Baby Bag

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

დისციპლინის უამრავი განსხვავებული მეთოდი არსებობს, რომლებსაც მშობლები აქტიურად იყენებენ. დისციპლინის ტიპი, რომელსაც მშობელი ირჩევს, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა უფრო მუშაობს მათი შვილების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ საზღვრების დაწესება და დისციპლინის ძლიერი სტრატეგიების შემუშავება ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს. მშობლები მცირეწლოვან ბავშვებზე ფიქრობენ, რომ ისინი დისციპლინისთვის მეტისმეტად პატარები არიან და მათ გაზრდას ელოდებიან, რაც, შესაძლოა, შეცდომა იყოს.

ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მას თვითდისციპლინას აჩვევს, რაც მას სწავლაში ძალიან ეხმარება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისგან მეტი წინააღმდეგობა შეგვხვდება და ქცევის შეცვლაც მეტად გაგვიჭირდება. როდესაც ბავშვი დისციპლინით იზრდება, ეს მისი ცხოვრების წესი ხდება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება საჭირო აღარ არის.

ხშირად, როდესაც დისციპლინაზე ვფიქრობთ, ოჯახში არსებულ წესებს განვიხილავთ, თუმცა მასში ბევრად მეტი რამ უნდა მოვიაზროთ. დისციპლინას, რომელსაც ბავშვებს ვუნერგავთ, ისინი მთელი ცხოვრება თან დაატარებენ და საზოგადოებაში ყოფნისას იყენებენ. დისციპლინა გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე სათამაშო მოედანსა და სკოლაში. თუ ბავშვს დისციპლინას ადრეული ასაკიდანვე არ მივაჩვევთ, სკოლაში წასვლისას მათ არ ექნებათ ქცევის წესები შემუშავებული, რის გამოც ქცევა პრობლემური გახდება. ისინი ისეთ გარემოში აღმოჩნდებიან, სადაც განსაზღვრული წესები მოქმედებს. ბავშვს არ ექნება გამოცდილება, როგორ მოერგოს ამ წესებს.

ვინც თვლის, რომ ადრეულ ასაკში დისციპლინა ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთია, ხშირად დისციპლინას და დასჯას ერთმანეთთან აიგივებს. დისციპლინა საზღვრების დაწესებაა, რაც 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გასაგებია. საზღვრების დადგენა ბავშვს კარგისა და ცუდის გარჩევას ასწავლის, რაც მას ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგოთ.

წყარო: ​Moms.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„რეკომენდებულია 7-8 წლის ასაკიდან მოხდეს მეორე ენის დამატება“ - როდიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა სხვა ენის შესწავლა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს? ​

„რეკომენდებულია 7-8 წლის ასაკიდან მოხდეს მეორე ენის დამატება“ - როდიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა სხვა ენის შესწავლა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს? ​
რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი ბავშვს დავაწყებინოთ უცხო ენის შესწავლა, უწყობს თუ, პირიქით ხელს უშლის, სკოლამდელი ასაკის ბავშვის სწორად განვითარებას დამატებითი ენების შესწავლა? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი.

​- ქალბატონო ეკა, ხშირად მშობლები ადრეული ასაკიდან (3 წლიდან) ცდილობენ პატარებს დააწყებინონ უცხო ენის შესწავლა. ფსიქოლოგიური კუთხით რამდენად მიზანშეწონილია ბავშვებისთვის?

- იმ მოსაზრების გამო, რომ ბავშვს ადრეულ ასაკში მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია დაეუფლოს უცხო ენას, ხშირად ხდება, რომ მშობლები ირჩევენ უცხოენოვან ძიძას, დიდი დოზით აყურებინებენ უცხოენოვან მულტფილმებს ან შეჰყავთ საბავშვო ბაღში, სადაც 2-3 ენის შესწავლას სთავაზობენ.
ჩნდება კითხვა: რამდენად უწყობს მსგავსი არჩევანი ბავშვის განვითარებას ხელს და იღებს თუ არა მშობელი იმ შედეგს რასაც ელოდა?

​მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სასურველია ბავშვმა პირველ ეტაპზე მეტყველება დაიწყოს მშობლიურ ენაზე, გაიაროს ყველა ის ეტაპი, რაც ნამდვილი მეტყველების ფორმირებას უწყობს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს დამატებითი ენის შეტანა. კერძოდ: ერთი წლის, წლინახევრის ასაკიდან ბავშვს უნდა შეეძლოს სიტყვების მიზანმიმართული გამოყენება. ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი ახდენს თავის ცხოვრებაში უდიდეს აღმოჩენას, ხვდება, რომ ყველა საგანს თავისი სახელი ჰქვია, ანუ იწყებს სიტყვის სიმბოლური მნიშვნელობის გაგებას, რაც მჭიდრო კავშირშია ბავშვის აზროვნებასთან. ამ დროს ხდება ე.წ „ინტელქტუალური გადატრიალება“. ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი საოცარი სისწრაფით იწყებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. ორი წლიდან იწყება სიტყვათა გაერთიანება წინადადებებში, მარტივი წინადადებების ფორმირების ეტაპი. ამ დროს ცოცხალ, პირისპირ კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ეს არის პერიოდები, რომელსაც გადის ყველა ბავშვი და ასაკობრივ განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად ხდება ერთი ენობრივი სისტემის ათვისება, რომელიც დაახლოებით 5-6 წლამდე პერიოდში ფორმირდება.
- როდიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა სხვა ენის შესწავლა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?
- 5-6 წლის ბავშვთან კონკრეტული ენის სისტემა მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებულია. ამ დროს ბავშვს უკვე გავლილი აქვს გრამატიზაციის, მრავალსიტყვიანი წინადადებების ფორმირების ეტაპი და შეუძლია აზრთა ლოგიკური თანმიმდევრობის გადმოცემა. ეს არის პერიოდი, როცა შეგვიძლია შევიტანოთ დამატებით უცხო ენა, ოღონდ არა სწავლების, არამედ თამაშის სახით, რადგან 5-6 წლის ასაკის ბავშვი ჯერ კიდევ თამაშის სუბიექტია.
არსებობს მრავალი კვლევა, რომელთა მიხედვითაც სასურველია, ბავშვი დაეუფლოს მშობლიურ ენაზე, არამარტო ზეპირ, არამედ წერით მეტყველებას. შესაბამისად, რეკომენდებულია არა 5, არამედ 7-8 წლის ასაკიდან მოხდეს მეორე ენის დამატება. სრულიად შესაძლებელია ბავშვები, რომელთაც დაიწყეს უცხო ენის შესწავლა 7 წლიდან, 2-3 წელიწადში ისევე ფლობდნენ უცხო ენას, როგორც ისინი, ვინც სკოლამდელ ასაკში ეუფლებოდნენ მას.
გამონაკლისია ბილინგუალი ანუ ორენოვანი ოჯახები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გარემო ერთდროულად ორი ენის ათვისებისას ნაკლებ სირთულეს წარმოშობს. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი - სასურველია, ოჯახის თითოეული წევრი მხოლოდ ერთ ენაზე საუბრობდეს, რადგან, როცა ერთი და იგივე ადამიანი ხან ერთ ენაზე ესაუბრება ბავშვს და ხან მეორეზე, ენის სტრუქტურები შეიძლება აირიოს.
რაც შეეხება ტექნოლოგიებიდან ათვისებულ ენას. დღევანდელ რეალობაში საკმაოდ მომრავლდა, თუმცა უმეტესწილად ეს არის მექანიკურად დასწავლილი სიტყვები და ფრაზები, რომელთა კომუნიკაციაში მიზანმიმართული გამოყენება ბავშვებს უჭირთ, რადგან კომპიუტერთან კომუნიკაცია არ ესაჭიროებათ. უფრო მეტიც, შესაძლოა, ასე ნასწავლმა უცხო ენამ მშობლიურ ენაზე აზროვნებისა და მეტყველებისთვის სერიოზული ბარიერი შექმნას.
ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, არის ის, რომ წინასწარ არ ვიცით ექნება, თუ არა ბავშვს მეტყველების განვითარების დარღვევა. ამ დროს, მშობლების აჩქარებამ შესაძლოა, საკმაოდ გაართულოს სიტუაცია, ამიტომ მანამ, სანამ მშობელი არ დაინახავს, როგორ გადის მეტყველების განვითარების პერიოდებს მისი შვილი, სჯობს არ გარისკოს, მიჰყეს ბავშვის შესაძლებლობებს და ასაკობრივ განვითარებასთან შესაბამისად შეიტანოს მის ცხოვრებაში სხვადასხვა აქტივობა.
- ძირითადად, მშობლები დასაწყისში პრიორიტეტს ანიჭებენ ინგლისური ენის შესწავლის დაწყებას, რადგან საერთაშორისო ენაა და საჭიროა. რეალურად, შესაძლოა ბავშვს სხვა ენის მიმართ ჰქონდეს მიდრეკილება და ინტერესები. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

​- რაც შეეხება საკითხს, თუ რომელი ენა სჯობს ბავშვმა შეისწავლოს. საინტერესოა, რა მიზნით სურს მშობელს ბავშვისთვის ამა თუ იმ ენის სწავლება. უმნიშვნელოვანესია, ამ დროს მშობელმა იზრუნოს ბავშვის შინაგანი მოტივაციის შექმნაზე. არ არის საკმარისი მხოლოდ ინფორმირებულობა, რატომ ასწავლიან ამ ენას, საჭიროა მოიძებნოს და შეირჩეს სწავლების ისეთი ფორმა, რაც ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე იქნება მორგებული. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად