Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის საწოლის სწორი პოზიცია ოთახში,“ - ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

ნევროლოგმა ნინო თარხნიშვილმა ჩვილის ძილის რეჟიმის მოსაწესრიგებლად მშობლებს საინტერესო რეკომენაციები მისცა:

„ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია საწოლის შერჩევა, საწოლის სწორი პოზიცია ოთახში. როდესაც თენდება სინათლე აუცილებლად უნდა აღწევდეს ოთახში და მზის სხივი აღწევდეს საწოლამდე. ეს ბავშვს ეხმარება, რომ ძილის ფიზიოლოგიური ცირკადულობა ჩამოუყალიბდეს და ეხმარება მას გამოღვიძებაში.

მატრასი უნდა იყოს აუცილებლად მყარი. არ არის არანაირი ბალიში სასურველი. ზოგიერ შემთხვევაში ვითვალისწინებთ პედიატრიულ პათოლოგიებს, რომლებიც ხშირია ხოლმე ახალშობილებში, როგორიც არის, მაგალითად, რეფლუქსი. ამ დროს რეკომენდებულია მატრასის ცოტა დახრა. უმეტეს შემთხვევაში მშობლებს 30 გრადუსიან კუთხეს ვურჩევთ ხოლმე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის რეფლუქსი.

იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს, ღამით უნდა იყოს შუქი. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ერთი წლის ასაკის შემდგომ პერიოდს. ამ დროს თვალსაჩინო ხდება შიშების არსებობა. ორი წლიდან უფრო აქტიურად მოდის ეს პრობლემა. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და შევეცადოთ, რომ დავეხმაროთ ბავშვს მის გადალახვაში. იყოს შუქი ანთებული. ეს ამშვიდებს ბავშვს და არ უქმნის განცდას, რომ მარტოა.

ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვილების უეცარი გარდაცვალების სინდრომი მკვეთრად შემცირდა, როდესაც მკაცრი რეკომენდაცია იქნა შემუშავებული ბავშვის ზურგზე წოლასთან დაკავშირებით. ზოგადი და ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის, რომ ბავშვს უნდა ეძინოს დამოუკიდებლად მის საწოლში,“- მოცემულ საკითხზე ნინო თარხნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​უნდა ჩავრთოთ თუ არა უფროსი შვილები უმცროსების გაზრდის პროცესში, როგორ და რამდენად მიზანშეწონილია ეს?

​უნდა ჩავრთოთ თუ არა უფროსი შვილები უმცროსების გაზრდის პროცესში, როგორ და რამდენად მიზანშეწონილია ეს?

უნდა ჩავრთოთ თუ არა უფროსი შვილები უმცროსების გაზრდის პროცესში, როგორ და რამდენად მიზანშეწონილია ეს? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე.

- ხშირად მშობლები უმცროს შვილებს უფროსებს აზრდევინებენ, ან ავალდებულებენ დიდი დოზით მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. რამდენად მიზანშეწონილია ეს მიდგომა?

- აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი - რამდენია ასაკობრივი სხვაობა დედმამიშვილებს შორის, რამდენად ყოველდღიური ხასიათი აქვს უფროსი შვილის დახმარებას, რამდენად სასურველ და საინტერესო აქტივობებში ვრთავთ მას, რას იღებს სანაცვლოდ აქედან და ა.შ. მისთვისაც საინტერესო უნდა იყოს პროცესში ჩართვა, უნდა იღებდეს შექებას ან რაიმე სასურველ ჯილდოს მაინც. პატარა და-ძმაზე ზრუნვა ბავშვს უვითარებს ემპათიის გრძნობას, მზრუნველობას, პასუხისმგებლობის გრძნობას და ასევე აგრძნობინებს თავს უფრო კომპეტენტურ და „დიდ“ ადამიანად, რაც ზრდის მის თვითშეფასებას. კარგია თუ ასეთ „დახმარებას“ ექნება სიტუაციური ხასიათი, მაგალითად: თუ დედას რამე სტკივა და უფროსი შვილი ეხმარება, დედას უცბად დაურეკეს და ბავშვმა საწოვარა გამოართვა მას და ა.შ. მნიშვნელოვანია, ამ დახმარებას ჰქონდეს მიზეზი და საჭიროება. თუ ამას აქვს ყოველდღიური და სავალდებულო ხასიათი, რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის სტრესის გამომწვევი მიზეზი გახდება. განსაკუთრებით თუ ბავშვი 7 წლამდე ასაკისაა და თამაშის მაგივრად, რაც ამ პერიოდში ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მშობელი აიძულებს ყოველდღე ბავშვმა „დედის ან მამის ფუნქცია“ შეითავსოს.
ასევე მნიშვნელოვანია, ამ მხრივ უსაფრთხოების გათვალისწინებაც. ჩვენ, უფროს შვილებს უნდა დავავალოთ ის, რაშიც უკვე თვითონაც მომწიფებულნი და დამოუკიდებელნი არიან. თუ ბავშვი თვითონ საჭიროებს ყურადღებას ან თვითონ არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რა თქმა უნდა, ის უუნაროა ამ დროს უმცროს და-ძმაზე იზრუნოს.
- ხომ არ დავაკარვინებთ ამით ბავშვობის მნიშვნელოვან პერიოდს და დავაზიანებთ მათ ფსიქიკას?
- ამ თემაზე ძალიან საინტერესო თეორიები ჰქონდათ, ორ ფსიქოთერაპევტს, ზიგმუნდ ფროიდს და ალფრედ ადლერს. ფროიდის აზრით, ბავშვის როლი ოჯახში, მისი ურთიერთობები და-ძმებთან შემდგომში განაპირობებენ მისი პიროვნების ფორმირებას და სხვებთან ურთიერთობების ფორმებს. ადლერის აზრით, კი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც კი, თუ მერამდენეა ბავშვი დაბადების რიგით - დედისერთა, უფროსი, შუათანა თუ ნაბოლარა. როცა ბავშვი დედისერთაა, მშობლების მთელი ყურადღება მას ეკუთვნის, ანებივრებენ, ეჩვევა დიდი რაოდენობით ყურადღებას. ძირითადად არც აფრთხილებენ ხოლმე ბავშვს, რომ ოჯახში მატებაა და უცებ ის ხედავს პატარა დას ან ძმას, რომელმაც მისთვის ნაცნობი ყურადღება „მიითვისა“. უმეტესობას ამ დროს ეჭვიანობის და კონკურენციის გრძნობა უჩნდება, რის მოდიფიკაციას და ჩანაცვლებასაც ჩვენ ვახდენთ მსუბუქი, სიტუაციური ზრუნვით უმცროს დედმამიშვილზე. ამიტომ თუ ჩვენ ამ დროს ძალიან დავტვირთავთ, მოვწყვეტთ მისთვის საინტერესო აქტივობებს, თამაშებს, მეგობრებს, ეს უფრო გააღვივებს მის კონკურენტულ დამოკიდებულებას დედმამიშვილთან.
- გარდა უფროსი შვილებისა, თვითონ უმცროს ბავშვზეც უარყოფით ზეგავლენას ხომ არ მოახდენს დედის ნაკლები ჩართულობა?
- დედის ნაკლები ჩართულობა ყოველთვის მოქმედებს ბავშვის ცხოვრებასა და განვითარებაზე. ბავშვზე ზრუნვა ეს მხოლოდ მისი მატერიალური ან ფუნქციური დახმარება არაა, ეს ემოციური კავშირიცაა. რამდენად იდენტური იქნება 13 წლის მოზარდის და დედის შედარება ერთმანეთთან, როცა 13 წლის მოზარდი ამ ასაკში ფსიქოლოგიურად თუ ემოციურად საერთოდ არაა მომწიფებული „მშობლობისთვის“.
- ბევრი მშობელი მარტო ზრდის ბავშვებს, ამიტომ უწევთ დახმარება უფროს შვილებს სთხოვონ, თუმცა მოზარდებს პირადი სივრცე სჭირდებათ. როგორ უნდა მივუდგეთ შვილებს ასეთ სიტუაციაში?
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შევუთანმხდეთ უფროსს შვილს, რატომ და რისთვის, რამდენი ხანი და რა ფორმით გვჭირდება მისი დახმარება. ასე ვთქვათ, ვაგრძნობინოთ, რომ ეს იძულება არაა, ნებართვას ვიღებთ მისგანაც, მის აზრსაც ვითვალისწინებთ და არჩევანის საშუალება აქვს. ასეთი შეთანხმებების დროს ხაზი გაესმევა იმას, თუ რისი გადადება შეუძლია უფროს შვილს და რა არის იმდენად პრიორიტეტული, რომ ამ შემთხვევაში დედასაც მოუწევს მასზე მორგება. მნიშვნელოვანია ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარული და მადლიერება ამ დახმარებისთვის, წავახალისოთ მისი დახმარება და მისი ინტერესებიც ჩავრთოთ ამ პროცესში. მაგალითად, „თუ შენი დაიკოს ოთახში იქნები, სანამ სძინავს შეგიძლია შენს საყვარელ ფილმებს უყურო.“ შეჯამების სახით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უფროსი შვილის ინტერესებიც, არჩევანის საშუალება დავუტოვოთ და დავაფასოთ მისი ძალისხმევა.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად