Baby Bag

ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით ადრეულ ასაკში აფერხებს

ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით ადრეულ ასაკში აფერხებს
როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.

- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?

- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?

- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.

- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)

- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.

- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?

- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.

- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?

- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი მის წონაზე უდიდეს გავლენას ახდენს

ბავშვის მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი მის წონაზე უდიდეს გავლენას ახდენს
ბავშვთა ასაკში ჭარბწონიანობა საკმაოდ ​გახშირდა. აღნიშნული პრობლემის მიზეზებს მეცნიერები დიდი ხანია აქტიურად იკვლევენ. უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში სიმსუქნის პრობლემების უმთავრესი გამომწვევი მიზეზი ცხოვრების არასწორი სტილი და მოუწესრიგებელი დღის განრიგია. განსაკუთრებით საყურადღებო ამ მხრივ ძილის რეჟიმის დარღვევაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებისა და მოსვენების სწორ უნარ-ჩვევებსაც.

ჭარბწონიანობის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი მის წონაზე უდიდეს გავლენას ახდენს. თუ ბავშვს ძილი არ ჰყოფნის, არასწორად იკვებება და დიდ დროს უთმობს კომპიუტერს, დიდია ალბათობა იმისა, რომ თინეიჯერობის ასაკში ის ჭარბწონიანობის პრობლემის წინაშე დადგეს. მეცნიერების დასკვნით, აუცილებელია ჩვენი შვილები ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ადრეული ასაკიდან მივაჩვიოთ.

ჭარბწონიანობის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და მასში 11 000 ბავშვი იღებდა მონაწილეობას. აღმოჩნდა, რომ ძილის მოწესრიგებული რეჟიმი 3 წლამდე ასაკის ბრიტანელი ბავშვების მხოლოდ 41 %-ს აქვს, ჯანსაღი კვების პრინციპებს მხოლოდ კვლევაში მონაწილე ბავშვების ნახევარი იცავდა, ხოლო კომპიუტერთან გატარებულ დროს მშობლები მხოლოდ ბავშვების 23 %-ს უკონტროლებდნენ. კვლევაში მონაწილე 11 წლამდე ასაკის ბავშვების 6 %-ს სიმსუქნის პრობლემა ჰქონდა. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სკოლამდელ ასაკში ძილის, მოსვენებისა და კვების განსაზღვრული რუტინა არ ჰქონია. ბავშვთა ასაკში სიმსუქნის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პატარას ძილის მოწესრიგებული რეჟიმი ჰქონდეს. ძილის გავლენა მეტაბოლიზმზე დღემდე სრულყოფილად არ არის შესწავლილი, თუმცა უძილობასა და ჭარბწონიანობას შორის არსებულ უტყუარ კავშირს უამრავი კვლევა ადასტურებს.

ბავშვები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ არაჯანსაღ საკვებს და დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანთან, თინეიჯერობის ასაკში, შესაძლოა, სიმსუქნის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. სამი უმთავრესი შეზღუვდა, რომელიც მშობლებმა ბავშვებს უნდა დაუწესონ, შემდეგია: ბავშვმა არ უნდა ჭამოს განუსაზღვრელი რაოდენობის არაჯანსაღი საკვები, არ უნდა დაიძინოს მაშინ, როდესაც მოესურვება და დიდი დრო არ დაუთმოს ტელევიზორს, კომპიუტერს ან სმარტფონს.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის უახლესი გაიდლაინების მიხედვით 4-12 თვემდე ასაკის ბავშვებმა 24 საათიდან 12-16 საათი მაინც ძილში უნდა გაატარონ, 1-2 წლის ასაკის პატარას 11-14 საათი უნდა ეძინოს, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებს დღე-ღამეში მინიმუმ 10-13 საათიანი ძილი ესაჭიროებათ, 6-12 წლის ბავშვს სრულყოფილი დასვენებისთვის 9-12 საათიანი უწყვეტი ძილი სჭირდება, თინეიჯერებმა კი ძილისთვის 8-10 საათი მაინც უნდა გამოყონ. ძილის მოწესრიგებული რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ძილის უკმარისობა ბავშვებში სიმსუქნის რისკების გარდა, სხვა და სხვა დაზიანების მიღების, მეხსიერების და სწავლის უნარის გაუარესების, ასევე სასკოლო ასაკში დეპრესიის ჩამოყალიბების რისკებსაც ზრდის. ძილის უკმარისობა განსაკუთრებით სახიფათოა მეტისმეტად ემოციური ბავშვებისთვის, რომლებიც თვითდაზიანებისკენ არიან მიდრეკილები.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით ბავშვის ოთახში ტელევიზორის ან კომპიუტერის მოთავსება დაუშვებელია. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 
წაიკითხეთ სრულად