Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პოსტკოვიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა,“- ყარამან ფაღავას რეკომენდაციები მშობლებს

„პოსტკოვიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა,“- ყარამან ფაღავას რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში პოსტკოვიდის ერთ-ერთ სიმპტომზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებს კოვიდის შემდეგ ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა ახასიათებთ:

„პოსტკოვიდური სინდრომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის, ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა, შესაბამისად ქცევის. ამას რა ეშველება? წამლის იმედი მაინცდამაინც არ მაქვს. ამას სჭირდება ქცევითი თერაპია. პირველ რიგში, მეტი ყურადღება, მეტი ალერსი, მეტი გართობა. გართობაში არ ვგულისხმობ მეტ სათამაშოს. მამას, დედას თუ სცალია, უნდა მოხდეს ბავშვის აგრესიის გადართვა.“

​ბავშვებში არის ასევე ეჭვიანობის მომენტი. ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ გეყოლება დაიკო ან ძამიკო, შენ უფროსი ხარ, შენ პირველი ხარ, შენ ყველაზე საყვარელი ხარ, შენ მომეხმარები, შენ უნდა დაიცვა პატარა. ბავშვები ამას ძალიან კარგად იგებენ. ჩემს ახლობელს გოგონა ჰყავდა პირველი, მეორე ბიჭი ეყოლა. ბავშვმა უთხრა, ახლა, ალბათ, ნაკლებად გეყვარებითო. მამამ უთხრა, შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარო, ბავშვი დაწყნარდა,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად