Baby Bag

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს უნდა აუკრძალო, აკრძალვები ბავშვს ზრდის, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს საზრისი,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი ბავშვის სწორად აღზრისთვის წესრიგის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილები წესრიგს აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ:

„პედაგოგი ის კი არ არის, ვინც ინფორმაციას კარგად ფლობს, არამედ ის, ვისაც უყვარს ეს ინფორმაცია. ხდება არაცნობიერი გადაცემა, დაინტერესება, ბავშვი გრძნობს ამას. მომვლელები, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ასეთ რამეს მეუბნებიან: შვიდ საათზეა საჭმელი, ბავშვმა არ შეჭამა, მოვიდა რვის ნახევარზე და ითხოვს ჭამას. მას უარს ეტყვიან, რადგან ჭამა უწევდა შვიდზე და არ შეჭამა. მისცემენ კეფირს, ან რამე მსუბუქს და გაუშვებენ დასაძინებლად. გამორიცხულია, რომ მას ამ დროს აჭამონ. ჩვენ თავისუფლება, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, გავიაზრეთ, როგორც წესებისგან თავისუფლება, აღვირახსნილობა.“

რეზო კორინთელის თქმით, ბავშვი რომ განვითარდეს, მას რაციონალური აკრძალვები უნდა დავუწესოთ:

„ბავშვს უნდა აუკრძალო. დოლტო წერდა (ფრანგული სკოლა), რომ აკრძალვები ბავშვს ზრდის. ამ აკრძალვებს უნდა ჰქონდეს საზრისი, თუ რატომ კრძალავ რაღაცას. უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენთან ბავშვი დაგეჯახება, გაგწევს, არ აქვს რიდი, იმიტომ, რომ იქვე დედა დგას, რომელიც ამბობს: „არაუშავს დაეჯახა, მოდი, გენაცვალე.“ ის ბავშვს წესრიგს არ აზიარებს.“

რეზო კორინთელი აცხადებს, რომ საქართველოში მამა დასუსტებულია, რაც წესრიგის ნაკლებობას განაპირობებს:

„ ჩვენთან მამა დასუსტებულია. მამას მოაქვს წესრიგი. თეთრ სახლთან პიონერებივით დგანან ბავშვები. პედაგოგს შეჰყავს თეთრ სახლში და უხსნის, სად იჯდა ლინკოლნი. ეს ბავშვები პატივს სცემენ თავიანთ მამებს. იქ ძლიერი მამები არიან. ვინ იტყვის ზედმეტს მამებზე?! მათ აქვთ წესრიგი, ჩვენ ეს არ გვაქვს. ჩვენ წესებს არ ვემორჩილებით.“

„თუ პედაგოგი თავის პირად აჩრდილს ფლობს, ეს ბავშვებზე გადადის. ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელი სამართლიანია. ბავშვი გრძნობს, რომ პედაგოგი ჩამქრალი თვალებით არ უყურებს და ანთებული აქვს თვალები, ამ დროს ბავშვიც აენთება. თუ პედაგოგი ამბობს: „ხომ იცი, დღეს რა დროა, ფული წყვეტს ყველაფერს,“ ის გასაგდებია სკოლიდან. წარმოიდგინეთ, რას ავრცელებს ბავშვებში. იმავეს ავრცელებს მშობელიც. არ ეუბნება პირდაპირ, მაგრამ ჟესტით გამოხატავს: „ჰა, შენ მანქანა.“ ამით შენ ანებივრებ მას, აფუჭებ, რომ ის მოქალაქე კი არ გახდეს, საზოგადოებისთვის სასარგებლო, არამედ სხვებისგან მოითხოვოს ყველაფერი. ყველას უთხრას: „მომე, მომე, მომე.“ რამდენი მშობელი იქცევა ასე, იმიტომ, რომ თვითონ სჯერა ამის,“ - აღნიშნავს რეზო კორინთელი.

წყარო: ​აზროვნების აკადემია



წაიკითხეთ სრულად