Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა სიმპტომები ახლავს თან ანემიას და როგორია დიაგნოსტირების მეთოდები „ნიუ-ჰოსპიტალსში“?

​რა სიმპტომები ახლავს თან ანემიას და როგორია დიაგნოსტირების მეთოდები „ნიუ-ჰოსპიტალსში“?

ჰემატოლოგიურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანემიაა. იგი ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, რაოდენობა ან სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული.

ამ თემაზე MomsEdu.ge-სუფრო დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ​აიდა გოზალოვა​ ესაუბრა.

- როგორია ანემიის ტიპები და რა იწვევს დაავადებას?

- ანემიის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება დაავადების ტიპების მიხედვით. პრაქტიკაში გვხვდება:

  • რკინადეფიციტური ანემია;
  • ვიტამინდეფიციტური ანემია (ვიტამინ B12 და ვიტამინ B9 - ფოლიუმის მჟავა);
  • მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების ფონზე განვითარებული ანემია;
  • ონკოლოგიური დაავადებების დროს განვითარებული ანემია;
  • ძვლის ტვინის დაავადებებთან ასოცირებული ანემია.

- ვინ შედის დაავადების რისკ-ჯგუფში?

- გაზრდილი რისკის ქვეშ არიან: 65 წელს გადაცილებული ადამიანები, ნაწლავური პრობლემების მქონე ადამიანები (მაგალითად, კრონის დაავადება, ცელიაკია), ორსული ქალბატონები და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

რა სიმპტომები ახლავს თან ანემიას?

- ანემიის გავრცელებული სიმპტომებია: მარტივად დაღლა და საერთო სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე, გულის რიტმის დარღვევა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და ა.შ.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებას?

- ორსულების შემთხვევაში შესაძლოა დაავადებას მოჰყვეს ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები. ამასთანავე, გულთან დაკავშირებული პრობლემები (არითმია, გულისცემის სიხშირის გაზრდა).

არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ანემიის ტიპებიც, მაგალითად, ნამგლისებუჯრედოვანი ანემია.

- როგორია ანემიის დიაგნოსტირების მეთოდები „ნიუ-ჰოსპიტალსში“?

- პირველ რიგში, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი. ასევე, უნდა შეგროვდეს ანამნეზი და ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები (იგულისხმება ფერიტინის, ვიტამინ B12-სა და ფოლიუმის მჟავის განსაზღვრა). დიაგნოზის დასმის შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ პაციენტს ანემია აქვს, დაავადების გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინიშნება დამატებითი კვლევები, შემდეგ უკვე განვსაზღვრავთ მკურნალობის მეთოდებს.

თუ ანემია ანთებითი ქრონიკული დაავადებების ან ონკოლოგიური დაავადებების დროსაა განვითარებული, ფერიტინის კონტროლი არ არის მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში ტარდება სხვა კვლევები რკინის დეფიციტის დადასტურებისთვის. იშვიათ შემთხვევაში, საჭიროა ძვლის ტვინის ნიმუშის აღება და მისი გამოკვლევა.

„ნიუ-ჰოსპიტალსი“ იძლევა ანემიის მკურნალობის შესაძლებლობას, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ რეჟიმში.

ამასთან ერთად, „ნიუ-ჰოსპიტალსში“ შესაძლებელია ჰემატოლოგიური დაავადებების სრული სპექტრით მკურნალობა.

- შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია?

- ანემიის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვებითი რაციონი, რომელიც გამდიდრებულია რკინით, ფოლიუმის მჟავით და ვიტამინ B12-ით. რეკომენდებულია მივიღოთ ხორცი, პარკოსნები, რკინით გამდიდრებული მარცვლეული, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი და ა.შ.

R. 

წაიკითხეთ სრულად