Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღომი როგორ არის მომზადებული, მას აქვს თავისი მომზადების ტექნიკა,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღომი როგორ არის მომზადებული, მას აქვს თავისი მომზადების ტექნიკა,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ღომის სწორად მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა ის უფრო მარტივად მოსანელებელი იყოს:

„გააჩნია, ღომი როგორ არის მომზადებული. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ღომს აქვს თავისი მომზადების ტექნიკა. ღომს უნდა დიდი ხანი ხარშვა, შემდეგ ე.წ. ჩაზელვა, რომელიც კარგა ხანს უნდა გრძელდებოდეს იმისთვის, რომ ფაფისებური მასა გახდეს. ეს ყოველივე განსაზღვრავს იმას, რომ ის მარტივად მოსანელებელია.“

ლაშა უჩავას თქმით, ღომი მარტივად მოსანელებელი არის იმ მხრივ, რომ მისი მიღების შემდეგ მალევე გვშივდება:

​ღომი მარტივად მოსანელებელია იმ კუთხით, რომ მალევე გვშივდება. ჩვენი ორგანიზმისთვის ღომი მარტივად მოსანელებელი არ არის, იმიტომ, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. ეს გარკვეულწილად ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. აქ ზომიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.“

„რადიკალური გადაწყვეტილება და მკვეთრი შეზღუდვა არ შეიძლება, იმიტომ, რომ დეპრესიულობისკენ წავალთ. ულუფები უნდა შევამციროთ. ვეცადოთ, გადავიდეთ უფრო მსუბუქ საკვებზე. ეს არის რძის ნაწარმი, მოხარშული ხორცი და ბოსტნეული. უკვე გებჟალიის დროც მოვიდა. დღესასწაული კი არა, იანვარი თვესასწაულად გვაქვს ქცეული,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად