Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შენიშვნებს მაძლევენ: „ის რატომ აცვია ბავშვს, ეს რატომ აცვია,“ ამ ყველაფერს გავდივარ პედიატრთან,“- მარიტა მელიქიშვილი

„შენიშვნებს მაძლევენ: „ის რატომ აცვია ბავშვს, ეს რატომ აცვია,“ ამ ყველაფერს გავდივარ პედიატრთან,“- მარიტა მელიქიშვილი

გიორგი გასვიანის მეუღლემ მარიტა მელიქიშვილმა პატარა გალაკტიონის დაბადების შემდეგ მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

„ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. დილა თუ იწყებოდა სარკეში ჩახედვით, გაპრანჭვით, ახლა იწყება გალაკტიონის ჭამით, მოფერებით, მასზე ზრუნვით და მთელი დღე ასე გრძელდება. ჩვენს ცხოვრებაში მესამე, ყველაზე წმინდა არსება გახდება მთავარი გმირი. სახელს განსაკუთრებულად ვმალავდით. ზოგს არც მოეწონა, რომ გალაკტიონი დავარქვით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი იყო. ვერ ვხსნი, რატომ დავარქვით გალაკტიონი. ჩვენი სიყვარულის დიდი მონაკვეთი გალაკტიონის ლექსებმა შეამკო. ჩვენი სიყვარულის ნაყოფს გვინდოდა გალაკტიონი რქმეოდა. გალაკტიონს რამდენჯერაც უსმენს, თითი აქვს აწეული და ისე უსმენს. იმდენად ჭკვიანი თვალები აქვს, რომ ვფიქრობ, ძალიან დიდი ამბებით გაიზრდება.“

„თავიდან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან რთული, თუნდაც ლაქტაციის პროცესი. აქედანვე მივმართავ ყველა დედას, რომ ისინი არიან გმირები. ვფიქრობ, რომ 19 წლის ასაკთან შედარებით კარგი დედა ვარ. ყველა მეხმარება, ინფორმირებაც მაქვს. ჩვენზე ძალიან ზრუნავენ. სოციალურ ქსელში რასაც დავდებ, ყველაფერს აკვირდებიან. მაძლევენ შენიშვნებს: „ის რატომ აცვია, ეს რატომ აცვია.“ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას. ასეთი აქტივობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, უბრალოდ მე რუსიკოც მეხმარება, მშობლებიც მეხმარებიან, პედიატრთან მაქვს ყოველდღიური შეხება. არის ახალი გაიდლაინები, რომ ბავშვს არ უნდა ეკეთოს ხელთათმანი, არ უნდა ეცვას წინდა, არ ეხუროს ქუდი, უნდა დავაძინოთ ისე, რომ არ იყოს ჩათბილული. ამ ყველაფერს გავდივარ პედიატრთან. მოკლედ, გარშემო ძალიან ბევრი მრჩეველი მყავს,“- აღნიშნულ საკითხზე მარიტა მელიქიშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

წყარო: ​„სიკეთე მარტივია“

წაიკითხეთ სრულად