Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ლეიკემიის ადრეული ნიშნები ბავშვებში

ლეიკემიის ადრეული ნიშნები ბავშვებში

ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ლეიკემიის დროს ორგანიზმში ანომალიური თეთრი უჯრედები სისხლში ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. თეთრი უჯრედები უმეტესად ძვლის ტვინში იწარმოება. ლეიკემიის განვითარებასთან ერთად სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა აჭარბებს სისხლის სხვა უჯრედების წარმოებას. ჭარბი ლეიკოციტები ნორმალურად ვეღარ ფუქნციონირებს. სისხლში არსებული ჯანსაღი უჯრედების დეფიციტი ორგანიზმს უამრავ პრობლემას უქმნის, იწყება სისხლდენა, ანემია, ზიანდება ორგანოთა უდიდესი ნაწილი.

ბავშვებში ლეიკემია, როგორც წესი, ათ წლამდე ასაკში ვითარდება. პირველი სიმპტომები, რომლებიც ამ სიმსივნურ დაავადებას ახასიათებს, გაციებისა და გრიპის დამახასიათებელი ნიშნებია. გაციების სიმპტომები ხანგრძლივად რჩება ან ხშირად მეორდება. ბავშვის სხეულზე მოულოდნელად ჩნდება ჩალურჯებები. აღნიშნული ტიპის სიმპტომები, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებითაც იყოს გამოწვეული და არ ახასიათებს მხოლოდ ლეიკემიას. ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა მძიმე გართულებების თავიდან აცილება შეძლოთ.

  • ლეიკემიის ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში

ლეიკემიის სიმპტომატიკა ჭარბი სიმსივნური უჯრედების გავრცელებისა და ჯანსაღი უჯრედების ნაკლებობის გამო ჩნდება. ლეიკემიისთვის დამახასიათებელი ადრეული ნიშნები შემდეგია:

  • თავბრუსხვევა
  • სიცივის შეგრძნება, კანკალი
  • სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავის ტკივილი
  • ფერმკრთალი კანი

სიმსივნური უჯრედების მომრავლება ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ცხელება
  • გაციებისა და გრიპის სიმპტომები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება
  • ინფექციები
  • ლიმფური კვანძების შეშუპება

თრომბოციტების ნაკლებობა სისხლდენის გამომწვევი მიზეზი ხდება. სიმპტომები, რომლებიც ამ დროს ვლინდება შემდეგია:

  • სისხლდენა ღრძილებიდან
  • ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან ხანგრძლივი სისხლდენები
  • კანზე სისხლჩაქცევების მარტივად წარმოქმნა
  • სისხლდენა ცხვირიდან

სიმსივნურმა უჯრედებმა შესაძლოა ძვლებშიც შეაღწიონ, ან ისეთი ორგანოები დააზიანონ, როგორებიცაა: ღვიძლი და ელენთა. სიმსივნის პროგრესირებით გამოწვეული სიმპტომები უფრო მოგვიანებით ჩნდება. ლეიკემიის გართულებული ფორმის სიმპტომები შემდეგია:

  • სახსრებისა და ძვლების ტკივილი
  • ხველება, სუნთქვის გაძნელება
  • მადის დაქვეითება
  • მუცლის შებერილობა
  • ლიმფური კვანძების შეშუპება
  • წონაში კლება

ლეიკემიის ადრეული ნიშნებიდან რომელიმე მათგანის შემჩნევისთანავე ბავშვი პედიატრთან მიიყვანეთ. თითოეული სიმპტომი, შესაძლოა, სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემით იყოს გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან ბავშვის უსაფრთხოება ყველაზე მთავარია. ლეიკემიის ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის დროულად დაწყების საწინდარია, რაც გამოჯანმრთელების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მომზადებულია ​healthgrades.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად