შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„რა მოხდა მერე, თუ ცუდი ნიშანი მიიღო, თუ რაღაც გააცდინა?! ამ მიდგომით ბავშვი წარმატების იოლად მიღწევას ეჩვევა,“- ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა
ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ბავშვისთვის აბსოლუტური თავისუფლების მინიჭების ან მისი ზედმეტად შეზღუდვის მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:
„არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტური თავისუფლება აქვს ბავშვს. ყველაფერზე ამბობენ: „რა მოხდა მერე?!“ რა მოხდა მერე, თუ ცუდი ნიშანი მიიღო?! რა მოხდა მერე, თუ რაღაც გააცდინა?! რა მოხდა მერე, თუ არ წაიკითხა?! ამ შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა იოლად წარმატების მიღწევას. არცერთი მათგანი აქედან წარმატება არ არის. წიგნს რომ არ კითხულობს, ეს ნამდვილად არ არის წარმატება. საბოლოოდ, როდესაც ის მართლა ეჯახება ცხოვრებისეულ პრობლემებს, მარცხი ძალიან მტკივნეულად აღიქმება.
ხუთ წლამდე ბავშვი არის მეფე. ყველაფერი უნდა გაუკეთო, ყველა სურვილი უნდა შეუსრულო. ის მეფეა ერთადერთი მიზეზის გამო. ჩვენ ორი შემაკავებელი ფაქტორი გვაქვს: ან გვეშინია და ამის გამო არ ვაკეთებთ რაღაცას, ან მორალი და ზნეობა არ გვაძლევს ამის გაკეთების უფლებას. ერთიც და მეორეც ყალიბდება 5 წლის შემდეგ. რაციონალური გონება განვითარებას იწყებს 5 წლის შემდეგ. 5 წლამდე ბავშვს რამდენიც გინდა იმდენი დაუშალეთ, აზრი არ აქვს. რამდენჯერ დღისით ეჩხუბები, იმდენჯერ ღამე დაესიზმრება, გაეღვიძება და წამოგაგდებს შენც.
ამის შემდგომ უკვე ნელ-ნელა იწყება დარიგებები. თუ ჩვენ მას უბრალოდ ავუკრძალავთ, ეს არასწორია. ბავშვს ყველაფერზე უნდა გასცე პასუხი. რამდენჯერაც მისწევ გვერდზე, ეტყვი, რომ არ გცალია და მოიშორებ, მასში იმდენჯერ იკარგება ცნობისმოყვარეობის მარცვალი, რომელსაც მან პროფესია და პიროვნება უნდა აპოვნინოს. შესაბამისად, როდესაც ბავშვი კითხვების დასმას იწყებს და „მე გავაკეთებ“ განცდა აქვს, ეს არ უნდა დაუშალო. თუ უბრალოდ გაუწყრები, მას ეცოდინება, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ არ ეცოდინება ,რატომ არ შეიძლება და სანაცვლოდ რა უნდა გააკეთოს,“- მოცემულ საკითხზე ზაზა ქოიავამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.