Baby Bag

მეგან მარკლმა, შესაძლოა, ძიძად კაცი აიყვანოს, რომლის ხელფასი 70 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება

მეგან მარკლმა, შესაძლოა, ძიძად კაცი აიყვანოს, რომლის ხელფასი 70 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება

​სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომლიც ფეხმძიმობის მე-9 თვეშია, მომავალი ბავშვისთვის ძიძას ეძებენ. ბრიტანული გამოცემა ​Mirror-ის ცნობით, სასექსის ჰერცოგინიას სურს, ძიძა ამერიკელი იყოს. ამასთან, მეგანი არ გამორიცხავს, ძიძად კაცის აყვანას.

„ისინი მოხარულები იქნებიან, თუ შეძლებენ შესაბამისი მამრობითი სქესის კანდიდატის მოძიებას. ძიძის საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებით, 70 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება, თუმცა ანაზღაურების ზუსტი რაოდენობა კანდიდატის გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული,“ - აღნიშნულია სტატიაში.

სამეფო ოჯახმა შესაბამისი კანდიდატი მომავალი 3 თვის განმავლობაში უნდა შეარჩიოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

7 საუკეთესო თამაში ბავშვის ინტელექტის ასამაღლებლად

7 საუკეთესო თამაში ბავშვის ინტელექტის ასამაღლებლად

თამაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ჩვენს სტატიაში​ იმ შვიდ თამაშს გაგ​აცნობთ, რომელიც პატარების ინტელექტის ამაღლებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

1. ექიმობანა

წარმოსახვითი თამაშები არამხოლოდ ინტელექტუალური განვითარებისთვის არის კარგი, ის სოციალურ უნარებსაც ხვეწს. ექიმობანას თამაში ბავშვს ემპათიურ პიროვნებად აყალიბებს. ბავშვი საკუთარი როლით ერთობა, ამასთან ის სხვაზე ზრუნვას და სხვისი ჯანმრთელობის გაფრთხილებასაც სწავლობს. ის სწავლობს ფიქრს, მისი თავდაჯერება მნიშვნელოვნად მატულობს, ენობრივი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები იხვეწება, წარმოსახვა და კრეატიულობაც უმჯობესდება.

2. მაკიაჟით თამაში

მაკიაჟით თამაში ​ბავშვის თავდაჯერებას მნიშვნელოვნად ზრდის. პატარებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ისეთ რამეს აკეთებენ, რაც უფროსების საქმედ ითვლება. თუ მათ თამაშისას შეაქებთ, ეს თვითშეფასებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს. ყურადღება ბავშვს ძალიან ახალისებს და თავს მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინებს.

3. სამაგიდო თამაში „ჯენგა“

„ჯენგას“ სერიოზული კონცენტრაცია სჭირდება. ის ხელისა და თვალის კოორდინირებულ მუშაობას აუმჯობესებს. აღნიშნული სამაგიდო თამაში ბავშვს მოთმინებას ასწავლის. გარდა ამისა, „ჯენგა“ კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ტვინისთვის იდეალური სავარჯიშოა.

4. ფაზლი

ფაზლი ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია ბავშვებისთვის. ის არამხოლოდ ​სიხარულს ანიჭებს პატარებს, არამედ მათი კოგნიტური უნარების განვითარებისთვის საუკეთესო აქტივობაა. ფაზლით ხშირად თამაში მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: დემენცია და ალცჰაიმერი.

5. სამაგიდო თამაში „საზღვაო ომები“

„საზღვაო ომებს“ ძალიან ბევრი ფიქრი, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება სჭირდება. ბავშვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევს, ის თამაშის მანძილზე ხშირად აკეთებს კრიტიკულ არჩევანს. აღნიშნული თამაში ერთ-ერთი საუკეთესოა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

6. ჭადრაკი

ჭადრაკი კიდევ ერთი სასარგებლო თამაშია, რომელიც ​ბავშვს ინტელექტუალურ წინსვლაში ეხმარება. პატარები მისი დახმარებით სტრატეგიულად და კრიტიკულად აზროვნებას სწავლობენ. ბავშვები, რომლებიც ჭადრაკს ხშირად თამაშობენ ინფორმაციის სწრაფად და მარტივად გადამუშავებას ეჩვევიან.

7. სამაგიდო თამაში „სიტყვობანა“

„სიტყვობანა“ ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში ეხმარება. პატარები, რომლებიც ასოებისგან სიტყვების შედგენას ხშირად თამაშობენ, ლექსიკური მარაგის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. თამაშის დროს ტვინის სხვადასხვა უბანია გააქტიურებული, რაც ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მომზადებულია:​ Brightside​.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად