Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას" - დავით ვადაჭკორია

,,ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას" - დავით ვადაჭკორია

,,მშობელს რაც შეეხება, ყოველთვის შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომ ბავშვია, რა მოხდა, ყველა ასე ერთობა, მეც ასე ვიყავი - ეს, სამწუხაროდ, არის ძალიან მძიმე დანაშაული მოზარდის წინაშე - როდესაც სარისკო ქცევას ყურადღების გარეშე ტოვებს მშობელი. ეს შეიძლება, მას მომავალში ყოველთვის ძვირად დაუჯდეს", - ამის შესახებ ნარკოლოგმა, პროფესორმა დავით ვადაჭკორიამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,აქედან გამომდინარე, მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც მოზარდთან გვაქვს საქმე, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან გვაქვს საქმე, ნებისმიერი ზედმეტი დატვირთვა, ნებისმიერი ზედმეტი დარტყმა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს ისეთ ფსიქიკურ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა, წლების განმავლობაში ვერ ვმართოთ და მივიღოთ მძმე შედეგები. 

რა არის ალკოჰოლი, რა ხდება ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში მოზარდთან მიმართებით - ის იწვევს ბედნიერების ჰორმონის ხელოვნურ განლევას, მოზარდს ხდის  მიდრეკილს დეპრესიული აშლილობების მიმართ. ალკოჰოლი და დეპრესია ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დღეს მსოფლიო მოსახლეობის 7-8 %, განსაკუთრებით, კორონაინფექციის შემდეგ, იტანჯება დეპრესიით. ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას, ორგანიზმი კი უფრო ხშირად გვთხოვს ალკოჰოლის მიღებას, რათა ბალანსი შევავსოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ დარტყმებს ვაყენებთ ისეთ ცენტრებს, რომლებმაც შესაძლოა, შემდგომ პერიოდში სერიოზული პრობლემები შეუქმნას ახალგაზრდას", - აღნიშნა ვადაჭკორიამ.

წყარო: ,,​პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად