Baby Bag

რა იწვევს თვალის ჩაწირპვლას ბავშვებში და რა საშუალებებით მოვუაროთ სახლის პირობებში?

რა იწვევს თვალის ჩაწირპვლას ბავშვებში და რა საშუალებებით მოვუაროთ სახლის პირობებში?

რა იწვევს თვალის ჩაწირპვლას ბავშვებში და რა საშუალებებით მოვუაროთ სახლის პირობებში? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრ-ოფთალმოლოგი ნინო შარიქაძე.

- რა იწვევს თვალის ჩაწირპვლასდა სიწითლეს ბავშვებში?

- ბავშვებში თვალების სიწითლის და გამონადენის ყველაზე ხშირ მიზეზს კონიუნქტივიტი - თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი წარმოადგენს. ძირითადად გვხვდება ინფექციური (ბაქტერიული, ვირუსული, ქლამიდიური) ან ალერგიული გენეზის კონიუნქტივიტები.

ყველა ტიპის კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია თვალების სიწითლე - ჰიპერემია, გამონადენი, ხშირია წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში. შესაძლოა, ზოგიერთი ტიპის კონიუნქტივიტის დროს აღნიშნულ ჩივილებს დაემატოს თვალების ქავილი, შეშუპება და სინათლის შიში.

პაციენტის ანამნეზიდან და გამონადენის ტიპიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელი ტიპის კონიუნქტივიტი აღენიშნება ამა თუ იმ პაციენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ყვითელი ფერის, ბლანტი, ჩირქოვანი გამონადენი - ძირითადად, საქმე გვაქვს ბაქტერიული ტიპის კონიუნქტივიტთან.

გამჭვირვალე, ცრემლისმაგვარი გამონადენი, ძირითადად, აღინიშნება ალერგიული კონიუნქტივიტის დროს. ალერგიულ კონიუნქტივიტს ასევე, თან ახლავს ქავილი, ზოგჯერ თვალების შეშუპება და უხშირესად არის სიმეტრიული და ორმხრივი. ტიპიური ჩივილების არსებობა საშუალებას გვაძლევს მარტივად განვასხვავოთ ალერგიული კონიუნქტივიტი ბაქტერიულისგან.

რაც შეეხება ვირუსულ კონიუნქტივიტს, მისი ძირითადი გამომწვევი არის ადენოვირუსი, ამ დროს პაციენტს ძირითადად აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექცია. ძირითადად, პროცესი ამ დროსაც ორმხრივია, თუმცა, ხშირად არასიმეტრიული, პროცესი იწყება ერთ თვალზედა რამდენიმე დღეში ინფიცირდება მეორე. გამონადენი ძირითადად გვხვდება გამჭვირვალე- მუკოზური, თუმცა, თვალების ინტენსიურ სრესას შეიძლება მოჰყვეს მეორადად ბაქტერიული ინფექციის დართვა და გამონადენი გახდეს მოყვითალო ფერის. დროულად დაწყებული მკურნალობის გარეშე, ამ ტიპის კონიუნქტივიტი ხშირად იწვევს კერატიტს - რქოვანას ანთებით პროცესს, რაც მეტად სერიოზული მდგომარეობაა და ზოგჯერ იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას.

მინდა აღვნიშნო, რომ თვალების სიწითლე და მცირე რაოდენობით გამონადენი (ძირითადად გამჭვირვალე, ძაფისებრი) ყოველთვის არ მიუთითებს კონიუნქტივიტის არსებობაზე, ის შეიძლება გამოწვეული იყოს მშრალი თვალის სინდრომის არსებობითაც.

წლამდე ასაკის ბავშვებში კი ძალიან ხშირია საცრემლე არხის სრული ან ნაწილობრივი სტენოზის (შევიწროების) არსებობა, რასაც თან ახლავს უხვი ცრემლდენა, ხშირად კი მეორადად თანდართული ბაქტერიული ინფექცია იწვევს ყვითელი ფერის გამონადენს. ამ პრობლემას სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, ნაკლებეფექტურია წვეთების გამოყენება, ამიტომ არ უნდა აგვერიოს ბანალურ ანთებით პროცესში.

- რა საშუალებებით უნდა მოვუაროთ თვალს სახლის პირობებში?

- სახლის პირობებში აუცილებელია დავიცვათ ე.წ. თვალის ჰიგიენა.

გამონადენი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ დილის საათებში გვხვდება, ამის მიზეზი კი ღამის განმავლობაში ქუთუთოებზე დაგროვილი დიდი რაოდენობით ანთებითი ექსუდატის არსებობაა. სწორედ უხვი ნადების გამო, დილაობით ქუთუთოები ხშირად ერთმანეთზეა მიწებებული და პაციენტებს უჭირთ თვალების გახელა. ასეთ დროს საჭიროა, მოხდეს თვალის გასუფთავება ფიზიოლოგიური ხსნარით: გარედან - ქუთუთოების და ირგვლივ მდებარე კანის, ასევე, უშუალოდ, თვალის ლორწოვანი გარსის გასუფთავება (იგულისხმება თვალის ლორწოვანი გარსის გამორეცხვა, თვალში რამდენიმე წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება მანამ, სანამ არ მოხდება გამონადენისგან მისი სრულად გასუფთავება). მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე სუფთა თვალში ნებისმიერი მედიკამენტის ჩაწვეთება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩაის საფენების ან გვირილის საფენების ხმარება არ არის რეკომენდებული.

რესპირატორული ინფექციით გამოწვეული კონიუნქტივიტების დროს, პრობლემას აუარესებს ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ამ დროს, თვალთან ერთად აუცილებელია, პაციენტს ჩავუტაროთ ცხვირის ჰიგიენაც (გასუფთავება). ზოგადად, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ცხვირით სუნთქვის გაძნელებასთან (ადენოიდების, პოლიპების არსებობა), შეიძლება გახდეს მორეციდივე კონიუნქტივიტების არსებობის მიზეზი.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ მიმდინარეობს მკურნალობა პრობლემის გამწვავების შემთხვევაში?

- ბავშვთა ასაკში ნებისმიერი ოფთალმოლოგიური პრობლემის დროს, რა თქმა უნდა, უმჯობესია მკურნალობა ექიმის მიერ იყოს დანიშნული. მინდა ვთხოვო მშობლებს, გაითვალისწინონ, რომ მსუბუქი კონიუნქტივიტი და მცირე რაოდენობით გამონადენი ყოველთვის არ საჭიროებს ანტიბიოტიკის წვეთებით მკურნალობას. თვალს გააჩნია ადგილობრივი საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი, რისი წყალობითაც, ძალიან ხშირად, მხოლოდ ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შედეგად, ყველანაირი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე, საკმაოდ მოკლე პერიოდში შეგვიძლია მივიღოთ დადებითი შედეგი. ანტიბიოტიკების არარაციონალური, ხშირი გამოყენება სამომავლოდ, შეიცავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გაჩენის უდიდეს რისკს.

პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექიმი წყვეტს, რა სახის მკურნალობა უნდა დაინიშნოს. ზოგჯერ საჭირო ხდება თვალში, ადგილობრივად, ინექციური პროცედურების ჩატარება; არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს პერორალური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას. თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვთა ასაკში მიმდინარე კონიუნქტივიტებს ძალიან იშვიათად ახასიათებთ გართულება, 3-5-დღიანი ადგილობრივი მკურნალობის ფონზე, უმეტეს შემთხვევებში პრობლემა მარტივად მოგვარებადია.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

​რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად თამაში ბავშვის განვითარებისთვის?

რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად თამაში ბავშვის განვითარებისთვის? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.

- რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში ბავშვის განვითარებისთვის?

- თამაში ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. თამაშით ის საკუთარ თავს და გარე სამყაროს შეიმეცნებს. კერძოდ, თამაში ბავშვს ეხმარება ჩამოუყალიბდეს ნდობა ადამიანების და გარესამყაროს მიმართ, იგრძნოს თავი ბედნიერად, განუვითარდეს სოციალური უნარები, ენა და კომუნიკაცია, შემეცნებითი და მოტორული უნარები, ისწავლოს ემოციების რეგულაცია, ზრუნვა.

თამაშის კატეგორიზება ხდება ასაკის და თამაშის ფორმის მიხედვით. მაგალითად, გამოიყოფა 0-2 წლამდე ე.წ. მარტო თამაშის ეტაპი - ამ დროს ბავშვი ძალიან ბევრს ამოძრავებს ხელებს, ფეხებს და ამგვარად ცდილობს შეისწავლოს საკუთარი სხეულის შესაძლებლობები. იღებს ახალ სენსორული გამოცდილებას. 2 წლიდან იწყება ე.წ. პარალელური თამაშის ეტაპი, რა დროსაც ბავშვები თამაშობენ ერთნაირ თამაშს გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთთან ინტერაქცია ნაკლებია. 4 წლიდან იწყება თანამშრომლობითი თამაში - ამ დროს ბავშვები ერთად მოქმედებენ, ინაწილებენ აქტივობებს, როლებს. თამაშის ფორმის მიხედვით გამოიყოფაარასტრუქტურირებული და სტრუქტურირებული თამაში, თამაში შიდა და გარე სივრცეში,მარტო და გუნდური თამაში. სტრუქტურირებული თამაში უფრო მეტად ორგანიზებულია და მას ხშირად ხელმძღვანელობს ზრდასრული. არასტრუქტურირებული ე.წ. თავისუფალი თამაშის დროს ძირითადად ბავშვი წარმართავს პროცესს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად თამაში ბავშვის განვითარებისთვის?

- ზოგადად, როგორც სტრუქტურირებული, ასევე არასტრუქტურირებული, ანუ დამოუკიდებელი თამაში მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან სხვადასხვა ტიპის თამაშის გამოცდილება განსხვავებული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. რომ ვისაუბროთ კონკრეტულად დამოუკიდებლად თამაშის მნიშვნელობაზე, ამ დროს, ბავშვებს შემოქმედებითი უნარი მეტად უვითარდებათ. ამ პროცესში ისინი კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებენ, უჩნდებათ ინტერესი, ემატებათ მოტივაცია, ვითარდება ბავშვის მოთმინება და გამძლეობა, რაც ხელს უწყობს რომ უფრო კომფორტულად ითამაშონ მარტო და ამცირებს თანატოლების ზეგავლენას. ეს ეხმარება მათ იპოვონ საკუთარი გზა.

- როგორ შეუძლიათ მშობლებს წაახალისონ დამოუკიდებლად თამაში?

- პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს აქვს უსაფრთხო ადგილი სათამაშოდ. დამოუკიდებლად თამაშისას ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ გარემო და ეს დიდწილად საკუთარი ძალებით გააკეთონ, რათა განივითარონ თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. ამიტომ, უნდა „გავასუფთავოთ“ სათამაშო ადგილები პოტენციური საფრთხისგან და მთელი თამაშის განმავლობაში ვაკონტროლეთ პროცესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პატარა უსაფრთხოდ თამაშობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში.

მნიშვნელოვანია გამოიკვლიოთ ბავშვის ინტერესები და მისცეთ შესაბამისი სათამაშოები. მაგალითად, თუ სახლის აწყობა უნდა ლეგოებით, დარწმუნდით რომ ოთახში ხელმისაწვდომია ლეგოები და სხვა საჭირო სათამაშოები. პერიოდულად შეგიძლიათ მისცეთ მითითებები, დაეხმაროთ თუ სირთულის წინაშე დადგება, შეაქოთ და მოტივაცია აუმაღლოთ. მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი წესებით ითამაშოს და იყოს ლიდერი.

- რა გავაკეთოთ როდესაც ბავშვს არ უყვარს თამაში?

- არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები არ ერთვებიან მრავალფეროვან თამაშებში, ზოგჯერ ეს უბრალოდ ნაკლები მოტივაციითაა გამოწვეული, ზოგჯერ კი ეს შეიძლება განვითარების შეფერხების მაჩვენებელიც კი იყოს. განსაკუთრებით საყურდღებოა, როდესაც ბავშვი არ გადადის თამაშის ერთი ეტაპიდან მეორეზე ანუ, მაგალითად, როდესაც უკვე მოეთხოვება, როლური/ფუნქციური თამაში სხვა ბავშვებთან ერთად, მაგრამ ყოველთვის ირჩევს მარტო თამაშს, აქვს ძალიან შეზღუდული ინტერესები, არ იყენებს სათამაშოს ფუნქციას შესაბამისად. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ნიშნებით არ ხდება დარღვევის შეფასება, თუმცა საყურადღებოა და საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის გაჯეტებს, ეკარენზე დამოკიდებულასაც. ასეთ დროს ეცადეთ დააკვირდეთ ბავშვს და განმავითარებელი თამაშები მის ინტერესებს მოარგოთ. დაიწყეთ თამაში მცირე დროით და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო, მიჰყევით ბავშვის ტემპს.

გახსოვდეთ, რომ თამაშმა არ უნდა დაკარგოს გართობის ფუნქცია და არ უნდა გახდეს ბავშვისთვის მომაბეზრებელი ან სტრესის მომტანი. ამისათვის კი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები და შესაძლებლობები. არასწორად შერჩეულ სათამაშოს ან თამაშს შესაძლოა თან ახლდეს იმედგაცრუება, გაღიზიანება ან თამაშის თავიდან არიდების მცდელობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული თამაში იყოს ბავშვის ასაკის და განვითარების შესაბამისი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად