Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არიან პაციენტები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც კოვიდის შემდეგ პირველად ემართებათ გართულებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ,“ - ნინო ჟვანია

„არიან პაციენტები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც  კოვიდის შემდეგ პირველად ემართებათ გართულებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ,“ - ნინო ჟვანია

კარდიოლოგმა ნინო ჟვანიამ კორონავირუსის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდ-19 ამ მხრივ ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსაც უქმნის პრობლემებს:

„ჩვენთან პაციენტები ძირითადად მოდიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებით კოვიდის გამო. ეს არის საკმაოდ რთული გართულებები. გარდა იმისა, რომ ვისაც მანამდე ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ​არიან პაციენტები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც პირველად ემართებათ გართულებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ სწორედ კოვიდის შემდეგ. რა არის ეს გართულებები? ძალიან ხშირია მიოკარდიტი. პერიკარდიტები, სითხის ჩადგომა პერიკარდიუმის ღრუში, სამწუხაროდ, ესეც ხშირია. დადგინდა, რომ გულის მიოკარდიუმის შეკუმშვად კუნთს ურტყამს კოვიდის ვირუსი და ხდება ამ კუნთების გაგლეჯა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შემთხვევებშია. ასეთ შემთხვევაში მძიმე მიოკარდიტი და მძიმე გულის უკმარისობა ვითარდება.“

ნინო ჟვანიამ აღნიშნა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისგან ქალბატონები უფრო დაცულები არიან, ვიდრე მამაკაცები:

„ქალბატონები ესტროგენების გამო უფრო დაცულები არიან. მამაკაცებში უფრო რთულად მიდის ეს ყველაფერი, სიკვდილობაც უფრო მაღალია. პოსტკოვიდურ ეტაპზე ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ​ყველა უკვე იმდენად არის შეშინებული, რომ ისინიც კი, ვინც მსუბუქად გადაიტანა კოვიდი, მოდიან შესამოწმებლად. კოვიდის შემდეგ ერთ-ერთი ​ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება არის თრომბოემბოლია. ყველა პაციენტმა კოვიდის გადატანის შემდეგ ჩაიტაროს კვლევები: კოაგულოგრამა, D-დიმერი, ფიბრინოგენის კონცენტრაციის განსაზღვრა, რომ თრომბოემბოლიის აცილება მოხდეს თავიდან.“

„ითვლება, რომ გულის დაავადებების უმეტესობა სიყვარულის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. ენერგეტიკული ურთიერთობა ყველაზე ძლიერად ითვლება. როდესაც ადამიანი პოზიტიური ენერგიით არის შენდამი განწყობილი და შენც ასე ხარ მისდამი, ეს ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. იაპონელების მიერ აღწერილია გაბზარული გულის სინდრომი. ​ეს ემართებათ ძირითადად ქალბატონებს, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, ახლობლები. ეს აღდგენას ექვემდებარება. ასეთი დაავადება არის აღწერილი და ცალსახად ეს არის მისი ეტიოლოგია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად