კი იღებენ, მაგრამ მერე მიდიან, არავინ მეთამაშებაო. ასეთი ბავშვია, უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა.“

„კვირაში შვიდი დღე სამუშაო დღეებია. ჩვენ, მშობლები ვაკეთებთ ყველაფერს, ვიდეოების გადაღება, დამონტაჟება. რაც უფრო ყურებადია და რაც უფრო პოპულარული ხდება ადამიანი, ამას ყოველთვის მოჰყვება რაღაც უარყოფითიც. კომენტარებსაც რომ შევეხოთ. 3 თვე გვქონდა ტიკ-ტოკიც. 70 000-ზე მეტი გამომწერი გვყავდა. ემილიას ვიდეოებს იღებდნენ, აშარჟებდნენ, დაცინვის მომენტები იყო, ამიტომ გავაუქმეთ, თვითონ წავშალეთ. არის კომენტარები, რატომ არ გვაქვს მხოლოდ შემეცნებითი ვიდეოები. მარტო შემეცნებითი იყოს ვიდეო, ეს არ არის სწორი, უნდა იყოს გასართობიც. ასევე არის კომენტარები, როდესაც რეკლამაა ვიდეოში ინტეგრირებული. არასდროს არ ვიღებთ რეკლამაში იმას, რასაც თვითონ ჩვენს ბავშვებს არ მივცემთ. ეს ჩვენი პროფესიაა ჩვეულებრივად და ფინანსები თუ არ გვექნება, როგორ გავაკეთებთ?!“ - აღნიშნულ საკითხზე ემილიამ და მისმა მამამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად