Baby Bag

,,ქება ყოველთვის ვერ იქნება კარგი ქცევის გარანტი, ის კარგი იარაღია, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება''

,,ქება ყოველთვის ვერ იქნება კარგი ქცევის გარანტი, ის კარგი იარაღია, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება''

როგორ შევაქოთ ბავშვი, რომ ეს მისთვის სასარგებლო იყოს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შექებას ჰქონდეს მამოტივირებელი ძალა და როგორი შენიშვნა აისახება მასზე ცუდად? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ტრენერი/სპიკერი, ქცევითი თერაპევტი ნინი ბრეგვაძე.

- როგორ შევაქოთ ბავშვი ისე, რომ ეს მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს ?

დავიწყოთ იმით, რომ შექება ყველა ბავშვს სჭირდება. ამით მას უჩნდება კონკრეტული ქცევის გამეორების მოტივაცია ან იმაზე მეტის გაკეთებისა, ვიდრე მოცემულ მომენტში შეუძლა. სწორი შექება ბავშვს უყალიბებს ადეკვატურ თვითშეფასებას, ასწავლის მას მიზნის მისაღწევად საჭირო მცდელობების განხორციელებასა და სირთულეების გადალახვას.

ბავშვი გარკვეულ ასაკამდე თავისით ვერ ახერხებს თვითმოტივაციას, მან ჯერ კიდევ არ იცის რისი გაკეთება შეუძლია და რას მოელიან მისგან, რა არის აკრძალული და როგორი ტიპის ქცევა დაეხმარება წარმატების მიღწევაში. მას ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია საკუთარი შესაძლებლობები. შესაბამისად, სჭირდება ავტორიტეტული ადამიანების მიერ სწორი უკუკავშირის მიღება, რაც ჯანსაღ შენიშვნასა და შექებაში გამოიხატება.

იმისთვის, რომ შექებას ჰქონდეს მამოტივირებელი ძალა, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს:

1. შექება აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი, დამსახურებული და ფაქტებზე დაფუძნებული (დაუმსახურებელი შექება უარყოფით უკურექციას იძლევა). შექება ხაზს უნდა უსვამდეს ბავშვის დამსახურებებს, მის მიერ გაწეულ შრომას და არა იმას, რაც ბავშვის თანდაყოლილი შესაძლებლობაა, რაშიც მას წვლილი არ მიუძღვის. მაგალითად, არასწორია: ,,როგორი ნიჭიერი ხარ...“, ,,როგორი ლამაზი ხარ..“ და ა.შ. ეს უბრალოდ მოცემულობაა, შეფასებაა და არა შექება. აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რაც მისი უპირატესობაა, თანდაყოლილია, ეს მისი დამსახურება და შრომის შედეგი არ არის. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მისთვის მამოტივირებელი. ბავშვი დადებითად რეაგირებს შექებაზე, რომელიც აჩვენებს მშობლის გულწრფელ ემოციას და ხაზს უსვამს მის მიერ გაწეულ შრომას. თუ ბავშვმა მონდომებით იმეცადინა და დავალება შესაძლოა არც ისე კარგად, მაგრამ მონდომებით შეასრულა, შეიძლება მშობელმა უთხრას: „ვაფასებ შენს შრომას, რამდენი დრო დახარჯე დავალების შესასრულებლად. ბედნიერი ვარ, როცა ასეთ მონდომებას ვხედავ“. ბავშვი იღებს გულწრფელ ემოციებს და დამსახურებულ შექებას, რაც მისთვის მამოტივირებელი იქნება. ის ნახავს, რომ მისმა შრომამ უკვალოდ არ ჩაირა;

2. მნიშვნელოვანია შექება მიემართებოდეს ბავშვის საქციელს და არა თავად ბავშვს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მის პიროვნებას ვაფასებთ. აქ იგულისხმება ისეთი ტიპის კომენტარები როგორიცაა: „კარგი გოგო/ბიჭი ხარ, კარგად რომ იმეცადინე“, ,,კარგი გოგო/ბიჭი ხარ კბილები დამოუკიდებლად, რომ გაიხეხე“, და სხვა. მსგავსი კომენტარები ბავშვს რაიმე დადებითი საქციელის გამო კი არ აქებს, არამედ მის პიროვნებას აფასებს. ბავშვი არაცნობიერად ასკვნის, რომ თუ ასე კარგად არ იმეცადინებს კარგი აღარ იქნება. სწორი იქნებოდა შექების ფორმა ,,კარგად მოიქეცი ასე გულმოდგინედ, რომ იმეცადინე“. აქცენტი უნდა დაისვას კონკრეტულ ქმედებაზე და არა პიროვნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ჩათვლის, რომ კონკრეტული ქმედების გამო იგი პიროვნულად არის ცუდი ან კარგი. ეს მის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს და მომავალში უამრავ სირთულეს იწვევს. 

გარდა ამისა, როცა ბავშვი მსგავსი ტიპის შეფასებებს იღებს, ფიქრობს, რომ თუ კარგი იქნება, დედას ეყვარება, მაგრამ თუ ცუდად მოიქცევა, ცუდი გახდება და დაკარგავს მის სიყვარულს. ეს ბავშვებში დიდ შფოთვას იწვევს. მან უნდა იცოდეს, რომ ის დედას ყველა შემთხვევაში უყვარს, უბრალოდ, მისი ზოგიერთი საქციელი ცუდია და დედას სწყინს, ზოგიერთი კი ძალიან ახარებს და სასიამოვნო შედეგები მოჰყვება. ამით ბავშვი არ დაკარგავს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიყვარულს. მათ უარყოფის ძალიან ეშინიათ.

სწორი იქნებოდა, მშობელს ეთქვა: „მიხარია, ასე კარგად რომ იმეცადინე, შენ ძალიან გაისარჯე, რამდენი იშრომე, ალბათ, როგორ დაიღლებოდი, მოდი ახალა ერთად ვითამაშოთ, ფილმი ვნახოთ, წიგნი წავიკითხოთ“, ან ბავშვისთვის სასიამოვნო სხვა აქტივობა შეეთავაზებინა. კარგი საქციელის გამო, ბავშვმა უნდა დაიმსახუროს მეტი ყურადღება მშობლისგან, კარგია თუ მშობელი საჩუქრების ყიდვის ნაცვლად თავად გამონახავს დროს ბავშვთან ყოფნისთვის, ეს მათ განსაკუთრებით ახარებთ (განსაკუთრებით, დღევანდელ რეალობაში, როდესაც მშობლების დაკავებულობის გამო ბავშვებს მათთან დროის გატარების შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ). ამით ბავშვი იგრძობს როგორ ფასდება მისი ნებისმიერი სახის შრომა, ეს გაზრდის მომავალში იმავე ქცევის განხორციელების ალბათობას. უბრალოდ ნათქვამი - ,,კარგი გოგო ხარ“ კი არაფერს ცვლის.

მეორე შემთხვევაც მსგავსია. კარგი ბიჭის ან გოგოს იარლიყის მიკვრის ნაცვლად, აჯობებდა მშობელს ეთქვა: „ძალიან გამეხარდა კბილების გახეხვა დამოუკიდებლად რომ შეძელი, შენ უკვე აღარ დაგჭირდა ჩემი დახმარება“. აქ ჩანს მშობლის ემოცია, ჩანს ისიც თუ როგორ შეძლო ბავშვმა ის, რაც მანამდე არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა, ეს მისთვის მამოტივირებელი იქნება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული საქციელია ცუდი ან კარგი და არა თვითონ;

3. შექებისას კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალია: ბავშვი სხვას არასოდეს შეადაროთ, ერთადერთი ვისაც ადარებთ ეს არის თავად, წარსულსა და აწმყოში. მაგალითად, „რა კარგიამ კლასში საუკეთესოდ შენ რომ შეასრულე დავალება“, „ყოჩაღ, დღეს შენს დაზე კარგად დაალაგე ნივთები“ და სხვა. ერთადერთი, ვისაც შექება უნდა ეხებოდეს, თავად ბავშვია, ერთადერთი, ვისაც უნდა შეადაროთ, ეს თავადაა წარსულსა და მოცემულ მომენტში. მშობელმა შეიძლება თქვას: „რა კარგია ასე კარგად რომ შეასრულე დავალება, შეცდომები თითქმის არ გქონია, ყველა ასო სწორად გამოწერე, ადრე შენ ეს არ შეგეძლო, მინიმუმ ხუთი შეცდომა მაინც გქონდა, ახლა კი ერთიც არ შეგეშალა, ეს შენი შრომის შედეგია“. სწორედ მსგავს შექებას აქვს მამოტივირებელი ძალა. ამ დროს ბავშვი რეალურად ხედავს გაწეული შრომის შედეგს. მსგავსი უკუკავშირების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა და იშრომოს მიზნების მისაღწევად ისე, რომ აღარ სჭირდებოდეს სხვებთან ჭიდილი.

- რა შეიძლება გამოიწვიოს გადამეტებულმა და არაჯანსაღმა შექებამ?

შეცდომები, რომლებსაც შექების დროს ხშირად უშვებენ ესაა: დაუმსახურებელი, არაგულწრფელი და არათანმიმდევრული შექება, გადაჭარბებული ემოციები შექებისას, ზედმეტად ხშირი, ყველაფრის გამო ქება-დიდება. ყოველი არასწორად გამოყენებული ან ყალბი შექება უარყოფით უკურეაქციას იძლევა.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ ბავშვი უნდა შევაქოთ მისი მონდომების და არა მისი თანდაყოლილი უპირატესობების გამო. მან უნდა მიიღოს შექება, რომელიც ნამდვილად დაიმსახურა. ვთქვათ, ბავშვმა დავალების შესრულებისას რამდენიმე ასო შეცდომით გამოწერა ან სხვა სახის შეცდომა დაუშვა. როგორ მოვიქცეთ, არ შევაქოთ თუ მაინც მიიღოს ჩვენგან დიდი აღფრთოვანება? მშობელმა ან მასწავლებელმა სწორედ მსგავს შემთხვევებში უნდა გამოიყენოს კონსტრუქციული შექება - თავდაპირველად შეაქოს გაწეული შრომისთვის და შემდეგ მიუთითოს რა აქვს გამოსასწორებელი. მაგალითად, „ყოჩაღ, როგორ მონდომებით შეასრულე დავალება, ბევრი იშრომე. დავალებაში რამდენიმე შეცდომას ვხედავ, მოდი მოვნიშნოთ და მოვიფიქროთ, როგორ ჩავასწოროთ. წინა დავალებასთან შედარებით ნაკლები შეცდომა გაქვს, მე ამას ძალიან ვაფასებ“. თუ შეცდომების მიუხედავად ბავშვს ვეტყვით „ყოჩაღ, რა კარგად შეასრულე დავალება“ ეს არ იქნება მისთვის მამოტივირებელი. ბავშვი თვითონაც ხედავს, რომ შეეშალა, გაედღაბნა ან შემთხვევით უჯრებს გადასცდა წერის დროს, მაგრამ უფროსები მაინც აქებენ. ეს არათუ ზრდის, არამედ ამცირებს მოტივაციას. უფრო მეტიც, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რა დროს არიან უფროსები გულწრფელები. ამიტომ, შესაძლოა, დაუმსახურებელმა შექებამ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებშიც კი დააეჭვოს. დაუმსახურებელი შექება ბავშვს ხშირად შინაგანი პროტესტის განცდას უჩენს. ის ხვდება, რომ ისეთი კარგი არ არის, როგორადაც სხვები ხედავენ, ამიტომაც, ან ითრგუნება, ან ცდილობს ცუდი ქცევებით დაუმტკიცოს უფროსებს, რომ ნამდვილად არ არის ისეთი კარგი, როგორც მათ ჰგონიათ. სწორედ ამის გამო, მშობლებიც ხშირად იბნევიან, ვერ გაუგიათ რატომ იქცევა ბავშვი ასე ცუდად მაშინ, როცა სულ აქებენ. ქება ყოველთვის ვერ იქნება კარგი ქცევის გარანტი, ის კარგი იარაღია, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება.

შექებამ ბავშვის მცდელობები, ინიციატივები, მისი გამბედაობა და ცნობისმოყვარეობა უნდა წაახალისოს. არასწორმა შექებამ კი, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სიახლეების მოსინჯვას. მაგალითად, ბავშვი კარგად ხატავს, მშობელი კი ეუბნება: „ყოჩაღ, საუკეთესო ხარ, საოცრად ნიჭიერი ხარ!“ ამ დროს, ბავშვმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ისედაც კარგად ხატავს, საოცარი შესაძლებლობები აქვს და სულაც აღარ სჭირდება ბევრი გარჯა. სულ რამდენიმე კონტური მოხაზა, მაგრამ მაინც დიდი ოვაციები დაიმსახურა. მაშინ რაღა საჭიროა განვითარება? გარდა ამისა, მსგავსი ტიპის შექება შესაძლოა, ბავშვისთვის დამაბნეველიც კი აღმოჩნდეს. ,,შენ საუკეთესო ხარ!“ რას ნიშნავს ეს? რატომ არის საუკეთესო? შეიძლება ჩათვალოს, რომ ამაზე უკეთესი უბრალოდ ვეღარ გახდება, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, არ უშრომია, მაგრამ მაინც საუკეთესოა. შესაბამისად, რაღაში სჭირდება ძალისხმევა რაიმე ახლის მისაღწევად? ეს ისედაც კარგად გამოსდის. თუმცა, როგორც კი ის აღმოჩნდება ოჯახის გარდა სხვა სივრცეში/ სოციუმში, მაშინვე დადგება სირთულეების წინაშე. სხვებისგანაც მოინდომებს მისი ყველა თვისების შექებას, მოელის დაუმსახურებელ აღიარებას, ვერ მიღების შემთხვევაში კი იმედი უცრუვდება, მსგავსი დაუმსახურებელი და გადაჭარბებული შექების გამო ბავშვები სულ მცირე წარუმატებლობასაც კი ძალიან მწვავედ აღიქვამენ, ეშინიათ შეცდომების დაშვების და აღარ არიან ბრძოლისუნარიანები. მათ ხომ დააჯერეს, რომ საუკეთესონი არიან, მაშინ რატომ არ აღიარებს ამას ყველა, ვინც მათ გარშემოა? როგორ შეიძლება იყო საუკეთესო და თან შეცდომებს უშვებდე? შესაბამისად, აქ ჩნდება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ეჭვი. გადამეტებული ქება-დიდების გამო ვერ განვითარდა შეცდომის დაშვებისა და გამოსწორებისთვის საჭირო უნარები, რადგან ამის გამოცდილება არასდროს ან ძალიან მცირე დოზით ჰქონდა, მასზე აქცენტირება არასდროს ხდებოდა, ამიტომაც, ბავშვმა არ იცის როგორ გაუმკლავდეს შეცვლილ გარემოს ისე, რომ შეინარჩუნოს თავდაჯერებულობა. სწორედ ამიტომ არის საჭირო შექებისას სწორი აქცენტების დასმა და რეალური გრძნობების გამოხატვა.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც უფროსები ბავშვებთან ურთიერთობისას ვუშვებეთ, ხშირი შექებაა. ზომიერების დაცვა აუცილებელია. თუ ბავშვს შევაქებთ მისი ყოველი ქმედების გამო ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ბავშვი რაღაცების კეთებას დაიწყებს არა განვითარების, არამედ შექებისა და სარგებლის მიღებისთვის. არადოზირებული შექება ვერ გაზრდის მოტივაციას, პირიქით, მსგავსი პრინციპით აღზრდილი ბავშვები უფროსებისგან მუდმივად თავიანთი ქმედების შეფასებას მოითხოვენ. დადასტურებას, მოიქცნენ თუ არა კარგად. ისინი ზრდასრულობაშიც კი დაელოდებიან სოციუმის მხრიდან აღიარებას.

- როგორი და რა ვითარებაში მიცემული შენიშვნა ესმით ბავშვებს არასწორად?

უფროსები ხშირად გაუცნობიერებლად ბავშვის დადებით ქცევას სრულიად ნორმალურად ვთვლით. მიგვაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ხშირად ის შეუმჩნევლად, ყოველგვარი რეაგირების გარეშე გვრჩება. მაგალითად, ბავშვმა მიალაგა საკუთარი ნივთები, ჩაალაგა ჩანთა ან ყუთიდან გადმოყრილი სათამაშოები უკანვე დააბრუნა, დამოუკიდებლად იმეცადინა და ლექსი უშეცდომოდ წარმოთქვა. მსგავსი დადებითი ქცევები უფროსებისგან ხშირად უყურადღებოდ რჩება მაშინ, როცა შექებას სწორედ ასეთი, სპონტანური და სხვების მითითების გარეშე გამოვლენილი დადებითი ქცევები იმსახურებს. 

სამაგიეროდ, როგორც კი რამეს არასწორად გააკეთებს, ბავშვი მაშინვე იღებს უამრავ შენიშვნას ოჯახის ყველა წევრისა თუ მასწავლებლისგან და თან შენიშვნას იღებს არა როგორც უკუკავშირს, არამედ როგორც შეფასებას: „რა არის ეს, როგორ გადმოგიყრია შენი ნივთები?“ „ხომ შეგიძლია, როცა უფროსები ვსაუბრობთ წყნარად იჯდე? როგორი ცუდი ბავშვი ხარ!“ და სხვა. ხშირად, შენიშვნაში ვდებთ ინფორმაციას, თუ რა არ მოგვეწონა, მაგრამ არ ვამბობთ რას მოველით ბავშვისგან, რა მოგვეწონებოდა. იქნებ ბავშვმა სულაც არ იცის რისი გამოსწორებაა საჭირო?! ის ხედავს, რომ საუბარს უკრძალავენ, მაგრამ ვეღარ იგებს რას მოელიან უფროსები მისგან. შესაბამისად, შენიშვნას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ინსტრუქცია, თუ რა უნდა გაკეთდეს. დავუშვათ, ბავშვმა ფერადი ფანქრები წვერის გათლის მცდელობისას სულ დაამტვრია. ნაცვლად იმისა, რომ მას ვუთხრათ „ცუდი ბავშვი ხარ“, უკეთესია გამოვიყენოთ კონსტრუქციული შენიშვნა „საწყენია ფანქრები რომ დაამტვრიე, ასე ვეღარ შეძლებ შენი საყვარელი ნახატების გაფერადებას. უკეთესი იქნებოდა დახმარება გეთხოვა და ფანქრები ერთად გაგვეთალა ან უფრო ფრთხილად ყოფილიყავი“. ასე ბავშვმა იცის, რომ ფანქრების დამტვრევა დედას არ მოეწონა, თუმცა ისიც იცის, რომ სჯობს სხვა დროს დახმარება ითხოვოს. გარდა ამისა, ფანქრების დამტვრევის გამო ის ცუდი არ არის, უბრალოდ, მისმა საქციელმა ვერ დაიმსახურა შექება. მსგავსი შენიშვნით ბავშვის პიროვნებასა და თვითშეფასებას საფრთხე არ ემუქრება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად ბავშვები ცუდად განზრახ იქცევიან. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა უფროსებისგან კარგი საქციელის გამო შექება და მათი ყურადღების მიღება დეფიციტურია. ბავშვებს სჭირდებათ უფროსების ყურადღება და თუ დადებითი ქცევით მათგან ამას ვერ იღებენ, იწყებენ მანკიერი გზების გამოყენებას. იქცევა ცუდად და იცის, რომ ამით მაინც აუცილებლად დაიმსხაურებს შენიშვნას, ეს კი ყურადღების ცენტრში მოაქცევს. მათთვის უყურადღებობას ნეგატიური ყურადღება სჯობს, შესაბამისად, ყოველთვის, როცა ყურადღება მოაკლდება, გაუცნობიერებლად ან სრულიად გააზრებულად, ცუდად მოიქცევა. ამიტომაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჭიროა ბავშვის დადებითი ქცევების წახალისება, სულ მცირე, ყოველდღიური ინიციატივების გამო შექება: „რა კარგია, დამოუკიდებლად რომ შეძელი კბილების გახევა, დღეს ბევრად უკეთ გამოგივიდა“, „როგორი ყურადღებით კითხულობ“, რაც უფრო მეტად წახალისდება ბავშვის დადებითი ქცევა, მით ნაკლებად გამოვლინდება არასასურველი.

შენიშვნის მიცემა აუცილებლად დაბალანსებული, შეთანხმებული და კონსტრუქციული უნდა იყოს. თუ რომელიმე ქცევის გამო ხან შენიშვნას აძლევენ და ხან არც კი იმჩნევენ, მაშინ ეს შენიშვნა ვერც დადებით და ვერც უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. ამ შემთხვევაში, ბავშვი ვერ იგებს რატომაა ეს საქციელი ხან დასაშვები, ხან არა, რატომ აძლევს დედა შენიშვნას და მამა რატომ აძლევს იმავე ქცევის გამოვლენის შესაძლებლობას. დაბალანსებული და შეთანხმებული სწორედ ეს იგულისხმება: თუ დედა ბავშვს შენიშვნას აძლევს ჭამის დროს მულტფილმის ყურების გამო, იმავეს უნდა აკეთებდნენ ოჯახის დანარჩენი წევრებიც. ასევე, თუ მულტფილმის ყურებისას ჭამა დაუშვებელია დილით, დაუშვებელი უნდა იყოს დღის სხვა მონაკვეთშიც. მაშინაც, როცა სახლში სტუმრები არიან და მაშინაც, როცა ბავშვი მარტოა. ამით ის ეჩვევა სწორ რეჟიმს და იცის, რომ რაღაც საქციელი არ არის მისაღები. სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ ვერ გაიგებს, რატომ იცვლება წესები უფროსების ხასიათის მიხედვით.

მაშასადამე, შექებასაც და შენიშვნასაც სჭირდება ზომიერება, რათა ის გახდეს ბავშვის მამოტივირებელი ძალა და დაეხმაროს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. შექება და შენიშვნა ბავშვს უნდა ეხმარებოდეს აღმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, მოსინჯოს სიახლეები, იყოს გამბედავი, შეინარჩუნოს ინტერესები და არა პირიქით. შენიშვნაც და შექებაც უნდა იყოს იმდენად დოზირებული და შეძლებისდაგვარად სწორად მიწოდებული, რომ მომავალში მივიღოთ პიროვნება, რომელსაც ექნება ადეკვატური თვითშეფასება და არ დაელოდება მუდმივად სხვების მიერ აღიარებას.

მაშასადამე, იმისთვის, რომ შექება და შენიშვნა ბავშვისთვის იყოს მამოტივირებელი და იმოქმედოს დადებითად, საჭიროა:

  • ვიყოთ გულწრფელები, შენიშვნისა და შექებისას ზომიერები და არ გადავაჭარბოთ ემოციების გამოხატვისას. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მიღებული უკუკავშირი დამსახურებულია;
  • შექება ხაზს უნდა უსვამდეს ბავშვის დამსახურებებსა და მის მიერ გაწეულ შრომას;
  • შექებაც და შენიშვნაც უნდა მიემართებოდეს ბავშვის საქციელს და არა თავად ბავშვს, მის პიროვნებას. მან უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული საქციელის გამო თავად ცუდი ან კარგი ვერ გახდება;
  • შექების ან შენიშვნის დროს, ბავშვი არასოდეს უნდა შევადაროთ სხვებს. ერთადერთი, ვისაც ვადარებთ ეს არის თავად, წარსულსა და აწმყოში. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ გაწეული შრომის შედეგად შეუძლია ის, რაც ადრე არ შეეძლო.
  • შექებამ უნდა წაახალისოს ბავშვის მცდელობები: სიახლეების მოსინჯვის მცდელობა, ინიციატივები, მისი გამბედაობა და ცნობისმოყვარეობა;
  • შენიშვნის მიცემა აუცილებლად დაბალანსებული, შეთანხმებული და კონსტრუქციული უნდა იყოს;
  • შენიშვნის მიცემისას, ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს რომელი საქციელია მიუღებელი და რა უნდა გამოსწორდეს;
  • შექებისას ან შენიშვნის მიცემისას ბავშვს აჩვენეთ თქვენი ემოცია, დაეხმარეთ და მიეცით საშუალება თავადაც გაიაზრონ კონკრეტული ქცევის დადებითი/უარყოფითი მხარეები და, რაც მთავარია, აჩვენეთ, რომ უპირობოდ გიყვართ. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი კონკრეტული ქცევა ვერ შეცვლის ამ განსაკუთრებულ გრძნობას.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

შეიძლება დაინტერესდეთ

ძილის დარღვევის მიზეზებსა და ღამე ტირილით გაღვიძების თემაზე MomsEdu.ge-ს ნეიროფსიქოლოგი თამარ ტატიშვილი ესაუბრა

ძილის დარღვევის მიზეზებსა და ღამე ტირილით გაღვიძების თემაზე MomsEdu.ge-ს ნეიროფსიქოლოგი თამარ ტატიშვილი ესაუბრა

რა არის ძილის დარღვევის მიზეზი და რატომ ეღვიძებათ ბავშვებს ღამე ტირილით? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თამარ ტატიშვილი.

- რა გულისხმობს ძილის დარღვევა და რამდენად ხშირია ის ბავშვთა ასაკში?

- ძილის დარღვევაზე მიანიშნებს, როდესაც სახეზეა ჩაძინების, ძილის პროცესის და ხარისხის შენარჩუნების ან გაღვიძების სირთულე. ზოგადად, ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძილის დარღვევებზე საუბრისას. რაც მაგალითად, გარკვეულ ასაკში ნორმად მიიჩნევა, იგივე მახასიათებლები დარღვევაა განვითარების სხვა ეტაპებზე, ამ შემთხვევაში, უმჯობესია ბავშვთა ასაკი შემოვფარგლოთ და შევეხოთ გარდატეხის ასაკამდე პერიოდს (0-დან - 11-12 წლამდე). ამ ასაკობრივ კატეგორიაში ძილის დარღვევები დაახლოებით 30% ში გვხვდება. აღსანიშნია, რომ 1-2 დღიანი ეპიზოდი, როცა ბავშვს ძილის პრობლემა აქვს, ძილის დარღვევად არ განიხილება. მაგრამ თუ კვირაში მინიმუმ 3 - ჯერ ან მეტჯერ ვლინდება ძილის სირთულეები და ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ეს საკითხი, რადგან მოწესრიგებული ძილი ბავშვებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური, შემეცნებითი თუ ემოციური სფეროს ჯანსაღად განვითარებისთვის.

- ძილის დარღვევის ფორმებსა და მიზეზებზე რომ ვისაუბროთ.

- ძილის დარღვევებამდე, ნორმებს შევეხები, რა ასაკში რა ხანგრძლივობის ძილია საჭირო დღე - ღამის განმავლობაში. 

მაგალითად, 

ახალშობილებს 16 - დან 20-საათამდე სძინავთ, ხანმოკლე ინტევალებით,

1-დან 3 წლამდე მინიმუმ 11, მაქსიმუმ 14 საათია რეკომენდებული შუადღის ძილის ჩათვლით,

3-6 წლამდე - 10-13 საათი ჯამში, 

6 წლიდან 12 წლამდე - საშუალოდ 9-12 საათი.

შესაძლოა, ბავშვს ეძინოს ნორმალური ხანგრძლივობით, მაგრამ დღის განმავლობაში მაინც დაღლილი, მოთენთილი, გაღიზიანებული იყოს, აღენიშნებოდეს კონცენტრირების და მეხსიერების პრობლემები. ასეთ დროს, შესაძლოა, ძილის ფაზების მონაცვლეობა და ხანგრძლივობა იყოს დარღვეული. ამის განმაპირობებელი, ხშირად, ძილის დროს არასასრუველი გარემო პირობებია (ხმაური, სინათლე, ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ოთახში, საწოლის ზედმეტად მყარი ან რბილი ზედაპირი თუ არასაკმარისი ზომა, ან საკვები (ძირითადად სტიმულანტები). იშვიათ შემთხვევაში ფიზიოლოგიური საფუძვლისაც შეიძლება იყოს და სხვა დარღვევაზე მიანიშნებდეს, მაგალითად, რესპირატორული სისტემის პრობლემები, ძილში სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები (აპნოე), ნეიროგანვითარების დარღვევები, როგორიცაა ADHD, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ეპილეფსია, დეპრესია, მომატებული შფოთვა ხშირად განაპირობებს ძილის პრობლემებს.

ბავშვებში ძილის დარღვევების ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა არასრული გამოღვიძების ეპიზოდები ძილში, რომლის დროსაც დამახასაითებელია სიარული, ლაპარაკი, სიზმრის საშიში შინაარსით განპირობებული რეაქციები. არასრული გამოღვიძებისას ცნობიერება დაბინდულია, კონტაქტი გაძნელებული და სრული გამოფხიზლებისას არ ახსოვთ აღნიშნული ეპიზოდი.

ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირად ვხვდებით, ასევე, მოუსვენარი კიდურის სინდრომს, როდესაც ბავშვს უმოძრაოდ ყოფნისას შემაწუხებელი შეგრძნებები უჩნდება კიდურებში (ძირითადად ფეხებში), ეს შეგრძნებები ქრება კიდურის გამოძრავებისთანავე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი მოძრაობა შეიძლება ღამის განმავლობაში ასეულობით დაფიქსირდეს, კიდურის გამოძრავებისას ბავშვს რომც არ გაეღვიძოს, ეს მაინც ახდენს გავლენას ძილის მიმდინარეობაზე და ხარისხზე (გაღვიძებისას, ბავში დაღლილია). ხშირად ამ დიაგნოზის მიზეზად რკინის დეფიციტი მიიჩნევა და ზოგჯერ მხოლოდ რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება აგვარებს პრობლემას. თუმცა, შეიძლება მიზეზი სხვა, უფრო სისტემური პრობლემაც იყოს და ამიტომ სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია.

ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ძილისთვის ხელშემწყობი პირობების და დიდი მცდელობის მიუხედავად, ბავშვებში ძილი ღამით 2, ზოგჯერ 4 საათით გადავადებულად დგება. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც სოციალურად მიღებული ძილის პერიოდზეა მორგებული სკოლა, ბაღი და ა.შ. მუდმივად გამოუძინებელი ბავშვი კი ხშირად ემოციურად მოწყვლადი, აკადემიურად წარუმატებელი და თანატოლებისგან გარიყულია. ის, რომ ბავშვი “გვიან იძინებს, მაგრამ გემრიელად სძინავს”, არ უნდა იყოს სიმშვიდის საფუძველი და დროულად უნდა ვიზრუნოთ ძილ-ღვიძილის ციკლის დარეგულირებაზე. ამის მიზეზი ფიზიოლოგიურია, მაგრამ არამედიკამენტური მიდგომებით მართვადი. ნორმაში, ბავშვს ჩაძინებისთვის 10 - დან 30 წუთამდე პერიოდი სჭირდება. თუ 2-3 წუთში იძინებს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ძილის დეპრივაცია აქვს ანუ არ სძინავს იმდენი, რამდენიც სჭირდება დღე-ღამის განმავლობაში.

- რატომ ეღვიძებათ ბავშვებს ღამე ტირილით?

- ბავშვებში, კონკრეტულად ჩვილებში, ტირილით გაღვიძების მიზეზი შეიძლება იყოს შიმშილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებით გამოწვეული დისკომფორტი, ღრძილების ქავილი, გარემოში არსებული შეგრძნებებით (ხმაური, ვიბრაცია, განათება) გამოწვეული შფოთვა და სხვა.

შედარებით მოზრდილებთან - განშორების შფოთვა, სიზმრის საშიში შინაარსი, უნებლიე შარდვის ეპიზოდები, ღამის ტერორები. ამის ტერორები ძირითადად 4-12 წლის ასაკში გვხვდება. ამ დროს ბავშვი კივილით და ტირილით წამოჯდება საწოლზე, თვალები გახელილი აქვს, ოფლიანდება, შეშინებულია, მაგრამ არ ღვიძავს სრულად. ეს ეპიზოდი დაახლოებით 5 წუთი გრძელდება, შემდეგ ისევ აგრძელებს ძილს. ღამის ტერორები არ უკავშირდება სიზმარს და ძილის ფაზების მონაცვლეობისას ვლინდება. ძირითადად მაშინ ხდება, როცა ბავშვი გადაღლილია, დასაძინებელ გარემოს იცვლის ან ავად არის და როგორც წესი, რამე ორგანულ პათოლოგიაზე არ მიანიშნებს.

- როდის არის საჭირო სპეციალისტის დახმარება და როგორ ხდება პრობლემის აღმოფხვრა?

- თუ ძილის დარღვევები მეორადი სახითაა და შედეგია მაგალითად, დეპრესიის, წამლის გვერდითი მოქმედების, რკინის დეფიციტის ან ისეთი სამედიცინო პრობლემითაა განპირობებული, როგორიცაა აპნოე, სუნთვის რეგულაციის დაღვევები, რესპირატორული პრობლემები, საჭიროა პირველად მიზეზზე მუშაობა და პარალელურად ძილის ჰიგიენაზე ზრუნვა. ამისთვის, შესაბამისი სპეციალისტის ჩარევაა საჭირო, რადგან მხოლოდ ძილის მოწესრიგებაზე განცალკევებულად მუშაობა არ იქნება შედეგიანი.

თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში, ქცევითი თერაპია და მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინება საკმარისია, რომ ბავშვებს ძილ - ღვიძილის ციკლი მოვუწესრიგოთ.

  • საწყის ეტაპზე, ბავშვს, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ ძილის მნიშვნელობა. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ძილის დროს იზრდება, უფრო ძლიერი და ჭკვიანი ხდება, ნასწავლს კარგად იმახსოვრებს, და ა.შ. რეალურად ამ ტექსტით არ ვატყუებთ მას, ძილის დროს მართლაც გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, უმჯობესდება იმუნიტეტი, შემეცნებითი ფუნქციონირება და სტრესებისადმი მედეგობა;
  • იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ლაპარაკობს ძილში, არ არის სასურველი, რომ გამოველაპარაოკოთ, ან ვეცადოთ გამოფხიზლებას და მოვუყვეთ ამის შესახებ. ამით ჩაძინების ეტაპს უფრო გავუხანგრძლივებთ და თავსაც უხერხულად ვაგრძნობინებთ. ეცადეთ, იყოთ მასთან ახლოს და ნაზად დამამშვიდებელი ბგერებით უბიძგოთ ძილისკენ;
  • თუ ბავშვი საწოლიდან დგება და დადის, პასიურად უბიძგეთ საწოლისკენ, არ შეანჯღიოთ, დარწმუნდით, რომ არაფერს ვნებს საკუთარ თავს ან სხვას. თუ ეს ეპიზოდი ხშირად მეორდება და არ უკავშირდება ზედმეტად გადაღლას, მაღალ სიცხეს ან არარეგულარულ ძილის რეჟიმს, მიმართეთ ექიმს;
  • ადვილად ჩაძინებისთვის ბავშვი ძილის წინ, არც ზედმეტად უნდა იყოს გამოკვებილი და არც მშიერი;
  • ჩაძინებამდე ბავშვმა არ უნდა გაატაროს დრო ეკრანთან. ეკრანის განათება დღის სინათლის სიმულაციის სიგნალს გზავნის ტვინში და ხელს უშლის ძილის ჰორმონის გამომუშავებას;
  • ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს არ უნდა იყოს ზედმეტი ხმაური, განათება, სიცხე.
  • ბავშვი უნდა მოერიდოს კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებას ძილის წინ, 2 საათით ადრე;
  • ძილის წინ მნიშნველოვანია რუტინის შემუშავება. პირობითად, რაიმე სამაგიდო თამაში ოჯახის წევრებთან ერთად, შემდეგ ზღაპრის წაკითხვა, შემდეგ შხაპი, კბილების გამოხეხვა, პიჟამოს ჩაცმა, დაწოლა. აქტივობები ყოველთვის ერთი და იგივე დროს და ერთი და იმავე თანმიმდევრობით უნდა სრულდებოდეს, რაც ძილის განწყობის შემუშავებას ემსახურება
  • საწოლში მაშინ უნდა დაწვეს, როცა ნამდვილად ეძინება, მაგრამ ჯერ კიდევ ფხიზელია, ეს დაეხმარება მისი საწოლის ძილთან ასოციაციის გამყარებაში;
  • იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მშფოთვარეა და ძილის და სიბნელის შიში აქვს, ეცადეთ, მასთან შეთანხმებით გადაალაგოთ ავეჯი ისე, რომ მის მხედველობის ველში არ ხვდებოდეს ჩრდილები და ანარეკლები;
  • ძილის გადავადების პრობლემის დროს გამოიყენეთ მკვეთრი განათება, გადაწიეთ ფარდები დილით ან გამოიყენეთ ლედ განათების ნათურები, რაც ძილის ჰორმონს ბლოკავს და გამოღვიძებას ასტიმულირებს, საღამოობით კი პირიქით, შეზღუდეთ სინათლის წყაროები, ეკრანები. დროთა განმავლობაში ეს ხელს შეუწყობს ნორმალური ცირკადული რიტმის ჩამოყალიბებას;
  • გამოიყენეთ განმამტკიცებლების სისტემა (სტიკერები და ა.შ) პატარებთან შუადღის ძილის შესანარჩუნებლად;
  • ძილის წინ ბავშვთან დამშვიდობება უნდა იყოს ტკბილი და ხანმოკლე;
  • თუ ბავშვს ცხვირით სუნთქვის პრობლემა აქვს და მშრალი ყელი ხშირად აღვიძებს, წყალი ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მის მოპოვებაზე დიდი დრო არ უნდა იხარჯებოდეს, რომ არ გამოფხიზლდეს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური ​

წაიკითხეთ სრულად