Baby Bag

რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან?

რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან?

რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

- რა არის მზის დაკვრა და როგორ ვითარდება?

- ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების და გარემოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება - სხეულის ტემპერატურის მომატება, გადახურება ანუ მზის დაკვრა. როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას ხდება გადახურება. არაადეკვატური თერმორეგულაცია იწვევს შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.

- მზის დაკვრის მხრივ ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფში ხომ არ შედიან?

- მზის დაკვრა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: ბავშვები და მოხუცები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.

რა სიმპტმებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში?

  • სხეულის ტემპერატურის მომატება, 40*C- მდეც კი;
  • გულისრევა, პირღებინება;
  • ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
  • კანი მშრალი, წითელი და ცხელია;
  • სუნთქვა გახშირებულია და პულსი ტაქიკარდიული;
  • მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულყრა და უგონო მდგომარეობაც კი;

- როგორ დავეხმაროთ პატარას?

  • პირველ რიგში, ბავშვი გადაიყვანეთ გრილ ადგილას - ჩრდილში ან გრილ ოთახში;
  • გახადეთ ტანსაცმელი;
  • გადაავლეთ გრილი წყალი ან დაადეთ ცივი საფენები (თავზე, კისერზე, საზარდულის არეში);
  • მიეცით სითხე ან ელექტროლიტები დიდი რაოდენობით;
  • სიცხის დამწევი მედიკამენტი - მაღალი ცხელების შემთხვევაში;
  • აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება (112).

- როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დაკვრა?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მზის დაკვრის საშიშროება. თავდაპირველად, მოარიდეთ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნას და ჩააცვით გარემოს ტემპერატურის შესაბამისი ტანსაცმელი. განსაკუთრებით მოერიდეთ მზეზე ყოფნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პერიოდში - 11:00-17:00-მდე. წაუსვით თქვენს პატარებს კანზე მზის დამცავი საშუალებები 50-SPF დაცვით, თავზე დააფარეთ ღია ფერის ქუდი და დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად