Baby Bag

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

რა სარგებლობა მოაქვს დედისთვის შვილის ჩახუტებას?

ბავშვისთვის დედის ჩახუტება სამყაროში ყველაზე კარგი შეგრძნებაა. დედა ყოველთვის პატარასთან ახლოს არის და ნებისმიერ დროს მზად არის მას მოეხვიოს, ჩაეხუტოს და მოეფეროს. როდესაც ბავშვი ტირის, სევდიანია ან უბრალოდ ჩახუტება სურს, დედა მის გასამხნევებლად ყოველთვის მზად არის.

იცოდით, რომ ბავშვის ჩახუტებას დედის ორგანიზმზე მაგიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია? ჩახუტება დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. კვლევებით დგინდება, რომ შვილის ჩახუტება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კვლევებით დადგენილია, რომ ჩახუტება დედის შფოთვას ამცირებს და ბავშვსა და მშობელს შორის მიჯაჭვულობას აძლიერებს. ჩახუტება დადებითად მხოლოდ დედის განწყობაზე არ ზემოქმედებს და მას სხვა სარგებელიც მოაქვს. ჩახუტებას მშობლის ქცევის შეცვლა შეუძლია. ჩახუტება დედას უფრო მგრძნობიარეს ხდის ჩვილის საჭიროებების მიმართ და მას ბავშვის მოთხოვნილებების ამოცნობაში ეხმარება, რაც ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას აადვილებს.

ჩახუტების აქტი ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება, რადგან კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე ორგანიზმში ქვეითდება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის ჩახუტებისას დედის ორგანიზმში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს. ოქსიტოცინი არის ნეიროპეპტიდი, რომელიც ხელს უწყობს ერთგულების, ნდობისა და კავშირის გრძნობის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას.

ჩახუტება აუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას პატარასთან. რა თქმა უნდა, ბავშვთან ჩახუტება მხოლოდ დედისთვის არ არის სასარგებლო. ჩახუტება ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.

ჩახუტება ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას, აძლიერებს მის იმუნურ სისტემას და ასწავლის ემოციურ რეგულაციას.

დროა, წახვიდეთ და თქვენს პატარას ჩაეხუტოთ! ეს ორივეს ბედნიერებას მოგიტანთ.

წყარო: ​mother.ly

შეიძლება დაინტერესდეთ

„შულავერა,“ „გურულა“ თუ „ბათუმელა“ - ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი ლობიოს შერჩევისა და მომზადების წესზე საუბრობს

„შულავერა,“ „გურულა“ თუ „ბათუმელა“ - ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი ლობიოს შერჩევისა და მომზადების წესზე საუბრობს

ცნობილმა შეფ-მზარეულმა მანუელ ფაუნდეს ბარანდამ საქართველოში პოპულარული ლობიოს სახეობებისა და მათი თავისებურებების შესახებ ისაუბრა:

„აქ ლობიოს სამი სახეობაა წარმოდგენილი. ესენია: „შულავერა,“ „გურულა“ და „ბათუმელა.“ როგორც ჩანს, „ბათუმელა“ ყველაზე ძვირია ჩვენს ბაზარზე. ამ სამ სახეობას შორის სხვაობა უფრო შეინიშნება ტექსტურაში. მაგალითად, „შულავერას,“ რომელიც არის ყველაზე იაფი, აქვს ოდნავ უფრო უხეში ტექსტურა. რომ გითხრათ, რომ მკვეთრი და გამოკვეთილი გემოვნური სხვაობებაა, მაინცდამაინც არა.“

ცნობილი მზარეულის თქმით, წითელი ლობიო უფრო ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას აჩენს:

„კულინარული კუთხით რომ მივუდგეთ, ​თუ ჩვენ მივირთვით თეთრი ლობიო, მისი დანაყრების პერიოდი არის ბევრად უფრო ხანმოკლე, ვიდრე წითელი ლობიოსი.“

„წამოდუღების მერე პირველი წყალი აუცილებლად უნდა გადავაქციოთ, დავამატოთ ადუღებული წყალი და მხოლოდ მერე დავამატოთ სოდა მოხარშვის პროცესის დაჩქარებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ცნობილმა მზარეულმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად