Baby Bag

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

ბევრი ქალისთვის ჭურჭლის რეცხვა ნაკლებად სასურველ, რუტინულ სამუშაოსთან ასოცირდება, რომლის შესრულების გარეშეც, თავს მშვენივრად იგრძნობდნენ. თუმცა სინამდვილეში, ​ჭურჭლის რეცხვა ერთგვარი განტვირთვა ყოფილა.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჭურჭლის რეცხვა სტრესის გადალახვაში გვეხმარება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ჭურჭელს არა უაზროდ და საჩქაროდ, არამედ მზრუნველობით რეცხავენ. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენზე. სარეცხი საშუალების სასიამოვნო სუნი და თბილი წყალი კი უზრუნველყოფს მოსვენებას და აუმჯობებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ყოველივე ეს განაპირობებს ხანგრძლივ პოზიტურ განწყობას.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ჭურჭლის რეცხვისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როდესაც რეცხვის პროცესში იმ საქმეზე ფიქრობთ, რასაც აკეთებთ. კვლევის ავტორების თქმით, ჭურჭლის გააზრებული რეცხვა არა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს გვანიჭებს, არამედ თრგუნავს ნეგატივს, რაც დიდხანს ნარჩუნდება.

კვლევით დასტურდება, რომ ჭურჭლის რეცხვა 27%-ით ამცირებს სტრესს. ამასთანავე, 25%-ით იზრდება ფსიქიკური მდგომარეობის ხარისხი. ორივე ცვლილება ხელს უწყობს სიამოვნების მიღებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ჭურჭლის რეცხვისას სხვა რამეზე არ ფიქრობს. ხოლო, როცა ადამიანი სხვა თემებზე ფიქრითაა გატაცებული, ჭურჭლის რეცხვა შემაწუხებელი და დამღლელი პროცესია.

ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულებაა, რადგან იგი სრულებით ცვლის ზოგად სურათს. ჭურჭლის რეცხვა - უსიამოვნო რუტინული სამუშაო თუ სარელაქსაციო საშუალება? არჩევანი თქვენზეა.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

წაიკითხეთ სრულად