Baby Bag

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის კაპრიზულობასთან გამკლავების საუკეთესო გზა ჭირვეული ქცევის ნამდვილი მიზეზის დადგენაა

ბავშვის კაპრიზულობასთან გამკლავების საუკეთესო გზა ჭირვეული ქცევის ნამდვილი მიზეზის დადგენაა

კაპრიზულობა ყველა ბავშვს ახასიათებს, თუმცა ჭირვეულობას სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მიზანი და მიზეზი აქვს. მშობლების უდიდეს ნაწილს გამოუცდია უსიამოვნებები ბავშვებთან ურთიერთობაში. პატარები ხშირად უარს აცხადებენ ძილზე, ჭამაზე, ჩაცმაზე, სხვა ბავშვებისთვის სათამაშოების გაზიარებაზე. შესაძლოა, პატარები მეგობრებს კბენდნენ, ურტყამდნენ ან უყვიროდნენ, რაც მშობლისთვის რთულად ასატანი ქცევაა.

ყოველი მეორე დედა ვარდება უხერხულ მდგომარეობაში ბავშვის გამო, რომელიც ქუჩაში საჯაროდ აწყობს ისტერიკებს. პატარები მოულოდნელად ჭირვეულობას იწყებენ, ისეთ რამეს ითხოვენ, რის მიღებასაც ვერ შეძლებენ, ტირიან, ყვირიან და მშობლებს არ ემორჩილებიან. მსგავსი ინციდენტები მშობლისა და ბავშვის განწყობის გაფუჭებით, გამოუვალ მდგომარეობაში კი მშობლის მხრიდან ბავშვის დასჯით სრულდება.

მშობელს ბავშვის კაპრიზულობა ძალიან აშინებს. ისტერიკაში ჩავარდნილი პატარების დამშვიდება ძალიან რთული საქმეა. მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ კაპრიზულ ბავშვთან ძალის გამოყენება ან ხმამაღლა საუბარი არ ამართლებს. ჭირვეული ბავშვის იგნორირება მის ნეგატიურ ქცევას დადებითად ვერ გარდაქმნის. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც ბავშვის კაპრიზულობასთან გამკლავებას ცდილობს?

მთავარია, რომ ჭირვეულ ბავშვთან ურთიერთობისას მშობელმა ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოს. მართალია, ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ სხვაგვარად კაპრიზულ პატარას ვერ გაუმკლავდებით. როდესაც ბავშვი ჭირვეულობს, მისი ყურადღება სხვა საკითხზე უნდა გადაიტანოთ. მცირეწლოვანი შვილი თუ გყავთ, მას ჩიტი, ფისო ან რაიმე საგანი დაანახეთ, რომელიც ბავშვს მოსწონს. როდესაც ბავშვი დამშვიდდება, ჩაეხუტეთ და ძლიერად აკოცეთ.

მოზრდილი ბავშვის ჭირვეულობის შემთხვევაში მშობელი სხვაგვარად უნდა მოიქცეს. თუ თქვენს შვილს უკვე შეუძლია ნათქვამის გაცნობიერება, მასთან განსხვავებული სტრატეგიები გამოიყენეთ. თუ ბავშვი ჭირვეულობს და საკუთარი ახირებების დაკმაყოფილებას ითხოვს, მის პირდაპირ დადექით, თვალებში ჩახედეთ და დაჟინებით უყურეთ. შემდეგ მშვიდი და გაწონასწორებული ხმით უთხარით, რომ დამშვიდდეს. ბავშვს აუხსენით, რომ ის უკვე დიდია და ასაკის შესაბამისად უნდა მოიქცეს. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვს მომხდარზე აუცილებლად გაესაუბრეთ. ბავშვთან საუბარს დიალოგის ფორმა უნდა ჰქონდეს და ის არ უნდა დაემსგავსოს განრისხებული დედის მონოლოგს. მშობლებმა შემდეგი ოქროს წესი უნდა დაიმახსოვრონ: ბავშვთან თანასწორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. კაპრიზულ და ჭირვეულ ბავშვს არ უთხრათ, რომ მას არასდროს უყიდით სათამაშოს და რომ ის აღარ გიყვართ. თქვენს შვილს უთხარით, რომ გიყვართ, მაგრამ მისმა ჭირვეულმა ქცევამ გული გატკინათ. ბავშვს უთხარით, რომ მსგავსი ქცევა აღარ გაიმეოროს.

მოზრდილი ასაკის ბავშვთან ძალიან ამართლებს თამაშით სწავლება. თქვენს შვილთან ერთად თამაშით გააფორმეთ წერილობითი ხელშეკრულება, ბავშვმა წერილობით უნდა დადოს პირობა, რომ ჭირვეულობას შეწყვეტს. ამავე დროს, ხელშეკრულებაში თქვენც უნდა ჩაწეროთ, რა პირობების შესრულება გევალებათ. შეთანხმება აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

ჭირვეული ბავშვის ქცევის გამოსასწორებლად მას საკუთარი ემოციების ვერბალურად გადმოცემა უნდა ასწავლოთ. ბავშვთან ურთიერთობისას მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და კომპრომისზე წასვლა შეგეძლოთ. ბავშვის კაპრიზულობასთან გამკლავების საუკეთესო გზა ჭირვეული ქცევის ნამდვილი მიზეზის დადგენაა.

მომზადებულია​ bellakt-st.by- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად