Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოვარიდოთ ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად თამაშს, ცოტა უნდა გავძლოთ,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მოვარიდოთ ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად თამაშს, ცოტა უნდა გავძლოთ,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მშობლებს პანდემიის დროს ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის წესებს აცნობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ბავშვები სუფთა ჰაერზე გავიდნენ, თუმცა გარკვეული წესების დაცვით:

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ​ბავშვი გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ გარკვეული დროებით. მე ორი დღის წინ მომიწია რუსთაველზე გავლა საქმესთან დაკავშირებით. იქ იყო ყველა ასაკის ბავშვი სხვადასხვა აქტივობით დაკავებული. იღებდნენ ქუჩაში მომზადებულ პოპკორნებს, ნაყინს და ა.შ. ასეთი აქტივობებით თუ გავიყვანთ ბავშვებს ჰაერზე, ჩვენ აუცილებლად ხელს შევუწყობთ ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას. მესმის ​ონლაინ გაკვეთილებია, ეკრანდამოკიდებულებაა, დიდი სტრესია ეს როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. მეტ-ნაკლებად დღევანდელი ​ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნახევარი საათით მაინც გავიყვანოთ ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ სივრცეში.“

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებმა ჯგუფ-ჯგუფად არ უნდა ითამაშონ:

„ პირველ რიგში, მოვარიდოთ ბავშვები ერთმანეთს, რომ ჯგუფ-ჯგუფად არ ითამაშონ. ცოტა უნდა გავძლოთ. მე ვიმედოვნებ, რომ ადრეული ზაფხულის პერიოდში, ივნისის თვიდან ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს.“

„ჩემი რეკომენდაცია არის ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ წესებს იცავს, ალბათ, მოსახლეობის 10-15 %. სხვა იმუნომოდულაციური საშუალებები პედიატრიულ პრაქტიკაში პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ეს ტყუილი და ზედმეტი ხარჯია. სჯობს ისევ სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, რომ ბავშვს გაუუმჯობესდეს იმუნიტეტი. ​მთავარია, არ ავყვეთ პანიკას, ბავშვებიც დავამშვიდოთ. ბავშვებს უნდა მოვუყვეთ თავგადასავლები, კურიოზები. მშობლები, ბებიები და ბაბუები ამით უნდა დავკავდეთ. პანიკისგან გათავისუფლება, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს ბავშვის იმუნობიოლოგიური აქტივობის გაუმჯობესებას,“ - აცხადებს თემურ მიქელაძე. 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად