შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ინფორმაცია, რომ კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია,“ - გიორგი ღოღობერიძე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები იმის შესახებ, რომ პირველი რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანებს კოვიდ-19 არ ემართებათ:
„ეს ინფორმაცია მეც ვნახე Facebook-ის რამდენიმე გვერდზე. ზოგჯერ პატარ-პატარა გვერდები ხალხის დაინტერესების მიზნით არასწორ სახელებს აწერენ ხოლმე სტატიებს. ასეთი სათაური იყო სწორედ, რომ თითქოს სისხლის რომელიღაცა ჯგუფს არასდროს ემართება კოვიდი. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ვინც ჩემი ვიდეო უშუალოდ ნახა და მოუსმინა მას, იქ განმარტებული იყო ის ფაქტი, რომ ამ ოთხი ჯგუფიდან, კოვიდ ინფექციის შემთხვევები ყველაზე იშვიათი იყო პირველი ჯგუფის შემთხვევაში.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, პირველი ჯგუფის რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე პაციენტებში ნამდვილად უფრო იშვიათად გვხვდება კოვიდ-19, ვიდრე სხვა ჯგუფებში:
„კოვიდ-19 უფრო ნაკლებად გვხვდებოდა, თუ ადამიანი იყო პირველი ჯგუფის სისხლის და რეზუს-უარყოფითი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს პირველი რეზუს-უარყოფითი სისხლი, მას არასდროს დაემართება ვირუსი. მათაც დაემართებათ ვირუსი, უბრალოდ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა ჯგუფების შემთხვევაში.“
„კვლევა ჩატარდა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანზე, სადაც შეისწავლეს სისხლის ჯგუფიც და კოვიდიც. ნახეს, რომ პირველი ჯგუფის სისხლში არსებული ანტისხეულები იცავდა ადამიანებს კოვიდის შემოჭრის შემთხვევაში მძიმე ფორმების განვითარებისგან. შეიძლება, ადამიანს დამართნოდა კოვიდი, მაგრამ ხშირად (არა ყოველთვის) ის იყო მსუბუქი ხასიათის. გარდა ამისა, ისევ პირველი და უარყოფითი რეზუსის შემთხვევაში ნაკლები იყო სისხლის შემადედებელი ფაქტორის შემცველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რეზუსუარყოფითიან ადამიანებში უფრო ნაკლებად გვხვდებოდა თრომბოზი. ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს გვხვდებოდა. ის ინფორმაცია, რომ თითქოს კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია. მათაც ემართებათ კოვიდი, უბრალოდ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვებს,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.