Baby Bag

მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს - რა არის გამოსავალი?

,,მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს, ამიტომ ხშირად იხედებიან მათკენ, ყურადღებას ადუნებენ საჭესთან, რაც სახიფათოა'' - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მშობლები საჭესთან ყურადღებას ადუნებენ, ისინი სამგზავრო სავარძელს ამონტაჟებენ მოძრაობის მიმართულების თანახმად, რათა დაინახონ ბავშვი, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვის მოძრაობის მიმართულებით მოთავსება არ არის უსაფრთხო:

,,2 წლამდე ბავშვი უნდა მგზავრობდეს მოძრაობის საპირისპიროდ, რათა დაცული იყოს მისი ხერხემალი, თავი და კისერი. ამ პოზიციაში მგზავრობა 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოძრაობის მიმართულებით მგზავრობა. მგზავრობისას მშობლებს შეუძლიათ, გამოიყენონ უსაფრთხო სარკე, რომელიც უნდა შედგებოდეს სპეციალური, უსაფრთხო მასალისგან, რომელიც შეჯახების დროს ზიანს არ მოუტანს ბავშვს. აუცილებლად იკითხეთ ტესტირებულია თუ არა სარკე, მოითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა დარწმუნდეთ ამაში,'' - აღნიშნა ლანა გიორგიძემ. 

როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში
ინსტრუქცია, როგორ შეამოწმოთ უსაფრთხოდ მგზავრობს თუ არა ბავშვი 0-13 კგ სამგზავრო სავარძელში. თითოეული წესი არის უსაფრთხოების ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელთა გარეშე ბავშვი უსაფრთხოდ ვერ იმგზავრე...
სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი 90 პროცენტამდე იცავს ბავშვების უსაფრთხოებას
მედიაპორტალი MomsEdu.ge  ​საზოგადოებრივ ორგანიზაცია Your car seat-თან ერთად ახალ რუბრიკას იწყებს - მგზავრობის დროს ბავშვთა უსაფრთხოება. სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობაზე Your...
როგორ დავამონტაჟოთ 0-13 კგ. სამგზავრო სავარძელი ღვედით? - ვიდეო
​სამშობიაროდან გამოყვანის დღიდანვე ბავშვი უნდა მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო სავარძელი არის 0-13 კგ. სავარძელი, რომელში...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვუპასუხოთ ბავშვს რთულ კითხვებზე?

როგორ ვუპასუხოთ ბავშვს რთულ კითხვებზე?

ბავშვები კითხვების დასმის დროს ფილტრს არ იყენებენ. ზოგჯერ ისინი ძალიან რთულ შეკითხვას გისვამენ, რომელზე პასუხის გაცემა გიჭირთ. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ბავშვთან საუბრისთვის ყოველთვის მზად იყოს. უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი შვილი მცირეწლოვან ასაკში ბევრ რთულ და უხერხულ კითხვას დაგისვამთ. როდესაც მშობელი ცდილობს, რომ თავი აარიდოს ბავშვის რთულ კითხვაზე პასუხის გაცემას, ის შვილისგან კიდევ უფრო მეტ კითხვას იღებს. მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც ბავშვი მოულოდნელად სვამს უხერხულ ან ორაზროვან შეკითხვას, რომელზე პასუხის გაცემა მათთვის წარმოუდგენლად რთულია.

ბავშვები ხშირად სვამენ შემდეგი სახის კითხვებს: გარდაცვლილი ადამიანები სამოთხეში ხვდებიან? რატომ არის ცა ლურჯი ფერის? რატომ არ შეუძლიათ გოგონებს მაისურების გარეშე სეირნობა, ბიჭებს კი აქვთ ამის შესაძლებლობა? რატომ არის მარიხუანა ცუდი? რა გემო აქვს ღვინოს? რას ნიშნავს სექსი? როგორ ჩნდებიან ბავშვები? როდესაც ბავშვი რთულ კითხვას დაგისვამთ, ნუ შეშინდებით. აჯობებს, თუ შვილის კითხვებს მომზადებული დახვდებით. ჩვენს სტატიაში რამდენიმე რეკომენდაციას შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით შვილის რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ.

  • ბავშვს არ გაუბრაზდეთ

ხალხთან ერთად ბავშვი უხერხულ კითხვას თუ სვამს, ნუ გაბრაზდებით. თავი ხელში აიყვანეთ და პასუხის გასაცემად მოემზადეთ. შეგიძლიათ, გულის სიღრმეში ჩუმად იყვიროთ ან იტიროთ, მაგრამ ბავშვს მშვიდად ესაუბრეთ, რათა მან თქვენ მიმართ გულღია დამოკიდებულება არ დაკარგოს. ბავშვს თუ უყვირებთ ან გაკიცხავთ უხერხული კითხვის დასმის გამო, მას თქვენთან გულახდილი საუბრის ყოველთვის შეეშინდება. ისე მოიქეცით, რომ თქვენი შვილი თქვენთან საუბარს საინტერესოდ აღიქვამდეს და გენდობოდეთ.

  • ბავშვს ნუ მოატყუებთ

ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება თქვენს შვილს გაუკეთოთ, მისთვის ტყუილის თქმაა. მშობლები ძალიან განიცდიან, როდესაც შვილები ატყუებენ, შესაბამისად, ისინიც უნდა გაუფრთხილდნენ პატარების გრძნობებს. თუ ბავშვს მოატყუებთ, მას თქვენს მიმართ უნდობლობა გაუჩნდება. პატივი ეცით თქვენს შვილებს და მათთან ყოველთვის მართალი იყავით. ამგვარად ისინი სიმართლის დაფასებას ისწავლიან. თუ ბავშვი თოვლის ბაბუის შესახებ გეკითხებათ, უმჯობესია, თუ მასთან გულახდილი იქნებით. ბავშვს აუხსენით, რომ თოვლის ბაბუას საახალწლო განწყობა და საჩუქრები მოაქვს, რომ ის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც ადამიანებს აბედნიერებს.

  • კითხვაზე პასუხი თუ არ გაქვთ, გარკვეული დრო ფიქრს დაუთმეთ

ბავშვი მეტისმეტად რთულ კითხვას თუ სვამს, ღრმად ჩაისუნთქეთ და უთხარით, რომ ეს შესანიშნავი კითხვაა. შემდეგ წამოდექით და ოთახიდან გადით, ამასთან ბავშვი გააფრთხილეთ, რომ მალე დაბრუნდებით. შეგიძლიათ, ბავშვს გულახდილად უთხრათ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ. თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, რომელმაც ბევრი რამ არ იცის. ბავშვს უთხარით, რომ კითხვაზე დაფიქრდებით და პასუხს გასცემთ. მომავალში თქვენი დანაპირები აუცილებლად შეასრულეთ. არასდროს სცადოთ, რომ ბავშვისთვის პასუხის გაცემას თავი აარიდოთ.

  • კითხვები მეტისმეტად სერიოზულად არ აღიქვათ

ბავშვი მეტისმეტად უცნაურ კითხვებს თუ სვამს, არ ჩათვალოთ, რომ მას ყველაფერი რიგზე არ აქვს. ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. ისინი ცდილობენ, რომ სამყარო შეიმეცნონ. ბავშვის მიერ დასმული კითხვების სირთულე არ უნდა გაშინებდეთ.

  • ბავშვის მიერ დასმული კითხვები შემეცნებისთვის გამოიყენეთ

ბავშვები ხშირად დაგაფიქრებენ ისეთ საკითხებზე, რომელზე პასუხის მოძიება არ შეგიძლიათ. ისინი შთაგაგონებენ და მნიშვნელოვანი პასუხების ძიებისკენ მოგიწოდებენ. ბავშვის კითხვები შემეცნებისთვის გამოიყენეთ. ეცადეთ, ყოველთვის მზად იყოთ შვილთან სერიოზულ თემებზე საუბრისთვის და მისთვის მნიშვნელოვანი რჩევების მისაცემად.

მომზადებულია ​homeschoolgiveaways.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად