Baby Bag

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?
- დასწავლის უნარის დარღვევა ზოგადი სახელწოდებაა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების წერის, კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რაც გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების სპეციფიკურობით. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეთა 5-15%-ს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს.
დისლექსია, იგივე კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა. სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვის სწორად ამოკითხვაში, კითხვის ტემპსა და წაკითხულის გააზრებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი კითხვის დროს შეიძლება უშვებდეს შეცდომებს ასოების ან სიტყვის ამოკითხვაში, ვერ აერთიანებდეს მარცვლებს, კითხულობდეს ნელა ან ძალიან სწრაფად და მიხვედრით. წერის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, ასევე, წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში. უფრო კონკრეტულად, ბავშვი შეიძლება ამატებდეს, ტოვებდეს, ანაცვლებდეს სიტყვაში ასოებს. ჰქონდეს ფურცელზე სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე. უშვებდეს ბევრ გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომას, წინადადებების წყობა იყოს გაუმართავი, ნაწერში ნათლად არ იკითხებოდეს აზრი. მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევის დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში. უფრო კონკრეტულად, ჰქონდეს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ამოცანის ამოხსნისას ურევდეს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობას.
- რა შეიძლება იყოს დასწავლის უნარის დარღვევის მიზეზი?
დასწავლის უნარის დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევაა და საფუძვლად ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკური დეფიციტი უდევს. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხავა გენეტიკური, სამედიცინო და გარემო ფაქტორები.
- რა არის დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნები?
- სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებში ხდება, როდესაც მოსწავლეს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური უნარები. თუმცა, შესაძლოა თავიდანვე არ იყოს გამოხატული აკადემიური სირთულეები და თავი იჩინოს მოგვიანებით. დასწავლის უნარის დარღვევის მახასიათებლების გამოვლენა ასაკის მიხედვით განსხვავებულია. სკოლამდელ ასაკში ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს ისეთი თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას, არ აქვს ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი, არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება, აქვს ფერების, ფორმების, საგნების დასახელების დამახსოვრების სირთულე, აქვს მითითების გაგების და შესრულების სირთულე. დაწყებით კლასებში აქვს ასოების დამახსოვრების და ამოკითხვის სირთულე, რის გამოც შეიძლება კითხვისას სიტყვაში ტოვებდეს, ანაცვლებდეს ასოებს, კითხულობდეს ნელა და ხარჯავდეს დიდ ძალისხმევას ან კითხულობდეს სწრაფად და მიხვედრით და შესაბამისად, უშვებდეს ბევრ შეცდომას. საუბრისას ჰქონდეს აზრის ჩამოყალიბების სირთულე, ჰქონდეს ასაკის შეუსაბამო, მწირი ლექსიკური მარაგი, ფაქტების დამახსოვრების, წერის, საათის ცნობის და დროის ორგანიზების სირთულე, თანატოლებთან შედარებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდეს სწავლის პროცესში და მიუხედავად ამისა, არ ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევის დროს ინტელექტის მაჩვენებელი ძირითადად ნორმის ფარგლებშია, ამიტომ ხშირად აღნიშნული სპეციფიკური სირთულეების იდენტიფიცირება რთულდება.
- როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს?
- თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სირთულეები და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად სწავლაში არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, მიმართეთ კლინიკურ ნეიროფსიქოლოგს ან კლინიკურ ფსიქოლოგს. შეფასების პროცესში ასევე შეიძლება ჩაერთოს განათლების ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი.
- შესაძლებელია თუ არა სპეციალისტის დროული ჩარევის შედეგად ეს პრობლემა სრულიად მოგვარდეს?
- დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა ადრეული შეფასების და ინტერვენციის შედეგად, ადამიანები აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას. სწავლება ეფუძნება უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას და ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„აღზრდის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, როდესაც ბავშვის მიმართ თანაბარი ზრუნვა და კონტროლია,“ - ფსიქოლოგი მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვის აღზრდის პროცესში კონტროლისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონტროლის სიჭარბე აღზრდის ავტორიტარულ სტილზე მიგვანიშნებს:

„რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის აღზრდის პროცესში კონტროლი აჭარბებს ზრუნვას? ამ დროს ბავშვს ენიჭება პასუხისმგებლობა. ბავშვთან ინტერაქცია ასეთია: „მე არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, რას განიცდი, გააკეთებ რასაც გეუბნები!“ რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალადობრივი დამოკიდებულებაა. ბავშვი ძალიან თავისუფალი და ლაღი არსებაა. ძალიან რთულია, რომ მას გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა. რა თქმა უნდა, ეს ხდება იძულების ხარჯზე. იმის ხარჯზე, რომ ან ფიზიკურად ძალადობენ ბავშვზე, ან ემუქრებიან, ან ემოციურად ძალადობენ მასზე. ემოციური ძალადობის საინტერესო შემთხვევაა, როდესაც დედა ეუბნება შვილს: „შენ თუ ამას არ შეჭამ, გული გამისკდება!“ ხშირ შემთხვევაში პატარა ნიუანსები, რომლებიც ზრუნვის მინიმიზირებას ახდენს და აქცენტირებულია კონტროლზე, ძალადობრივ დამოკიდებულებას წარმოქმნის. ეს არის ავტორიტარული აღზრდა.“

მაია ცირამუას თქმით, ზოგჯერ მშობლების მხრიდან ზრუნვა მნიშვნელოვნად ჭარბობს კონტროლს:

„რა ხდება მაშინ, როდესაც ზრუნვა ჭარბობს და ბავშვის პასუხისმგებლობა დაბალია? ეს ძალიან ჩვეულია ქართული კულტურისთვის. ასეთი ტიპის მშობლებს ჩვენ ჰელიკოპტერ მშობლებს ვეძახით, ვერტმფრენ მშობლებს, რომლებიც მუდამ თავს დასტრიალებენ თავიანთ შვილებს. ბავშვებს ყველაფერი აქვთ (სითბო, სიყვარული, შექება) გარდა საკუთარი ხელებისა. ყველგან არის მშობლის უხილავი ან ხილული ხელი. ასეთ აღზრდას ჩვენ ჰიპერმეურვეობით აღზრდას ვეძახით. ასეთი აღზრდის პირობებში ადამიანს არ აქვს საკუთარი მეს განცდა, სიცარიელეა თითქოს. მშობლის გარეშე მისი ცხოვრება ინგრევა, ის არაფერს წარმოადგენს. ასეთი ადამიანები ხშირად გარბიან დეპრესიაში, წამალდამოკიდებულებაში. ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს.“

მაია ცირამუა აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის ყველაზე მტკივნეული უგულებელყოფაა:

„ყველაზე მტკივნეულია, როდესაც ბავშვი არის უგულებელყოფილი, ეს ფიზიკურ ტკივილსაც კი ჰგავს. ამ დროს არც პასუხისმგებლობის მინიჭება ხდება და არც ზრუნვა - ეს არის აღზრდის ყველაზე უფრო მტკივნეული ფორმა. ძალიან გავრცელებულია ემოციური უგულებელყოფის მაგალითებიც. შეიძლება ბავშვის ფიზიკური საჭიროებები დაკმაყოფილებული იყოს, მაგრამ ის ემოციურად უგულებელყოფილად გრძნობდეს თავს, არ იყოს მხარდაჭერილი, არ იყოს დანახული. ჩვენ ვმუშაობთ, ბავშვი მოდის, რაღაცას გვეკითხება, ან არ გვესმის, ან არ გვცალია, რომ ვუპასუხოთ. ის რაღაც გულისტკივილს გვიზიარებს, ჩვენ არ გვცალია, რომ მოვუსმინოთ. ესეც უგულებელყოფის და ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ბავშვი მოდის და გეუბნებათ, რომ კლასელი ჩაგრავს. თქვენ პასუხობთ: „შენ თვითონ მოაგვარე!“ ეს მისი საჭიროების უგულებელყოფაა. არამხარდამჭერი დამოკიდებულება ძალადობაა.“

„აღზრდის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, როდესაც ბავშვის მიმართ თანაბარი ზრუნვა და კონტროლია. მე ბავშვს პასუხისმგებლობასაც ვანიჭებ, მას აქვს სტრუქტურა, ჩარჩო, რომელშიც მან უნდა იმოძრაოს. ამ სტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არასტრუქტურირებული დღე, როდესაც არ იცის ბავშვმა, როდის უნდა დაიძინოს, სერიოზულ შფოთვით პრობლემებს იწვევს. პასუხისმგებლობები, რომლებსაც ბავშვს ასაკის შესაბამისად ვანიჭებთ, მისი უსაფრთხოებისა და თვითეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან მნიშვნელოვანია თანაბარი დოზით ზრუნვა, მოსმენა, ბავშვის აზრის გათვალისწინება და მხარდაჭერა,“ - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ​არტარეა

წაიკითხეთ სრულად