Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე და პატრიარქი ერთად ვთამაშობდით დამალობანას,“ - პედაგოგი თამარ შერმადინი

„მე და პატრიარქი ერთად ვთამაშობდით დამალობანას,“ - პედაგოგი თამარ შერმადინი

პედაგოგმა თამარ შერმადინმა, რომელიც სკოლაში 1953 წლიდან კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის პატრიარქთან ერთად დამალობანას თამაშობდა:

„ჩემთვის სოფელი პატარაობიდანვე იყო მიმზიდველი. ბალახი, მცენარე, ყველაფერი მიყვარდა. მანქანით ჩავივლიდი ამ გზაზე, ვიტყოდი: ვაიმე, რა კარგი მხარე არის-მეთქი აქ. მე ორჯონიკიძეში ვიზრდებოდი. მე და პატრიარქმა ერთ წელს დავამთავრეთ, 1952 წელს. დავდიოდით, შავ ხილს ვკრეფდით. მე და პატრიარქი ერთად ვთამაშობდით დამალობანას.“

თამარ შერმადინმა გაიხსენა, როგორ აჩუქეს მას პატრიარქის სურათი:

„რომ ჩავედი, ვუთხარი: „გოგი, შენ ორი გაქვს, მე არცერთი მაქვს. შენ არც იყავ გაჩენილი, მე რომ პატრიარქს ვიცნობდი და ერთი სურათი უნდა მომცე მე.“ მოკლედ, მომცა პატრიარქის სურათი.“

„1953 წლიდან მასწავლებელი ვიყავი. ორი წელია, რაც არ ვასწავლი, რაც ეს კორონავირუსი დაიწყო. მაშინ დავანებე თავი სკოლას. არ ვიცი რამდენი წელი გამოდის, ძალიან ბევრი გამოდის. ნამდვილი მასწავლებელი ის არის, რომელიც გამოიწურება სულ, მაქსიმალურად თუკი რამ შეიძლება და როგორც შეიძლება ცოდნას გადასცემს ბავშვებს. ყოველდღე ძიებაში უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ შერმადინმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად