შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ბავშვს მშობლების საწოლში არ უნდა ეძინოს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის მშობელთან ერთად ძილის ჩვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3-4 წლამდე ასაკის ბავშვს მშობლის საძინებელში უნდა ეძინოს, მაგრამ არა - მის საწოლში:
„რეცეპტები არ მიყვარს, ვითარებას გააჩნია. ზოგადი რეცეპტი არ მუშაობს. კულტურასაც გააჩნია. ადრე დოქტორ სპოკის წიგნი იყო გავრცელებული. ვერ ვიტანდი იმ წიგნს. მასში ეწერა, რომ პატარა ჩვილ ბავშვს ცალკე ოთახში უნდა ეძინოს და გასკდეს ტირილით. ეს არის აბსურდი, მაგრამ 4-5 წლის ასაკის ბავშვი მშობლის საწოლში რატომ უნდა იძინებდეს, ამასაც ვერ ვიგებ.“
თამარ გაგოშიძის თქმით, 3-4 წლის ბავშვს, რომელიც დედასთან ძილს არის მიჩვეული, ამას სწრაფად ვერ გადავაჩვევთ:
„3-4 წლის ასაკში ბავშვი დედასთან ძილს რომ არის მიჩვეული, იმას ასე უცბად ვერ გამოაწეპებ, ამიტომ ჩვილი ბავშვი აუცილებლად მშობელთან ერთად უნდა იყოს, მშობლის საძინებელში. 3-4 წლამდე ბავშვი მშობლის საძინებელში უნდა იყოს, მაგრამ მშობლის საწოლში არ უნდა იყოს. თავიდანვე ასე უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, რომ იქვეა მშობელი და მის საჭიროებას აუცილებლად დააკმაყოფილებს, რომ ბავშვს შფოთვა არ ჰქონდეს. ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის და ვერც გაამტყუნებ, რომ ღამე უნდა ადგე, გირჩევნია შენთან იყოს, იმასაც ურჩევნია, რომ შენთან იყოს და ასე ეჩვევა ბავშვი. არც ეს არის დიდი კატასტროფა, მაგრამ თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რომ 4 წლისთვის ცალკე საწოლში იწვეს ბავშვი და 6 წლისთვის ცალკე ოთახში, ან ცალკე საწოლში აუცილებლად უნდა იყოს.“
„ჰიგიენური თვალსაზრისითაც არ არის მიზანშეწონილი, რომ პატარა ბავშვს მშობლების საწოლში ეძინოს. ძალიან ხშირია ჩვენს კულტურაში ეს. თავიდანვე ნელ-ნელა, ისე, რომ ბავშვმა არ მიიღოს სტრესი, ეს უნდა განვახორციელოთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.