Baby Bag

რა იწვევს თვალის ჩაწირპვლას ბავშვებში და რა საშუალებებით მოვუაროთ სახლის პირობებში?

რა იწვევს თვალის ჩაწირპვლას ბავშვებში და რა საშუალებებით მოვუაროთ სახლის პირობებში?

რა იწვევს თვალის ჩაწირპვლას ბავშვებში და რა საშუალებებით მოვუაროთ სახლის პირობებში? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრ-ოფთალმოლოგი ნინო შარიქაძე.

- რა იწვევს თვალის ჩაწირპვლასდა სიწითლეს ბავშვებში?

- ბავშვებში თვალების სიწითლის და გამონადენის ყველაზე ხშირ მიზეზს კონიუნქტივიტი - თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი წარმოადგენს. ძირითადად გვხვდება ინფექციური (ბაქტერიული, ვირუსული, ქლამიდიური) ან ალერგიული გენეზის კონიუნქტივიტები.

ყველა ტიპის კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია თვალების სიწითლე - ჰიპერემია, გამონადენი, ხშირია წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში. შესაძლოა, ზოგიერთი ტიპის კონიუნქტივიტის დროს აღნიშნულ ჩივილებს დაემატოს თვალების ქავილი, შეშუპება და სინათლის შიში.

პაციენტის ანამნეზიდან და გამონადენის ტიპიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელი ტიპის კონიუნქტივიტი აღენიშნება ამა თუ იმ პაციენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ყვითელი ფერის, ბლანტი, ჩირქოვანი გამონადენი - ძირითადად, საქმე გვაქვს ბაქტერიული ტიპის კონიუნქტივიტთან.

გამჭვირვალე, ცრემლისმაგვარი გამონადენი, ძირითადად, აღინიშნება ალერგიული კონიუნქტივიტის დროს. ალერგიულ კონიუნქტივიტს ასევე, თან ახლავს ქავილი, ზოგჯერ თვალების შეშუპება და უხშირესად არის სიმეტრიული და ორმხრივი. ტიპიური ჩივილების არსებობა საშუალებას გვაძლევს მარტივად განვასხვავოთ ალერგიული კონიუნქტივიტი ბაქტერიულისგან.

რაც შეეხება ვირუსულ კონიუნქტივიტს, მისი ძირითადი გამომწვევი არის ადენოვირუსი, ამ დროს პაციენტს ძირითადად აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექცია. ძირითადად, პროცესი ამ დროსაც ორმხრივია, თუმცა, ხშირად არასიმეტრიული, პროცესი იწყება ერთ თვალზედა რამდენიმე დღეში ინფიცირდება მეორე. გამონადენი ძირითადად გვხვდება გამჭვირვალე- მუკოზური, თუმცა, თვალების ინტენსიურ სრესას შეიძლება მოჰყვეს მეორადად ბაქტერიული ინფექციის დართვა და გამონადენი გახდეს მოყვითალო ფერის. დროულად დაწყებული მკურნალობის გარეშე, ამ ტიპის კონიუნქტივიტი ხშირად იწვევს კერატიტს - რქოვანას ანთებით პროცესს, რაც მეტად სერიოზული მდგომარეობაა და ზოგჯერ იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას.

მინდა აღვნიშნო, რომ თვალების სიწითლე და მცირე რაოდენობით გამონადენი (ძირითადად გამჭვირვალე, ძაფისებრი) ყოველთვის არ მიუთითებს კონიუნქტივიტის არსებობაზე, ის შეიძლება გამოწვეული იყოს მშრალი თვალის სინდრომის არსებობითაც.

წლამდე ასაკის ბავშვებში კი ძალიან ხშირია საცრემლე არხის სრული ან ნაწილობრივი სტენოზის (შევიწროების) არსებობა, რასაც თან ახლავს უხვი ცრემლდენა, ხშირად კი მეორადად თანდართული ბაქტერიული ინფექცია იწვევს ყვითელი ფერის გამონადენს. ამ პრობლემას სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება, ნაკლებეფექტურია წვეთების გამოყენება, ამიტომ არ უნდა აგვერიოს ბანალურ ანთებით პროცესში.

- რა საშუალებებით უნდა მოვუაროთ თვალს სახლის პირობებში?

- სახლის პირობებში აუცილებელია დავიცვათ ე.წ. თვალის ჰიგიენა.

გამონადენი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ დილის საათებში გვხვდება, ამის მიზეზი კი ღამის განმავლობაში ქუთუთოებზე დაგროვილი დიდი რაოდენობით ანთებითი ექსუდატის არსებობაა. სწორედ უხვი ნადების გამო, დილაობით ქუთუთოები ხშირად ერთმანეთზეა მიწებებული და პაციენტებს უჭირთ თვალების გახელა. ასეთ დროს საჭიროა, მოხდეს თვალის გასუფთავება ფიზიოლოგიური ხსნარით: გარედან - ქუთუთოების და ირგვლივ მდებარე კანის, ასევე, უშუალოდ, თვალის ლორწოვანი გარსის გასუფთავება (იგულისხმება თვალის ლორწოვანი გარსის გამორეცხვა, თვალში რამდენიმე წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება მანამ, სანამ არ მოხდება გამონადენისგან მისი სრულად გასუფთავება). მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე სუფთა თვალში ნებისმიერი მედიკამენტის ჩაწვეთება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩაის საფენების ან გვირილის საფენების ხმარება არ არის რეკომენდებული.

რესპირატორული ინფექციით გამოწვეული კონიუნქტივიტების დროს, პრობლემას აუარესებს ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ამ დროს, თვალთან ერთად აუცილებელია, პაციენტს ჩავუტაროთ ცხვირის ჰიგიენაც (გასუფთავება). ზოგადად, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ცხვირით სუნთქვის გაძნელებასთან (ადენოიდების, პოლიპების არსებობა), შეიძლება გახდეს მორეციდივე კონიუნქტივიტების არსებობის მიზეზი.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ მიმდინარეობს მკურნალობა პრობლემის გამწვავების შემთხვევაში?

- ბავშვთა ასაკში ნებისმიერი ოფთალმოლოგიური პრობლემის დროს, რა თქმა უნდა, უმჯობესია მკურნალობა ექიმის მიერ იყოს დანიშნული. მინდა ვთხოვო მშობლებს, გაითვალისწინონ, რომ მსუბუქი კონიუნქტივიტი და მცირე რაოდენობით გამონადენი ყოველთვის არ საჭიროებს ანტიბიოტიკის წვეთებით მკურნალობას. თვალს გააჩნია ადგილობრივი საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი, რისი წყალობითაც, ძალიან ხშირად, მხოლოდ ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შედეგად, ყველანაირი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე, საკმაოდ მოკლე პერიოდში შეგვიძლია მივიღოთ დადებითი შედეგი. ანტიბიოტიკების არარაციონალური, ხშირი გამოყენება სამომავლოდ, შეიცავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გაჩენის უდიდეს რისკს.

პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექიმი წყვეტს, რა სახის მკურნალობა უნდა დაინიშნოს. ზოგჯერ საჭირო ხდება თვალში, ადგილობრივად, ინექციური პროცედურების ჩატარება; არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს პერორალური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას. თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვთა ასაკში მიმდინარე კონიუნქტივიტებს ძალიან იშვიათად ახასიათებთ გართულება, 3-5-დღიანი ადგილობრივი მკურნალობის ფონზე, უმეტეს შემთხვევებში პრობლემა მარტივად მოგვარებადია.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც“

„იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც“

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ავსტრიაში გასტრონომია, სასტუმრო, კლუბები, დასასვენებელი ობიექტები ყველაფერი გახსნილია და ამას ემატება „პირბადის გარეშე“ 1-ლი ივლისიდან.


პირბადე 1-ლი ივლისიდან მხოლოდ და მხოლოდ იქნება საზ. ტრანსპორტში და მუზეუმებში, რესტორანში არა, კლუბში არა, სასტუმროში არა.
ახლა მხოლოდ სასტუმროშია.

ავსტრიას აქვს ინციდენცი, ანუ 7 დღის მანძილზე ახლადინფიცირებულთა რაოდენობა 100.000 მოსახლეზე 7,6. ანუ, ეს ნიშნავს რომ, 100.000 მოსახლიდან დღეში 1 ახალი ინფექციაა. ავსტრიას ტურისტების ბუმი აქვს, განსაკუთრრებით, დიდ ქალაქებს. და ეს უკვე მაისის დასაწყისიდან ანუ უკვე 2 თვეა. 

ეს ფაქტები დადეთ ახლა ერთ მხარეს. მეორე მხარეს კი დადეთ აი ეს ინფორმაცია - ავსტრიის ჯანდაცვის განცხადებით, ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% არის დამტკიცებულად და გენეტიკურად დელტა ვირუსი.

ახლა კი, მესამე მხარეს დადეთ აი ეს ინფორმაცია - მსოფლიო ჯანდაცვის და დიდი ბრიტანეთის ვირუსოლოგთა ვარაუდით, ინდური ვარიანტი დელტა ვირუსი არის განსაკუთრებით სწრაფად გადამდები. ამიტომ ჩაიკეტა დიდი ბრიტანეთი თუ იკეტება.

და კიდევ ერთი ინფორმაცია - მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, ინდოეთს 1 მილიონ მოსახლეზე ჰყავს 21.800 ახლადინფიცირებული და 281 გარდაცვლილი. შედარებისათვის, ამერიკის შეეღტებულ შტატებს 103.000 და 1.861 არის შესაბამისი რიცხვები. გერმანიაში 44.500 და 1.090 ბრაზილიას საერთოდ 86.060 და 2.400. ანუ, იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც.

თუ ასე „უსწრაფესად გადამდებია“, ავსტრიამ 15%-იანი დელტა ვირუსის ქვოტით, როგორ მოახერხა და ისე დაამუხრუჭა იფექცია, რომ 7-დღიანი ინფექციის ინციდენცის რიცხვი 7-მდე დააგდო და ყველაფერს ხსნის?

ან დელტა ვირუსვარიანტი (და არა მუტანტი, რამეთუ, მუტანტია დამოუკიდებლად მოარსებე ცოცხალი ორგანიზმი და სხვა ყველაფერს მუტაცია, ანუ ვარიანტი ჰქვია) არ ვიცით, რა და როგორია ან ეს ინფორმაციაა გადაჭარბებული და გაურჩხულებული. ან ბრიტანეთია პანიკაში და მთელი მსოფლიო პანიკის ახალი სპირალისაკენ მიდის.

სხვათა შორის,  გერმანიის ყველაზე დიდი ბუნდესლანდის, 18-მილიონიანი ნორდრაინ ვესტფალენის ექიმთა ჟურნალში გამოქვეყნდა დიდი კვლევა, მთელი გასული წლისა და ამა წლის აპრილის ჩათვლით, რომელიც ეხება ბუნებრვ სიკვდილიანობას, კოვიდით სიკვდილიანობას, ჭარბსიკვდილიანობას და 80 წელზე ასაკოვან ადამიანთა რაოდენობას.

ბოლოდან დავიწყებ და თავიდანვე გეტყვით, რომ გერმანიაში დაახლოებით წლიურად 2,5-დან 3%-ით იზრდება 80 წელზე ასაკოვანთა ნაწილი და ეს ზრდა არ შეჩერებულა.

2017-დან 2021 წლის მაისამდე 80 წელს გადაცილებულთა ზრდა იყო წინა წლების მაქსიმუმი და შეადგინა 13%.

ზედმეტსიკვდილიანობა ამ გასული 16 თვიდან იყო მხოლოდ 4 თვე წინა წლებთან შედარებით და ეს თვეები იყო ორი ძლიერსიცხიანი ზაფხულის თვე შარშან და 2 ცივი ზამთრის თვე ანუ იანვარ-დეკემბერი.

საერთოდ კი, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაახლოებით, საშუალოდ 5%-ით იკლო, გარკვეულ თვეებში 15%-ითაც კი.

აი, იმ კვლევაში განსაკუთრებით უარყოფით კონტექსტშია მოხსენებული პანიკის თესვა და განსაკუთრებით ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტ ზოდერის საკმაოდ შავი გამოთქმა „წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ერთი თვითმფრინავი ვარდება ერთ დიდ ქალაქშიო“. აი, ამგვარი სიტუაცია არ ყოფილა და ავიაკატასტროფასთან შედარება უბრალოდ არასასიამოვნო უგემოვნებად ჩაუთვალეს ამ სახელმწიფო კვლევის ავტორებმა, ჰიგიენური და ინფექციური ინსტუტის დირექტორიატმა ნორდრაინ ვესტფალენის მიწის ქალაქ ესენიდან. იქაა ეს ინსტიტუცია განთავსებული.

ამ კვლევის ავტორების თანახმად, გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მთელ გერმანეულ სახელმწიფოზეც გამოკვლეული, ოღონდაც გერმანიის მასშტაბური კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულაო, შედეგები კი ზუსტად იგივეა, რაც ნრვ ს რურის მხარეშიო.

ანუ, ბუნდესრესპუბლიკური, ანუ საერთოგერმანული კვლევაც დასრულებულია, შედეგებიც იგივეა, ოღონდაც ჯერ არ გამოქვეყნებულაო.

ეს სტატია არის მხოლოდ ექიმებისათვის მისაწვდომი, ბოლო, მეშვიდე გამოცემაში და არაა არაპრინტულ სივრცეში. ალბათ რამდენიმე კვირაში იქნება. იმედი მაქვს, და გერმანიის მთლიან კვლევის შედეგებსაც დადებენ.

კიდევ ერთხელ, კვლევის ავტორია 18-მილიონიანი და ყველაზე დიდი ბუნდესლანდის ნრვს ეპიდემიოლოგიის ინსტუტი ქალაქ ესენში არსებული და მისი შეფები და სტატიის ავტორებია:

პროფესორი კარლ ჰაინც იოკელი

პროფესორი ანდრეას შტანგი

და კვლევის კოორდინატორია პრივატდოცენტი და ჰაბილიტირებული დოქტორი ამავე ინსტიტუტისა

ბერნდ კოვალი“

წაიკითხეთ სრულად