Baby Bag

,,არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა, სპორტზე სიარული" - რჩევები მშობლებს

,,არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა, სპორტზე სიარული" - რჩევები მშობლებს

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მცირე ასაკში ბავშვის ,,იძულება", იაროს მან მუსიკაზე და როდის ხდება ეს პროცესი სტრესული - ამის შესახებ მომღერალმა, ნოდიკო ტატიშვილმა და პიანისტმა, სანდრო გეგეჭკორმა გადაცემაში ,,იმედის დღე" ისაუბრეს. მათ მსმენელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

,,ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია. ყველა მათგანი თავისებურად უნიკალური, ნიჭიერია. რთულია, ადრეულ ასაკში აღმოაჩინო, აქვს თუ არა ბავშვს სმენა. პირველი ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას - თუ ბავშვს იმ კონკრეტული მომენტისთვის არ აღენიშნება სმენა, არ არის მზანშეწონილი, მშობელმა მოახდინოს გავლენა. ერთი ბავშვი რომ ისეთ 9 ადამიანთან დავსვათ, რომელსაც კარგი სმენა აქვს, ეს ბავშვი აღმოაჩენს, რომ დანარჩენი 9 კარგად მღერის და მის შემთხვევაში რაღაც ისე ვერ არის და ისტრესება. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის და მინდა, ყველა მშობელს ვურიო მთელი გულით - არ დააძალოთ ბავშვს სიმღერა, სპორტზე სიარული ან რამე სხვა. ჩემთან რომ მოდიან ბავშვები, მათ ვეკითხევბი, თუ უყვართ სიმღერა და თუ უნდათ სიარული. თუ ბავშვს თვალები უციმციმებს და უხარია, ესე იგი, ის უნდა მოსულიყო. მე ვფიქრობ, რომ 4-5 წელი არის ოპტიმალური ასაკი, როდესაც ბავშვმა უნდა დაიწყოს სიმღერაზე სიარული, სურვილის შემთხვევაში", - ამბობს ნოდკო ტატიშვილი.

სანდრო გეგეჭკორი საუბრობს, თუ რა შემთხვევაში ხდება ამ მხრივ მეცადინეობა მოსაწყენი.

,,სად ამჟღავნებს მუსიკალურ ნიჭს ბავშვი - ან წაიღიღინებს რაიმე მელოდიას, რომელიც იმღერა სადმე ვინმემ და ის გონებაში დარჩა. მე 3-4 წლის ასაკში ვმღეროდი სიმღერებს და ალბათ აქედან ჩანდა, რომ მქონდა ნიჭი. 

როდესაც მეცადინეობ, ეს მოსაბეზრებელია და ჰგავს მასწავლებლის მიერ დავალების მიცემას, რომ რაღაც უნდა დაწერო ძალიან ბევრჯერ. ეს არის ერთი მომენტი და მეორეა, როდესაც ის გეუბნება, მოიძიო ინფორმაცია რომელიღაც ომის შესახებ და თვითონ ეძებ, არკვევ. თუ რაღაც მუსიკას აღიქვამ, როგორც გამების ერთობლიობას, ეს არის ძალიან მოსაწყენი და საათები ისე იწელება, ერთი სული გაქვს, მიატოვო ეს საქმიანობა", - ამბობს პიანისტი.


წყარო: ,​,იმედის დღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია. მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა,“ - შალვა ამონაშვილი

ცნობილი ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი სკოლის ძირითადი დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ საუბრობს, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სკოლა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებაა:

„მე არ ვიცი, როგორ გაუჩნდა ვიღაც მეცნიერს თავში აზრად, რომ სკოლისთვის დაერქმია სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება. სკოლა არ არის სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, თანაც ტერმინიც არასწორია: სასწავლო და მერე აღმზრდელობითი, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა. თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სკოლა მოსწავლისთვის კიბის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც ის თავისი სულიერებით უნდა ამაღლდეს:

„ამრიგად, რას ნიშნავს სიტყვა „სკოლა?“ ეს არ არის ჩვეულებრივი სიტყვა. მას ძალიან ღრმა ძირი აქვს, მომდინარეობს სანსკრიტიდან, მერე შეიჭრა ლათინურში და იქიდან მოგვივიდა ჩვენ. სკოლა (შუალე, სქულე) - ეს ტერმინი ერთი ფუძიდან მოდის. თარგმანში აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა: „სკოლა“ - კიბე, რომელზედაც მიემართება ჩვენი სული და სულიერება, ეს არის კიბე, რომელზეც მიემართება და მაღლდება ბავშვი თავისი სულიერებით. მაშინ თუ სკოლა კიბეა, კითხვა უნდა გაგვიჩნდეს, თუ სად არის ეს კიბე? რომელიღაც ქუჩაზე? წარმოუდგენელია ასეთი კიბეები ქუჩაზე. სკოლა არის მასწავლებელი. ეს კიბე მასწავლებელშია.“

„კარგი მასწავლებელი კარგი კიბით მიდის. ცუდი მასწავლებელი ცუდი კიბით მიდის. ნიჭიერი მასწავლებელი ნიჭიერ კიბეს მიუშვერს ბავშვს, შემოქმედი მასწავლებელი შემოქმედ კიბეს მიუშვერს ბავშვს. ბავშვმა მასწავლებლის მეშვეობით უნდა გაიაროს ცხოვრება, შეიაროს ცხოვრებაში. მასწავლებელი არის როგორც ბროლის ფანჯარა, გახედავ და ყველაფერი ჩანს, მაგრამ შუშას ვერ ხედავ. ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი და მაშინ ხდება ის ბავშვისთვის კიბე და საყვარელი ადამიანი. ბავშვს ენატრება და უნდა ასეთი მასწავლებელი. მას არც ჩიჩინი უნდა დაჯექი და საშინაო დავალება მოამზადეო. აი, ეს არის სკოლის ნამდვილი აზრი. სკოლა მასწავლებელშია და არა შენობაში,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად