Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც მშობელი არის მორალისტი და მორალის სფეროდან ელაპარაკება შვილს, ეს ახშობს იმ შინაგან იმპულსებს, რომელიც ურთიერთობისთვისაა საჭირო,“ - ნანა ჩაჩუა

„როდესაც მშობელი არის მორალისტი და მორალის სფეროდან ელაპარაკება შვილს, ეს ახშობს იმ შინაგან იმპულსებს, რომელიც ურთიერთობისთვისაა საჭირო,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის ოჯახის როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში მშობელთან გატარებული 20 წუთიც კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჩამოყალიბებაზე:

„ახლა ხშირად არის, რომ ოჯახს დამხმარე ჰყავს, შეიძლება ძიძა იყოს, დიასახლისი და ა.შ. როდესაც ბავშვები შინ მიდიან, ისინი არ არიან მარტო. ძიძა არის ოჯახში, თუ დამხმარე არის, ის ისეთ გავლენას, ზემოქმედებას ბავშვის აღზრდაზე ვერ ახდენს, როგორც თუნდაც რამოდენიმე წუთით მშობელთან ურთიერთობა. კვლევებით დადასტურებულია, რომ სულ 20 წუთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა მშობელმა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს გაკვეთილების მომზადება, დახმარება, გამოკითხვა. ინიციატივა, თუ რა ტიპის იქნება ეს ურთიერთობა, ბავშვისგან უნდა მოდიოდეს. ​მშობელი მას თავზე არ უნდა ახვევდეს თავის სურვილს.“

​ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვთან მორალის სფეროდან ლაპარაკი ახშობს იმ იმპულსებს, რომელიც ურთიერთობისთვის არის საჭირო:

„ერთი მშობელი მეუბნებოდა, რომ მამა სახლში დაბრუნებისას ბავშვს ეუბნება: „აბა, რა წაიკითხე დღეს?“ „აბა, გეყოფა ტელევიზორთან ჯდომა, შედი ოთახში.“ როდესაც მშობელი არის მორალისტი და მორალის სფეროდან ელაპარაკება შვილს, ეს ახშობს იმ შინაგან ინიციატივას, იმპულსებს, რომელიც ურთიერთობისთვისაა საჭირო. ნელ-ნელა ამით მშობლები ბავშვებს კარგავენ, ურთიერთობებს კარგავენ. ოჯახმა რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე დააყენოს. ზრდასრული ადამიანის ქმედების ყველა ვექტორი პიროვნებად ჩამოყალიბებისკენ უნდა იყოს მიმართული.“

„ერიკ ერიკსონის მიხედვით, ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიები არსებობს. თუ რომელიმე ასაკობრივი სტადია წინააღმდეგობრივი აღმოჩნდება, ამის ფიქსაცია მოხდება და შესაძლოა, ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ასაკის სირთულე თავის თავში ატაროს. თუ მან ამის გადალახვა შეძლო, დიდი ძალისხმევა სჭირდება ამისთვის. ძალიან დიდ დახმარებას უწევს მოზარდს მხატვრული ლიტერატურა. ეს უდიდესი დამხმარე ძალაა აღზრდის პროცესში. ახლა წიგნების ბაზარზე ისეთი მდარე ხარისხის ლიტერატურას წააწყდები, რომ შეიძლება ადამიანი დაანგრიოს, არამცთუ პოზიტიური როლი შეიტანოს პიროვნულ ზრდაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე​ ნანა ჩაჩუამ „ქართული არხის“ გადაცემაში „ფიქრი ხმამაღლა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ქართული არხი“

წაიკითხეთ სრულად