Baby Bag

„ძალიან ვეცადოთ, რომ ბავშვი არ დავტოვოთ ბაღში ატირებული,“- ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რჩევები ბავშვის საბავშვო ბაღთან ადაპტაციისთვის

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ მშობლებს ის წესები გააცნო, რომელიც საბავშვო ბაღში მიყვანისას ბავშვს ბაღთან ადაპტაციაში დაეხმარება:

„როდესაც ბავშვი მიგვყავს საბავშვო ბაღში, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინფორმაცია, რა მოცემულობაა ეს ბაღი. უკეთესია, თუ ბავშვს მანამდე ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს სივრცე და გარემო, გაიცნოს პედაგოგი. ბავშვს მანამდე ვუზიარებ ზღაპრებს. მაგალითად, „ტოპო-ტიპი ბაღში მიდის.“ ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. კონკრეტული კითხვები და შიშები, რომელიც ამ გმირს აქვს, ბავშვსაც იგივე კითხვები უჩნდება და ამისთვის განწყობა იქმნება.

მნიშვნელოვანია ასევე წინა შვილის გამოცდილება, თუ გვყავს. სხვა შემთხვევაში მშობელმა უთხრას, თვითონ რისი ეშინოდა, მერე იქ რა დახვდა, როგორ იქცევიან ბავშვები, რომ ყველა ერთნაირი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელსაც ბავშვს ვუზიარებთ, ახლოს იყოს იმ რეალობასთან, რომელის მას ბაღში ხვდება. რასაც ბავშვს ვეუბნებით. ის უნდა შევუსრულოთ. მაგალითად, ვეუბნებით, რომ ახლა უნდა წავიდე, ამ აქტივობების შემდგომ მე შენთან დავბრუნდები.

„მალე მოვალ, ორ საათში მოვალ,“- ეს ბავშვს არ ესმის. აქტივობებს ვეუბნებით: „დილას რომ იქნება საუზმე, ზღაპარს რომ წაიკითხავთ, ეზოში რომ ჩახვალ და მერე კიდევ სადილი რომ გექნება, ამ სადილის მერე მოვალ.“ ასე უფრო აღქმადია ბავშვისთვის, როდის მოვა მშობელი. ადაპტაციისთვის პირველ ეტაპზე ბავშვი ბაღში რჩება 1 საათი, 2 საათი და მერე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს დრო. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე მშობელი შეჰყვეს ჯგუფში ბავშვს, რათა შეიქმნას განცდა, რომ ეს არის ის უსაფრთხო გარემო, სადაც მშობელიც არის ჩემთან ერთად.

შეცდომაა მუქარა, რომ ახლა ამას თუ არ გააკეთებ, წაგიყვან ბაღში, ახლა დავურეკავ შენს მასწავლებელს და ვეტყვი, როგორ იქცევი. აქ უკვე ავტომატურად შემოდის, რომ ბაღი არის სადამსჯელო გარემო. სეპარაცია ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. როდესაც ტირის და ხანგრძლივად ტირის, ხშირ შემთხვევაში არის დამოკიდებულება „იტირებს და გაუვლის.“ ძალიან ვცდილობთ, რომ ბავშვი არ დავტოვოთ ატირებული. ყველანაირად ვეცადოთ, რომ მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ, რა გარემოშია, რატომ გავდივარ, რომ აუცილებლად მოვალ. არიან ბავშვები, რომლებიც ხშირად კითხულობენ: „დედა ხომ მოვა?“ მნიშვნელოვანია, ორივე მხარე ზრუნავდეს იმაზე, რომ ბავშვისთვის რაც შეიძლება მარტივი გახადოს გადასვლის პროცესი ერთი საფეხურიდან მეორეზე,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

,,შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს - ან გონიერებით, ან განათლებით, ან კულტურით. შვილი, რაღაცით თუ არ დაწინაურდა ჩვენთან შედარებით, ესე იგი დავაკელით აღზრდა. უკლებლივ ყველა ბავშვში არის რაღაც, რითაც მანდ უნდა გაგვისწროს,'' - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა. 

,,ვარ თუ არა უფლებამოსილი რომ შვილი აღვზარდო, როგორ უნდა განვსაზღვროთ ეს? - ძალიან მარტივად.

დავალებას გაძლევთ:

ავიღოთ ფურცელი, გავყოთ შუაზე. მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლებიც გეამაყებათ საკუთარ თავში, ოღონდ მართალი იყავით თქვენს თავთან, რადგან ეს თქვენი სარკეა. მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც მიგაჩნიათ რომ არ უნდა გქონდეთ, მაგრამ გაქვთ. დაფიქრდით, რამდენი რამე გქონიათ გასაშალაშინებელი საკუთარ თავში? არადა ბავშვი გიდგას წინ და სწორედაც მას გინდათ ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე - სიკეთით აღიზრდება, სიყვარული-სიყვარულით, კულტურა-კულტურით, სილამაზე-სილამაზით. ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს - ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება გაადნოს,'' - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​,,ამონაშვილის აკადემია'' 

წაიკითხეთ სრულად