Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ისეთი საბავშვო ბაღი უნდა შეარჩიოთ, სადაც ბავშვის გართობაზე კი არა, მის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები,“ - თამარ გაგოშიძე

„ისეთი საბავშვო ბაღი უნდა შეარჩიოთ, სადაც ბავშვის გართობაზე კი არა, მის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს საბავშვო ბაღის სწორად შერჩევასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:

​საბავშვო ბაღის მთავარი ფუნქცია არის ბავშვის სკოლისთვის და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების აქტივობა ბავშვისთვის არის თამაში. მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება ნიშნავს ბავშვის თვითკომპეტენტურობის განცდას. ბავშვმა იცის, რომ ის შეძლებს დაბრკოლების გადალახვას. ისეთი საბავშვო ბაღი უნდა შევარჩიოთ, სადაც ბავშვის გართობაზე კი არა, მის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვისთვის თამაშს გართობის ფუნქცია არ აქვს:

„შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ როდესაც ჩვენ ვახსენებთ თამაშს, მას აქვს გართობის ფუნქცია. ამ ასაკში თამაშს არ აქვს გართობის ფუნქცია. ​ექვს წლამდე ასაკის ბავშვისთვის თამაში არის წამყვანი აქტივობა. როგორც ჩვენთვის არის შრომა, ასევე არის მათთვის წამყვანი აქტივობა თამაში.“

„ბავშვს ეტყობა, თუ მისთვის საბავშვო ბაღი კარგი გარემოა. ​ის ბედნიერია, კმაყოფილია, არ წუწუნებს, სიხარულით გარბის ბაღში. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი მისთვის ადეკვატურ გარემოში იმყოფება. ძალიან საინტერესოა კულტურალური განსხვავებები. ქართველი დედა მასწავლებელს ეკითხება: რა ჭამა ბავშვმა? რამე ხომ არ მოუვიდა? რატომ არის დასვრილი? რატომ არის აჩეჩილ-დაჩეჩილი? ფრანგი და ამერიკელი დედა ეკითხება: როგორ იყო მთელი დღის განმავლობაში? რა ისწავლა ჩემმა შვილმა? როგორ ხასიათზე იყო? ჭამა და დასვრილია თუ არა, იმას ნაკლებად აინტერესებს. რა თქმა უნდა, ჰიგიენის დაცვა საბავშვო ბაღში არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. ბავშვის მოვლა არ არის საბავშვო ბაღის ფუნქცია, მისი ფუნქცია არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად