Baby Bag

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?
- დასწავლის უნარის დარღვევა ზოგადი სახელწოდებაა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების წერის, კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რაც გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების სპეციფიკურობით. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეთა 5-15%-ს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს.
დისლექსია, იგივე კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა. სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვის სწორად ამოკითხვაში, კითხვის ტემპსა და წაკითხულის გააზრებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი კითხვის დროს შეიძლება უშვებდეს შეცდომებს ასოების ან სიტყვის ამოკითხვაში, ვერ აერთიანებდეს მარცვლებს, კითხულობდეს ნელა ან ძალიან სწრაფად და მიხვედრით. წერის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, ასევე, წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი შეიძლება ამატებდეს, ტოვებდეს, ანაცვლებდეს სიტყვაში ასოებს. ჰქონდეს ფურცელზე სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე. უშვებდეს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, წინადადებების წყობა იყოს გაუმართავი, ნაწერში ნათლად არ იკითხებოდეს აზრი. მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში. უფრო კონკრეტულად, ჰქონდეს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ამოცანის ამოხსნისას ურევდეს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობას.
- რა შეიძლება იყოს დასწავლის უნარის დარღვევის მიზეზი?
დასწავლის უნარის დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევაა და საფუძვლად ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკური დეფიციტი უდევს. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხავა გენეტიკური, სამედიცინო და გარემო ფაქტორები.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნები?
- სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებში ხდება, როდესაც მოსწავლეს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური უნარები. თუმცა, შესაძლოა თავიდანვე არ იყოს გამოხატული აკადემიური სირთულეები და თავი იჩინოს მოგვიანებით. დასწავლის უნარის დარღვევის მახასიათებლების გამოვლენა ასაკის მიხედვით განსხვავებულია. სკოლამდელ ასაკში ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს ისეთი თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას, არ აქვს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი, არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება, აქვს ფერების, ფორმების, საგნების დასახელების დამახსოვრების სირთულე, აქვს მითითების გაგების და შესრულების სირთულე. დაწყებით კლასებში აქვს ასოების დამახსოვრების და ამოკითხვის სირთულე, რის გამოც შეიძლება კითხვისას სიტყვაში ტოვებდეს, ანაცვლებდეს ასოებს, კითხულობდეს ნელა და ხარჯავდეს დიდ ძალისხმევას ან კითხულობდეს სწრაფად და მიხვედრით და შესაბამისად, უშვებდეს ბევრ შეცდომას. საუბრისას ჰქონდეს აზრის ჩამოყალიბების სირთულე, ჰქონდეს ასაკის შეუსაბამო, მწირი ლექსიკური მარაგი, ფაქტების დამახსოვრების, წერის, საათის ცნობის და დროის ორგანიზების სირთულე, თანატოლებთან შედარებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდეს სწავლის პროცესში და მიუხედავად ამისა, არ ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დროს ინტელექტის მაჩვენებელი ძირითადად ნორმის ფარგლებშია, ამიტომ ხშირად აღნიშნული სპეციფიკური სირთულეების იდენტიფიცირება რთულდება.
- როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს?
- თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სირთულეები და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად სწავლაში არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, მიმართეთ კლინიკურ ნეიროფსიქოლოგს ან კლინიკურ ფსიქოლოგს. შეფასების პროცესში ასევე შეიძლება ჩაერთოს განათლების ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი.
- შესაძლებელია თუ არა სპეციალისტის დროული ჩარევის შედეგად ეს პრობლემა სრულიად მოგვარდეს?
- დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული შეფასების და ინტერვენციის შედეგად, ადამიანები აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. სწავლება ეფუძნება უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას და ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგჯერ ბებიებს ეშინიათ, რომ მშობლები ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევენ, თუმცა მშობელი ყოველთვის ართმევს თავს, თუკი დავაცდით,“- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბავშვის ცხოვრებაში ბებიებისა და ბაბუების როლზე საუბრობს:

„ბებიისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ მისი მოვალეობა არ არის დისციპლინა. თუ მშობლები არ არიან ადგილზე და ბებოს უწევს დედის როლის შესრულება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვაგვარადაა. მსგავს შემთხვევაში წესრიგის შეთავაზებაც აუცილებელია და რაღაც როლის შეთავსებაც, რომელიც რეალურად ბუნებრივი როლი არ არის ბებიასთვის. როდესაც მშობლები ადგილზე არიან, მათი კომპეტენციაა ბავშვმა კბილები რამდენჯერ გაიხეხოს, მათი ვალია ბავშვს წესრიგისკენ მოუწოდონ. ამ დროს ბებოს რჩება ყველაზე გემრიელი წილი, მას შეუძლია უბრალოდ დატკბეს ამ საოცრებით. როდესაც ამბობენ, რომ შვილიშვილი შვილზე ტკბილია, ასე იმიტომ არის, რომ ბავშვი შენი შვილისაა, შენ ამ სასწაულს უყურებ და საოცრება ხდება.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, დედას და ბებიას ბავშვის ცხოვრებაში განსხვავებული როლები აქვთ:

„როდესაც დედა ხარ, მეტ რამეზე ღელავ. ფიქრობ, რამდენად სწორად შეარჩიე საკვები, რამდენად სწორად აკეთებ ყველაფერს. ბებოს კი წილად ხვდება მხოლოდ ბედნიერება. თუ ბავშვს მშობლები ცოცხალი ჰყავს, სჯობს ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა ბებიას არ დაეკისროს. საქართველოს რეალობაში ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, რომ ძალიან ნაადრევი ქორწინებაა და ბებიებს ეშინიათ, რომ მშობლები ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევენ, თუმცა მშობელი ყოველთვის ართმევს თავს, თუკი დავაცდით.“

ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ბებიას და ბაბუას მშობლისგან დასჯილი ბავშვის გამოქომაგების და დაცვის მოთხოვნილება აქვთ, რაც ნორმალურია:

„ბავშვს შეუძლია ბებია-ბაბუასთან გაიქცეს და მათ შეაფაროს თავი, როდესაც მშობლები უბრაზდებიან. მე არ ვთვლი, რომ ეს დანაშაულია, რადგან ყველაზე სისხლისმსმელ დამნაშავეებსაც კი ჰყავთ ადვოკატები. შენს პანაკოტას და ფუნთულას რომ გადააფარო ხელი, ამით არაფერი შავდება. როდესაც ბებია და ბაბუა ბავშვს ექომაგებიან, ამით არათნმიმდევრულ აღზრდასთან არ მივდივართ. სტანდარტულ შემთხვევაში ბებია და ბაბუა აღზრდასთან ნაკლებად ასოცირდებიან. ბებია და ბაბუა ბავშვს მხარდაჭერას რომ უცხადებენ, ეს ნორმალურია და აუცილებელიც კია. მსგავსი მოდელი ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება. ჩვენ უნდა გქვონდეს სამყაროს განცდა, როგორც მფარველის, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უნდა ცუდები ვიყოთ, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც შეგვიფარებს. როდესაც ცხოვრების დიდ ზღვაში გავდივართ, მთელმა სამყარომ რომ ზურგი შეგვაქციოს, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ჩვენს გვერდით იქნება. ადამიანი არასდროსაა ბოლომდე მიტოვებული.“

„ბებია და ბაბუა თუ სისტემატურად ერევიან მშობლის და ბავშვის ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც ბავშვი ადგილზე არ იქნება, უფროსებმა ცალკე უნდა მოილაპარაკონ,“ - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

წაიკითხეთ სრულად