Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის საწოლის სწორი პოზიცია ოთახში,“ - ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

ნევროლოგმა ნინო თარხნიშვილმა ჩვილის ძილის რეჟიმის მოსაწესრიგებლად მშობლებს საინტერესო რეკომენაციები მისცა:

„ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია საწოლის შერჩევა, საწოლის სწორი პოზიცია ოთახში. როდესაც თენდება სინათლე აუცილებლად უნდა აღწევდეს ოთახში და მზის სხივი აღწევდეს საწოლამდე. ეს ბავშვს ეხმარება, რომ ძილის ფიზიოლოგიური ცირკადულობა ჩამოუყალიბდეს და ეხმარება მას გამოღვიძებაში.

მატრასი უნდა იყოს აუცილებლად მყარი. არ არის არანაირი ბალიში სასურველი. ზოგიერ შემთხვევაში ვითვალისწინებთ პედიატრიულ პათოლოგიებს, რომლებიც ხშირია ხოლმე ახალშობილებში, როგორიც არის, მაგალითად, რეფლუქსი. ამ დროს რეკომენდებულია მატრასის ცოტა დახრა. უმეტეს შემთხვევაში მშობლებს 30 გრადუსიან კუთხეს ვურჩევთ ხოლმე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის რეფლუქსი.

იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს, ღამით უნდა იყოს შუქი. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ერთი წლის ასაკის შემდგომ პერიოდს. ამ დროს თვალსაჩინო ხდება შიშების არსებობა. ორი წლიდან უფრო აქტიურად მოდის ეს პრობლემა. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და შევეცადოთ, რომ დავეხმაროთ ბავშვს მის გადალახვაში. იყოს შუქი ანთებული. ეს ამშვიდებს ბავშვს და არ უქმნის განცდას, რომ მარტოა.

ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვილების უეცარი გარდაცვალების სინდრომი მკვეთრად შემცირდა, როდესაც მკაცრი რეკომენდაცია იქნა შემუშავებული ბავშვის ზურგზე წოლასთან დაკავშირებით. ზოგადი და ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის, რომ ბავშვს უნდა ეძინოს დამოუკიდებლად მის საწოლში,“- მოცემულ საკითხზე ნინო თარხნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სჭირდებათ გადაღლილ დედებს?

რა სჭირდებათ გადაღლილ დედებს?
რა სჭირდებათ გადაღლილ დედებს, რა ფაქტორები იწვევს მათში ფსიქიკურ პრობლემებს და როგორ უნდა გადალახონ კრიზისი? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნატა თუმანიშვილი.

- ქალბატონო ნატა, დედებს, რომლებიც მთელ დღეს ბავშვებთან ატარებენ, აღენიშნებათ ხოლმე დეპრესიის ნიშნები. რა ფაქტორები იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს?
- მოგეხსენებათ, რომ ორსულობა და მშობიარობა საკმაოდ სტრესულია ქალის ფიზიოლოგიისა და ფსიქიკისთვის, ორგანიზმი განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს. დგება ახალი რეალობა, რომელთანაც ქალს უჭირს ადაპტაცია და ახალი საპასუხისმგებლო როლის მორგება, რომელსაც დედობა ჰქვია. ითვლება, რომ ქალბატონების 18% განიცდის ​მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, მას კიდევ „baby blues“ უწოდებენ. პოსტნატალური დეპრესია ხასიათდება დათრგუნული გუნება-განწყობით, ძილიანობით ან უძილობით, მუდმივი შფოთვით ჩვილის ჯანმრთელობაზე და მის სიცოცხლეზე, დანაშაულის გრძნობით და ზოგადად პესიმისტური განწყობით. ქალებს დღის განმავლობაში ხშირად ეცვლებათ განწყობა, ტირილს და გაღიზიანებას ანაცვლებს ეიფორია ან აგრესია ბავშვზე, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრების განრიგი, შეცვალა მისი სხეულის ფორმები და ცხოვრების ხარისხი, სადაც მას უწევს გარკვეული დისკომფორტის ატანა, ისეთების როგორებიცაა: მცირე მენჯის ორგანოების დაწევა, ჩახევები, საკეისრო კვეთა, ლაქტაციისთვის დამახასიათებელი ბზარები და მასტიტები, წონის მატებით გამოწვეული სტრიები და შეცვლილი ფორმები, რომელიც ქალებისთვის ძალიან სენსიტიური თემაა.
მშობიარობის შემდგომ დეპრესიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ასევე სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა, ფინანსური პრობლემები და კეთილმოუწყობელი საცხოვრებელი პირობები, მხარდაჭერის არქონა ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან, პარტნიორთან დისჰარმონიული ან დაძაბული ურთიერთობები. პარტნიორის გულგრილობა ასეთ პერიოდში ძალიან მწვავედ აისახება ქალის ფსიქიკაზე, სავალდებულო დეკრეტი კი ნეგატიურად მოქმედებს თვითშეფასებაზე, მით უმეტეს იმ ქალებისთვის, რომლებისთვისაც თვითრეალიზება და კარიერა პრიორიტეტულია.
- რა სჭირდებათ გადაღლილ დედებს ფსიქოლოგიური კუთხით? რა სჭირდებათ ქმრისგან, ახლო ნათესავებისგან?
- პირველი და ყველაზე ეფექტურია ამ კუთხით მხარდაჭერა ოჯახის წევრებისაგან, მათი უშუალო ჩართულობა ბავშვის აღზრდაში. აქცენტს უფრო გავაკეთებდი პარტნიორზე, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებზე, რადგან მათი დახმარების სურვილი და აღზრდის მიდგომა თუ მეთოდი შეიძლება კონფლიქტში მოდიოდეს ახალბედა დედის მიდგომასთნ, რაზეც ხშირად ჩივიან ჩემი პაციენტები კონსულტაციის დროს. ამიტომ, თუ პარტნიორი გაინაწილებს ბავშვზე ზრუნვას, მის გაყვანა-გასეირნებას, ზოგჯერ ღამითაც ჩაანაცვლებს დედას, მაშინ ქალი შეძლებს გამოძინებას, დასვენებას და თავის მოვლას, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს, როგორც დედის, ასევე ჩვილის ფსიქოემოციურ განწყობას.
- ხშირად დედების ყოველდღიურობა იმდენად ერფეროვანი და დამღლელია, რომ მათი ცუდი ხასიათი ბავშვებზეც ნეგატიურად აისახება, რა უნდა გააკეთოს დედამ ამ კუთხით?
- თუ ახალნამშობიარებ ქალს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ ეცვლება, საფრთხე ექმნება არა მარტო ქალის ფსიქიკას და მის ჯანმრთელობას, ა​რამედ ნეგატიურად აისახება ჩვილის განვითარებაზე და მის მომავალ ფსიქოლგიურ სიჯანსაღეზე. იმისათვის, რომ ავიცილოთ ეს უსიამოვნო ფაქტორები, მნიშვნელოვანია დედების წინასწარი მომზადება და ინფორმირება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში. ქალებმა უნდა მიიღონ, გააცნობიერონ საკუთარი თავი ახალ როლში, მოემზადონ მშობიარობისთვის და შესაძლო პოსტნატალური დეპრესიის შესახებ გაეცნონ კვალიფიციურ ინფორმაციას.
- რა კონკრეტულ რჩევებს მისცემდით დედებს, როგორ გამოვიდნენ ამ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან?

- ახალგაზრდა ქალებს მინდა ვუთხრა, რომ დედობა ქალის უნიკალური მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს კოლოსალურ ენერგიას, პასუხისმგებლობას, მზაობას და ჩართულობას. მინდა ვურჩიო მათ, შეგნებულად მიიღონ ეს უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, მაქსიმალურად დატკბნენ ამ პერიოდით, იყვნენ კონტაქტში საკუთარ შეგრძნებებთან და სურვილებთან. მოითხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, მადლიერებით მიიღეთ მათი ზრუნვა და ყურადღება, გაიზიარეთ ბავშვზე ზრუნვის დრო და განრიგი, თავისუფალი დრო გამოიყენეთ გამოსაძინებლად და სავარჯიშოდ, ჰაერზე სასეირნოდ ან გასართობად. ჩართეთ ფსიქოთერაპევტი, რომელიც გაგიმარტივებთ კრიზისის გადალახვას. გახსოვდეთ, რომ „კარგი დედა ბედნიერი დედაა“.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად