შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ორსულს სჭირდება განსაკუთრებულად მოფრთხილება ემოციურად. სამწუხაროა, რომ ხშირად ამას მხედველობაში არ იღებენ,“ - თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ორსული ქალების ემოციური სტაბილურობისა და სიმშვიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ორსული ქალბატონები საკუთარ თავს თავად არ უფრთხილდებიან:
„ორსულს სჭირდება განსაკუთრებულად მოფრთხილება ემოციურად. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ მხედველობაში არ იღებენ ორსულობას, როგორც სპეციფიკურ მდგომარეობას. შესაძლოა, ხშირად თავად დედები უგულებელყოფდნენ ამის მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ბევრი თამბაქოს მომხმარებელია, რაც კატასტროფულად მოქმედებს ემბრიონზე. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს მისი ნევროტიზაციის წყაროა. ზოგჯერ სხვა მავნე ნივთიერებების მიღებაზეც კი არ ამბობენ უარს დღევანდელ დღეს არასერიოზული დამოკიდებულების მქონე დედები.“
„მხოლოდ დედის საკითხი არ არის აქტუალური. ბავშვის მამამ, რომელიც არ დაგიდევთ იმას, რომ დედას აწყენინოს, მის ემოციურ მდგომარეობაზე არ იზრუნოს, შეიძლება დედის გულგატეხილობა და მძიმე ემოციური დათრგუნვაც კი გამოიწვიოს. ის საერთოდ არ იღებს თავზე პასუხისმგებლობას, რომ დედის გავლით სწორედ მისი მომავალი ბავშვის ფსიქიკა ზიანდება.“
„დღევანდელ დღეს ძალიან ფართოდ გავრცელებულია მძიმე პრობლემა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქვია. სტატისტიკურად სუფთა სახის აუტიზმთან ნაკლებად გვაქვს ხოლმე საქმე. აუტისტური სპექტრის, ანუ გარკვეული აუტისტური გამოვლინებების მქონე ბავშვები ძალიან ხშირად იბადებიან. ამას მხოლოდ ეკოლოგიას და გარკვეულ ფიზიკურ მოვლენებს ვერ დაუკავშირებს ვერცერთი მკვლევარი. უპირველესად პრობლემის მიზეზი არის სწორედაც ემბრიონულ პერიოდში ის ემოციური ფონი, რა ფონზეც ყალიბდება ცხრა თვის განმავლობაში მუცლად მყოფი ბავშვის ფსიქიკა,“ - აღნიშნა თეა გოგოტიშვილმა.