შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი,“ - ყარამან ფაღავა
პროფესორმა ყარამან ფაღავამ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა და ის გართულებები დაასახელა, რომელსაც ანტიბიოტიკის მოხმარება იწვევს:
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბრწყინვალე პრეპარატი, რომელიც არჩენს და შველის უამრავ დაავადებას, თვითონ ანტიბიოტიკოთერაპია, შესაძლოა, იყოს მიზეზი ბევრი გართულების. ეს არის ალერგია, დისბაქტერიოზი, შინაგანი ორგანოების დაზიანება, ძვლის ტვინის მოშხამვა. ანტიბიოტიკების გარეშე ვერ გავძლებთ. როდესაც მძიმე სეფსისია, როგორ შეიძლება, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი არ დაუნიშნო?! სამწუხარო ის არის, რომ ანტიბიოტიკი ძალიან ხშირად ინიშნება იქ, სადაც არ არის საჭირო.“
ყარამან ფაღავას თქმით, ანტიბიოტიკები მხოლოდ იქ უნდა დაინიშნოს, სადაც მისი მიღების საჭიროებაა:
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზია, რომ თუ რამე არ შეიცვალა, დაახლოებით 20 წლის შემდეგ გვექნება ისეთი მდგომარეობა, როგორიც იყო ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე, როდესაც პატარა ჭრილობაც კი შეიძლება იყოს ფატალური და გამოიწვიოს სიკვდილი. ამიტომაც ძირითადი ძალისხმევა ამ დარგში არის იმაზე, რომ როგორმე შევამციროთ ანტიბიოტიკების მიღება. ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს იქ, სადაც მართლა საჭიროა, უნდა დავნიშნოთ ის ანტიბიოტიკი, რომელიც მისაღებია.“
„ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით ფაგები ძალიან სპეციფიკურია. ანტიბიოტიკს რომ მივიღებთ, ყველაფერს კლავს, ყველა მიკრობს, კარგსაც და ცუდსაც. ფაგი მოქმედებს მხოლოდ იმ ბაქტერიაზე, რომლის მიმართაც ის არის ძლიერი. მთავარი რეკომენდაცია არის, რომ იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი. ამის საუკეთესო გზა არის გაკაჟება. რაც შეეხება ინფექციებს, ზოგჯერ ექიმები პაციენტებს ეუბნებიან: მოგცემთ ანტიბიოტიკებს, თუ ორ-სამ დღეში გამოსწორდება მდგომარეობა, შეწყვიტეთო. არავითარ შემთხვევაში! სჯობს, სულ არ დაიწყო ანტიბიოტიკით მკურნალობა, მაგრამ თუ დაიწყე, სრული კურსი უნდა ჩატარდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.