Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ ამ დინამიკით წავალთ, წლის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რომ პანდემია დასრულებულია,“- ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

„თუ ჩვენ ამ დინამიკით წავალთ, წლის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რომ პანდემია დასრულებულია,“- ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კოვიდ 19-ის პანდემიის დასრულების შესაძლო თარიღი დაასახელა:

„ჩვენ გვახსოვს, იყო მოსაზრება, რომ ომიკრონმა შესაძლებელია დაასრულოს პანდემია. საკმაოდ რეალისტური სურათია ახალ ჩვენ თვალწინ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონის ტალღამ გადაიარა, მკვეთრად უმჯობესდება ვითარება. მათ შორის არის საქართველოც. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ქვეყანაში, ევროპის რეგიონში არის სტაბილური ეპიდსიტუაცია. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავალთ, წლის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რომ პანდემია დასრულებულია და მეტ-ნაკლებად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს.“

„ეს რომ მოხდეს, ამისთვის რამოდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. ეს ხელს უწყობს ახალი შტამების წარმოქმნის რისკების შემცირებას. დელტაკრონის ახალი შტამი შეიცავს როგორც დელტასთვის, ასევე ომიკრონისთვის დამახასიათებელ გენეტიკურ მასალას. იყო მოსაზრება, რომ მას ისეთივე აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებდა, როგორც დელტას და ისეთი სწრაფი გავრცელება, როგორიც ომიკრონს. არსებული კვლევებით, საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ ის არ არის ისეთი სახიფათო, როგორც დელტა და ომიკრონი. ის რამოდენიმე კვირაა უკვე არსებობს და სულ რამოდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამიტომ, დელტაკრონი არ წარმოადგენს ისეთ მასშტაბურ საფრთხეს, როგორიც იყო ომიკრონი და დელტა,“- აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად