Baby Bag

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

ბავშვისთვის დედის ჩახუტება სამყაროში ყველაზე კარგი შეგრძნებაა. დედა ყოველთვის პატარასთან ახლოს არის და ნებისმიერ დროს მზად არის მას მოეხვიოს, ჩაეხუტოს და მოეფეროს. როდესაც ბავშვი ტირის, სევდიანია ან უბრალოდ ჩახუტება სურს, დედა მის გასამხნევებლად ყოველთვის მზად არის.

იცოდით, რომ ბავშვის ჩახუტებას დედის ორგანიზმზე მაგიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია? ჩახუტება დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. კვლევებით დგინდება, რომ შვილის ჩახუტება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კვლევებით დადგენილია, რომ ჩახუტება დედის შფოთვას ამცირებს და ბავშვსა და მშობელს შორის მიჯაჭვულობას აძლიერებს. ჩახუტება დადებითად მხოლოდ დედის განწყობაზე არ ზემოქმედებს და მას სხვა სარგებელიც მოაქვს. ჩახუტებას მშობლის ქცევის შეცვლა შეუძლია. ჩახუტება დედას უფრო მგრძნობიარეს ხდის ჩვილის საჭიროებების მიმართ და მას ბავშვის მოთხოვნილებების ამოცნობაში ეხმარება, რაც ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას აადვილებს.

ჩახუტების აქტი ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება, რადგან კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე ორგანიზმში ქვეითდება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის ჩახუტებისას დედის ორგანიზმში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს. ოქსიტოცინი არის ნეიროპეპტიდი, რომელიც ხელს უწყობს ერთგულების, ნდობისა და კავშირის გრძნობის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას.

ჩახუტება აუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას პატარასთან. რა თქმა უნდა, ბავშვთან ჩახუტება მხოლოდ დედისთვის არ არის სასარგებლო. ჩახუტება ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.

ჩახუტება ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას, აძლიერებს მის იმუნურ სისტემას და ასწავლის ემოციურ რეგულაციას.

დროა, წახვიდეთ და თქვენს პატარას ჩაეხუტოთ! ეს ორივეს ბედნიერებას მოგიტანთ.

წყარო: ​mother.ly

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე ამაზრზენი რაც სამზარეულოში დამხვედრია, იყო ტილოების მაგივრად ტრუსები, ტაფჩანი...“- მადონა კოიძე კვების ობიექტებზე ჰიგიენის წესების დარღვევის შესახებ

„ყველაზე ამაზრზენი რაც სამზარეულოში დამხვედრია, იყო ტილოების მაგივრად ტრუსები, ტაფჩანი...“- მადონა კოიძე კვების ობიექტებზე ჰიგიენის წესების დარღვევის შესახებ

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ თავისი პროფესიისა და ცხოვრების წესის შესახებ ისაუბა. ტელეწამყვანმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამზარეულოში აღმოჩენილი ყველაზე მიუღებელი დარღვევებიც დაასახელა:

„მადონა კოიძე არის ჩვეულებრივი ქართველი ქალი. ჩემი მეუღლე არის ქუთაისელი, იმერული სტუმარ-მასპინძლობა არის ცნობილი. ძალიან მიყვარს სტუმრები. გამოგიტყდებით, სახლში მაქვს მადონას სერვისი, ჩაის, ყავის, სადილის, ყველა მაქვს. ტრადიციული ოჯახი მაქვს. ვცდილობ, საჭმელი ძირითადად სახლში ვჭამო. ძალიან მიყვარს სახლში მომზადებული კერძები. როგორც დედა თავიდანვე ჩემი შვილების კვებას ვაქცევდი ყურადღებას. მერე გადავწყვიტე, რომ საერთოდ ყველას კვებაზე მეზრუნა. აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან საინტერესო სფერო აღმოჩნდა ის, რაშიც ვარ. საწარმოს ვერ ვაპატიებ სიბინძურეს, მომხმარებლის უპატივცემულობას. არანორმალურად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წვლილი შევიტანო მომავალი თაობის უკეთესი ცხოვრებისთვის, მე თუ რამე შემიძლია გავაკეთო, მერწმუნეთ, ამისთვის სიცოცხლესაც დავთმობ.“

„ეს არის ჩემი ხასიათი, მე ვარ ასეთი. სისხლში თუ არ გიზის აბლაბუდების დევნა, სხვაგან როგორ უნდა უყურო, თუ ამას შენს სახლში არ აკეთებ. სახლშიც დავსდევ აბლაბუდებს და სხვაგანაც დავსდევ. არ დავიღლები, ვსდევ, სანამ არ აღმოვფხვრი. სამზარეულოში ყველაზე ამაზრზენი რაც დამხვედრია, იყო ტაფჩანი, ტილოების მაგივრად ტრუსები, მაყალზე გამშრალი წინდები, აბაზანა სამზარეულოში, შიგ მოჭრილი წვერი. საშინელებები მაქვს ნანახი, ნუ მახსენებთ. ძალიან ბევრი ტარაკანა მინახავს სამზარეულოში. ჰიჩკოკის ფილმში მეგონა თავი,“- აღნიშნულ საკითხებზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად