შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ეს სერიოზული გარღვევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში შემოსული მონოკლონური ანტისხეულების შესახებ ისაუბრა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აღნიშნული მედიკამენტების ეფექტიანობას გაუსვა ხაზი:
„გეტყვით იმ წამლების შესახებ, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში. ამ მედიკამენტების გამოყენება უკვე 10 ნოემბრიდან დაიწყება. ეს არის ორი ჯგუფის მედიკამენტი. პირველი განსაზღვრულია შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისთვის. ეს არიან პაციენტები, რომლებიც ბინაზე არიან და მათთან ერთჯერადი ინტრავენური გადასხმით შეიძლება თავიდან ავიცილოთ დამძიმება.“
ივანე ჩხაიძის თქმით, მეორე ჯგუფის ანტისხეულები ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი:
„სხვა სახის მედიკამენტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში ეს მედიკამენტები საქართველოში შემოვიდეს იმ რაოდენობით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეყოს. ჯერჯერობით ჩვენ ვრჩებით ვაქცინაციის იმედად და მხოლოდ ეს არის ჩვენი რესურსი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.